უცხოელი მწვრთნელები ქართულ ხელბურთზე…

საქართველოს 17-წლამდელ ჭაბუკთა ნაკრები შვედეთში, გეტებორგში მიემგზავრება, სადაც 1-5 ივლისს ევროპის ჩემპიონატზე უნდა ითამაშოს. 19-წლამდელი გოგონები ივლისის ბოლოს (15-21) ლიტვაში მიემგზავრებიან თანატოლთა ევროპის ჩემპიონატზე, ხოლო 17-წლამდელები 3-11 აგვისტოს თბილისში ჩაებმებიან კონტინენტის პირველობაში.

ამ მნიშვნელოვანი შეჯიბრებებისთვის მზადებაში ქართველ ხელბურთელებსა და მათ დამრიგებლებს სამი მოწვეული სპეციალისტი ეხმარებოდა – ხელბურთის ინდივიდუალური ოსტატობის მწვრთნელი სერბი დამირ სტოიანოვიჩი, ფიზიკური მომზადების მწვრთნელი მარკო შეშუმი და მეკარეთა მწვრთნელი, ბერძენი ვასილის ანასტასელოსი.

სამეულს გლდანში, ჯემალ ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიაში შევხვდით და გავესაუბრეთ.

– თქვენ, საქართველოში როგორც გოგონათა ასევე ჭაბუკების ნაკრებ გუნდებთან სამუშაოდ ჩამოხვედით. კმაყოფილი ხართ შედეგებით?

დამირ სტოიანოვიჩი: დიახ, ჩვენ თბილისში ჩამოვედით როგორც ჭაბუკების, ასევე გოგონათა გუნდებთან სამუშაოდ, თუმცა უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ამოცანა 17 წლამდელი ბიჭების მომზადება იყო, რომლებიც 30 ივნისს შვედეთში ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობისთვის მიემგზავრებიან. ჩვენი ამოცანა მათი ტაქტიკურ საკითხებში მომზადება არ ყოფილა. პირადად მე მათ ინდივიდუალურ ოსტატობაზე ვამუშავებდით. ჩემთვის მთავარი იყო საბაზისო ტექნიკის საკითხები: ბურთის ტარება, პასის გადაწოდება, ცრუმოძრაობები, თანაგუნდელებთან კოოპერაცია და ასე შემდეგ.  მარკოს ამოცანა გახურების სხვადასხვა მეთოდების ჩვენება გახლდათ, ვასილისი კი მეკარეთა ტექნიკის საკითხებზე მუშაობდა.

მუშაობის პროცესში არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია. 17-წლამდელ ვაჟთა ნაკრების მწვრთნელები გიორგი გვაზავა, გიორგი სახვაძე და გიორგი ხელისუფალი მაქსიმალურად გვიწყობდნენ ხელს. ვცდილობდით ერთმანეთისთვის ცოდნა გაგვეზიარებინა. ჩვენ მათ ვაჩვენებდით, როგორ ვმუშაობთ სერბეთსა და საბერძნეთში, ისინი, თავის მხრივ, ქართულ გამოცდილებას გვიზიარებდნენ.

დაახლოებით ერთი დღე დაგვჭირდა განსხვავებების გადასალახავად. ჩვენ ქართული  მეთოდიკისთვის უნდა აგვეღო ალღო, მათ ჩვენი უნდა გაეგოთ, მაგრამ ეს განსხვავებები იოლად დავძლიეთ და ყველაფერი დიდებულად წარიმართა.

– მუშაობის პროცესში ალბათ დადებითსაც გადააწყდით და უარყოფითსაც. ამაზე უფრო დეტალურად ხომ ვერ გვიამბობდით?

– ყველაზე კარგი ის იყო, რომ მოთამაშეებს ვარჯიშებისადმი საოცრად სწორი დამოკიდებულება ჰქონდათ. ისინი ბოლომდე იხარჯებოდნენ და ცოდნას ღრუბელივით იწოვდნენ. ვინაიდან დროში შეზღუდულები ვიყავით, ჩვენ მათ ცოტა ხანში ძალიან ბევრი რაღაც მივაწოდეთ. ჩვეულებრივ ამას მეტ დროს ვანდომებთ ხოლმე, მაგრამ დიდი კმაყოფილებით მინდა გითხრათ, რომ მათ ყველაფერი კარგად მიიღეს და აითვისეს.

რაც შეეხება უარყოფითს, ვფიქრობ კარგი იქნება საქართველოში ბავშვები ხელბურთზე უფრო პატარა ასაკიდან თუ დაიწყებენ სიარულს. ჩვენ გვყავდა მოთამაშეები, რომლებიც ამ სახეობაზე 14-15 წლისანი შევიდნენ. ერთი ძალიან საინტერესო ჭაბუკი, გუგა უთმელიძე, კალათბურთიდან სულ რაღაც ექვსი თვის გადმოსული იყო. ის ყოველდღე ახალ-ახალ რაღაცას სწავლობდა. ძალიან დაინტერესებული იყო, როგორ შეესრულებინა ესა თუ ის ილეთი და ჩვენს თვალწინ ხვეწდა ოსტატობას. მონდა გავიმეორო, რომ ყველანი ძალიან კონცენტრირებულები იყვნენ და ამიტომ, მხოლოდ კარგზე თუ ვილაპარაკებ.

– საინტერესოა, უცხოს თვალით დანახული დღევანდელი ქართული ხელბურთი. როგორ ფიქრობთ, რა მიმართულებით გვჭირდება განვითარება, თქვენი აზრით რას უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება?

– მე ასე ვიტყოდი: ყველაფრის საფუძველი საბაზისო ტექნიკაა. ტაქტიკა და ყველა სხვა საკითხი მხოლოდ მისი ათვისების შემდეგ შეიძლება ისწავლო და თუ დახვეწილი ტექნიკა გაქვს, ყველაფერი გაგიიოლდება. უპირველეს ყოვლისა აუცილებლად უნდა იცოდე, როგორ მოარჯულო ბურთი, როგორ გადააწოდო პასი, როგორ ისროლო კარში… ჩვენი მთავარი ამოცანაც ქართველი ახალგაზრდებისთვის ამ საკითხების ჩვენება იყო, ისინი კი თავად აირჩევენ, რაზე უნდა იმუშაონ მეტად, რაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება, რა მეტად სჭირდებათ და რა ნაკლებად.

– გოგონებზე რაღას იტყოდით?

– დაახლოებით იმავეს, რაც ვაჟებზე ვთქვი. ერთადერთი სპეციფიკა ის არის, რომ მათი ასაკი ძალიან გაფანტულია. ჩვენთან არიან გოგონები 14-დან 20 წლამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ფიზიკურ ძალასა და ტექნიკას შორის განსხვავებაა. შესაბამისად, სწავლების მეთოდების ყველაზე მორგება დაგვჭირდა, მაგრამ როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ისინი ძალიან მობილიზებულები არიან და დღითიდღე იზრდებიან.

ერთადერთი, შესაძლოა ცოტა ის გაუჭირდათ, რომ დღეში ერთ ვარჯიშს იყვნენ დაჩვეულები, ჩვენ კი ორჯერ ვავარჯიშებთ და ძალიან დიდ ინფორმაციას ვაწვდით. მაგალითად, ცრუმოძრაობებს ერთი დღის განმავლობაში დილით ორი და საღამოსაც ორი საათი დავუთმეთ, მაგრამ ძალიან მონდომებულ ბავშვებთან მუშაობა სასიამოვნო და შედეგიანია.

მარკო შეშუმი: ჩემი საქმე როგორც გოგონათა ასევე ჭაბუკთა მწვრთნელებისთვის იმ ფიზიკური ვარჯიშების გაცნობა და გაზიარება იყო, სადაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება ტრავმის პრევენციას, მოთამაშეთა კოორდინაციის ამაღლებას და ეგრეთწოდებული „მოტორ სკილზის“ ანუ ეფექტური ძალისმიერი უნარების გამომუშავებას. ამ ყველაფრის უმაღლეს დონეზე დახვეწა შედარებით მწირი საწვრთნელი გარემოს შემთხვევაში რთულია, მაგრამ ქართველ ახალგაზრდებს კარგი მონაცემები შევამჩნიე.

ჩვენ გვყავდა ათლეტური ბიჭები, რომელთაგან ზოგიერთს 16-17 წლის ასაკში უკვე ეროვნულ ნაკრებშიც კი ჰქონდა ნათამაშები, რაც მუშაობაში ნამდვილად სასარგებლო იყო.

– რას იტყოდით ჩვენი გოგონების ფიზიკურ მონაცემებზე? როგორი მუშაობაა მათთან საჭირო?

– ჩვენ გვაქვს გარკვეული ტესტები, რომელთა შედეგებს გავაანალიზებთ და მათზე დაყრდნობით საქართველოს ხელბურთის ფედერაციას საშუალება ექნება მომავალში მოთამაშეთა (როგორც გოგონების ასევე ბიჭების) შერჩევისას გარკვეული პრიორიტეტებით ისარგებლოს. ამ ტესტების წყალობით შესაძლებელია საქართველოს სხვადასხვა ასაკის მოთამაშეთა უცხოელ თანატოლებთან შედარებაც. ვფიქრობ, ამ მხრივ, გოგონებს შორის ნორმალური მდგომარეობაა, ვაჟებში კი არის რამდენიმე მაღალი მოთამაშე, მაგრამ საშუალო სიმაღლე მაინც შედარებით დაბალია. იქნებ კალათბურთიდან ღირდეს ყმაწვილების გადმობირება (იცინის).

საქართველოში ჩატარებული ვარჯიშებით ძალიან კმაყოფილი ვარ. მეტად სასარგებლო თანამშრომლობა გვქონდა ადგილობრივ მწვრთნელებთან. მასპინძლებმა საუკეთესო პირობები შეგვიქმნეს და ზრუნავდნენ, რომ როგორც საქმეში ასევე დასვენების საათებში მაქსიმალურად კომფორტულად გვეგრძნო თავი.

ვასილის ანასტასელოსი: ჩემი ამოცანა ქართველ მეკარეებთან და მწვრთნელებთან ერთად მუშაობა იყო. ადგილობრივ სპეციალისტებთან თანამშრომლობით ჩავატარეთ ვარჯიშები. მევალებოდა ქართველი მწვრთნელებისთვის გამეზიარებინა გამოცდილება და მეჩვენებინა ზოგი ინდივიდუალური ვარჯიში. მეკარეთათვის სპეციფიკური ვარჯიშები არსებობს. მინდა გითხრათ, რომ კარში დგომა და მეტოქეთა შეტევების მოგერიება, სრულიად განსხვავებული პროფესიაა და მას საგანგებო შესწავლა სჭირდება. მოწინავე სახელბურთო ქვეყნებში კლუბებს მეკარეთა ცალკე მწვრთნელები ჰყავთ, რომლებიც თავიანთი მეთოდიკით ამეცადინებენ გოლკიპერებს. სამწუხაროდ, შედარებით ნაკლებად განვითარებულ სახელბურთო ქვეყნებში, ასეთი მწვრთნელები არ არიან. მე შევეცადე ჩემი ქართველი კოლეგებისთვის მეჩვენებინა ვარჯიშები, რომლებიც მათ მომავალში გამოადგებათ.

– თბილისში მუშაობის პერიოდში ნიჭიერი მეკარეები თუ შეგხვდათ?

– დიახ, ჩემი ერთ-ერთი ამოცანა ესეც იყო და მინდა გითხრათ, რომ თქვენ გყავთ ნიჭიერი მეკარეები, მაგრამ მათი რაოდენობა მეტი უნდა იყოს. ზოგადად, ქვეყანაში მეტი მეკარე უნდა არსებობდეს, რომ მათ შორის კონკურენციის და მათგან არჩევის საშუალება იყოს.

მომეწონა რამდენიმე გოლკიპერი ბიჭებში, ნიჭი არც გოგონებს აკლიათ, მაგრამ ახლა ვარჯიში და ბევრი მუშაობაა საჭირო. ამ სათუთ ასაკში, მათ გონება ხშირად სხვაგან გაურბით, ამიტომ სამუშაოც რთულია.

Leave a Reply