სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის გამოკითხვაში ხელბურთს საპატიო ადგილები ერგო

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ტრადიციულ გამოკითხვაში, რომელშიც ასამდე ჟურნალისტმა მიიღო მონაწილეობა, ექვსი ნომინაციიდან ორში საპრიზო ადგილი ერგო ხელბურთს.

2025 წლის საუკეთესო გუნდის ნომინაციაში ძიუდოს და კალათბურთის შემდეგ, მესამე ადგილი დაიკავა ხელბურთმა. ნომინანტთა შორის ჩვენი გუნდის დასახელებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია შარშან გაზაფხულზე, ევროპის ჩემპიონატის საგზურის ზედიზედ მეორედ მოპოვებამ, რაც მეტად მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ქართულ სპორტში.

ხელბურთი წარმოდგენილი იყო საუკეთესო მწვრთნელთა ნომინაციაშიც. ამ შემთხვევაში, მეორე ადგილი ერგო საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ ტიტე კალანდაძეს, რომლის დიდი ძალისხმევითაც საქართველოს ნაკრებმა მეორედ შეძლო ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვება. შესაბამის ნომინაციაში ხმათა უმრავლესობით პირველი ადგილი დაიკავა ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლაშა გუჯეჯიანმა, ხოლო მესამეზე გავიდა ფუტსალის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ავთანდილ ასათიანი.

ტიტე კალანდაძეს საუკეთესო მწვრთნელთა ნომინაციაში მეორე ადგილი ერგო

გარდა ამისა, საქართველოს ხელბურთის ფედერაცია წარმოდგენილი იყო დამჯილდოებელთა შორისაც. ხელბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ლევან სალუქვაძემ, სსჟა-ს მიერ დაწესებული ახალგაზრდების მიერ განსაკუთრებული მიღწევებისთვის განკუთვნილი ჯილდო – “პერსპექტივა” გადასცა სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს ნინო სალუქვაძეს.

ხატია ჯიჯეიშვილის ფოტო

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის საუკეთესო გუნდად საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები დასახელდა, იმავე წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენთა ნომინაციაში გაიმარჯვა საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ცხოვრებაძემ, ასევე ყველაზე პროგრესირებად ფედერაციად დასახელდა საქართველოს ხელბურთის ფედერაცია. ასე რომ, საუკეთესოთა შორის ქართული ხელბურთი მოწინავეთა შორის არის.

Leave a Reply