ჩიქოვანის 10 გოლი იტალიასთან მატჩების წინ

საქართველოს  ხელბურთის ნაკრების ლიდერები ბოლო მატჩებს მართავენ ევროპაში,  ევრო-2020-ის პირველი შესარჩევი ეტაპის მატჩების წინ იტალიასთან –  2 ნოემბერს სირაკუზაში და 6 ნოემბერს თბილისის სპორტის სასახლეში.

საუკეთესო ფორმაშია რუმინული კლუბის, დუნარეა კელერაშის ლიდერი, ირაკლი ჩიქოვანი. მართალია, მისი კლუბი 9 ტურის შემდეგ 11 ადგილზეა 9 ქულით და ბოლო მატჩიც წააგო ბუქარესტში, დინამოსთან – 28-32, მაგრამ ჩიქოვანი საუკეთესო იყო მოედანზე, რუმინეთის ჩემპიონის კარში გატანილი  10 გოლით, საშუალოდ კი თამაშში ხუთზე მეტი გააქვს – 50 გოლი 9 მატჩში.

7 ქულით მე-12 ადგილზეა ნაკრების მეკარის, შოთა თევზაძის რეშიცა, ვინც ბოლო ტურში სატუ მარესთან დამარცხდა 24-31. თევზაძეს და ჩიქოვანს თითო მატჩი აქვთ სათამაშო 26 და 27 ოქტომბერს, 1 ნოემბერს კი ნაკრებს შეუერთდებიან სიცილიის ქალაქ სირაკუზაში.

მაკედონიის ჩემპიონატს 7 თამაშიდან 16-16 ქულით ლიდერობენ ოხრიდი და რევაზ ჭანტურიას კლუბი, პელისტერი. მეექვსე ტურში ლიდერთა შეხვედრა  ფრედ, 26-26 დასრულდა, ყველაზე შედეგიანი კი იყო ქართველი გარემარბი – 7 გოლი. ამის შემდეგ პელისტერმა ბორეციც დაამარცხა – 29-26. 12 ქულით მეხუთე ადგილზეა ნაკრების კიდევ ერთი წევრის, თეიმურაზ ორჯონიკიძის გუნდი, პრილეპი. ორჯონიკიძემ ტრავმის გამო გამოტოვა მოგებული მატჩი რაბოტნიჩკისთან (39-29), მეშვიდე ტურში კი 4 გოლი გაიტანა ოხრიდთან წაგებულ თამაშში  – 21-28. ჭანტურიას და ორჯონიკიძეს ნაკრებთან შეერთებამდე კიდევ ერთი ტური აქვთ 29 ოქტომბერს.

საბერძნეთის პრემიერ ლიგაში ორი მატჩი მოიგო საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრის, ირაკლი კბილაშვილის კლუბმა აიიუ სერიფატომ – ედესის აეროპოსთნ (32-30) და ნიკეის არისთნ (30-24), 18 წლის ქართველმა კი 9 გოლი გაიტანა.  სერიფატოს 5 თამაშიდან 3 მოგება აქვს და მე-6 ადგილზეა. 

ეროვნული ნაკრების საქართველოში მოთამაშე ხელბურთელები კი დღეს იწყებენ ერთად ვარჯიშს სპორტკომპლექს არენაში. ხელბურთის ფედერაციის აღმასკომმა ნაკრების მთვარ მწვრთნელად ახლახან დაამტკიცა ბექა ორჯონიკიძე, რომელსაც უკვე უმუშავია ეროვნულ გუნდში ჯერ ჯორჯე რაშიჩისა და შემდეგ – ირაკლი კეკელიძის ასისტენტად, წვრთნიდა ახალგაზრდულ ნაკრებსაც. ვაჟთა ნაკრები გუნდების უფროსად იმუშავებს ჯემალ ბარამიძე.

იტალიასთან დაგვაკლდება ტრავმირებული ვლადიმერ რუსია. საეჭვო გახდა რატი მსხვილიძის ჩამოსვლაც – ის და აკაკი ტალახაძე ახლახან გადავიდნენ ირანის უმაღლესი დივიზიონის კლუბ ურმიაში.  ირანის ჩემპიონატი ნოემბერში იწყება, მსხვილიძეს კი ბიუროკრატიული პრობლემები აქვს. 

ხელბურთიევრო 2020, კაცები

პირველი შესარჩევი ეტაპი. ნოემბერი 2016 – იანვარი 2017

ჯგუფიიტალიალუქსემბურგისაქართველო

2 ნოემბერი, სირაკუზა. იტალია-საქართველო

6 ნოემბერი, თბილისი, სპორტის სასახლე. საქართველო-იტალია

4 იანვარი. საქართველო-ლუქსემბურგი

7 იანვარი. ლუქსემბურგი-საქართველო

11 იანვარი. ლუქსემბურგი-იტალია

14 ან 15 იანვარი. იტალია-ლუქსემბურგი

ჯგუფი: თურქეთი, ესტონეთი, კოსოვო ჯგუფი: საბერძნეთი, კვიპროსი, ფარერები

თითო გამარჯვებული გადის მეორე ეტაპზე.

საქართველოს ნაკრები იტალიასთან

GK: შოთა თევზაძე (1981, რეშიცა, რუმ), ზურაბ ცინცაძე (1996, პეგასი)

RW: ხაზეინ რუსტამოვი (1998, ქუთაისი), ზურაბ აბრამიშვილი (1994, ბათუმი)

RB: ლექსო წითელიშვილი (1992, ბათუმი), თეიმურაზ ორჯონიკიძე (1996, პრილეპი, მკდ)

CB: ირაკლი ჩიქოვანი (1989, კელერაში, რუმ), სერგო დათუკაშვილი (1978, ვოივოდინა, სრბ), გიორგი გვაზავა (1978, სტუ)

LB: ზურაბ სიმონია (1994, ქუთაისი), ირაკლი თევზაძე (1992, სამტრედია), რატი მსხვილიძე (1986, ურმია, ირა),

LW: რევაზ ჭანტურია (1982, პელისტერი, მკდ), გიორგი დიხამინჯია (1997, პეგასი)

P: შოთა გრიშიკაშვილი (1984, ბათუმი), ერეკლე არსენაშვილი (1998, სტუ), გიორგი მიქავა (1998, იმედი)

მთავარი მწვრთნელი ბექა ორჯონიკიძე, გუნდის უფროსი ჯემალ ბარამიძე, ექიმი გურამ ადამია

Leave a Reply