gnhf-rrr

რევაზ ჭანტურია სტრუგაში გადავიდა

საქართველოს ხელბურთის ნაკრების ვეტერანი, რევაზ ჭანტურია მაკედონიის პელისტერიდან გადავიდა ამავე ქვეყნის სტრუგაში, სადაც უკვე თამაშობს ორი ქართველი – ლექსო წითელიშვილი და გიორგი დიხამინჯია. სამეულმა უკვე მოიგო პირველი მატჩი ოჰრიდთან, 29-25, ხოლო ქართველებმა ჯამში 13 გოლი გაიტანეს. 

37 წლის მარჯვენა გარემარბი რევაზ ჭანტურია მაკედონიის ჩემპიონატში 2004 წლიდან თამაშობს, ამ ქვეყნის მოქალაქეა და იქაა დაოჯახებული, თუმცა, ნაკრები არ გამოუცვლია. უთამაშია იქაურ გრანდებში, მეტალურგსა და ვარდარში, ჩემპიონთა ლიგაში ორი სეზონი აქვს ნათამაშები და 23 გოლი აქვს გატანილი. ქალაქ ბიტოლას პელისტერში ჭანტურიამ სამნახევარი წელიწადი გაატარა – 2011-12 და 2016-18 სეზონები. ის კლუბის ერთ-ერთი ლიდერი იყო და წინა სეზონში 60 გოლი გაიტანა, მაგრამ ახალ მწვრთნელთან, სერბ იოშკო პეტკოვიჩთან ურთიერთობა ვერ აეწყო. ამაზე ჭანტურია 2018 წლის დეკემბერში, ქართულ მედიაში გამოქვეყნებულ ინტერვიუშიც საუბრობდა.

სეზონის განახლებამდე, ერთ-ერთი საწვრთნელი მატჩის დროს პეტკოვიჩსა და ჭანტურიას კონფლიქტი მოუვიდათ. ამას დიდი გამხმაურება ჰქონდა მაკედონიურ მედიაში. საბოლოოდ, კლუბმა და მოთამაშემ კონტრაქტი გაწყვიტეს, ჭანტურიამ კომპენსაცია მიიღო და სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ერთი დღით ადრე უმაღლესი ლიგის დებიუტანტ სტრუგაში გადავიდა.

სტრუგაში ამ სეზონის დასაწყისიდან თამაშობენ საქართველოს ნაკრების წევრები, ლექსო წითელიშვილი და გიორგი დიხამინჯია. დიხამინჯია კლუბში მარჯვენა ინსაიდის პოზიციაზეა, ხოლო ჭანტურიას პოზიციაზე, მარჯვენა კუთხეში თამაშობს 18 წლის ნენად კოსტესკი, რომელმაც 2018 წელს თბილისში, ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატზე თავის პოზიციაზე საუკეთესო მოთამაშის პრიზი მიიღო.

რაც შეეხება სტრუგა-ოჰრიდის მატჩს, ამ  ორ კლუბს დიდი ხნის კონკურენცია აქვს და მათი თამაში მაკედონიაში ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს. ამას ადასტურებს ვიდეო, რომელშც სტრუგა მატჩის შემდეგ გამარჯვებას ზეიმობს. თამაშში ყველაზე შედეგიანი იყო ლექსო წითელიშვილი 7 გოლით, დიხამინჯიამ გაიტანა 4, ჭანტურიამ – 2. 

სტრუგა-ოჰრიდი 29-25. მატჩის შემდეგ: https://youtu.be/8Nh5YqhPbqQ

მაკედონიაში რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურია დარჩენილი. ამის შემდეგ ოთხ საუკეთესო გუნდს დაემატება სკოპიეს ვარდარი და მეტალურგი და ექვსეული ორ წრედ ითამაშებს ჩემპიონობისთვის, ხოლო დანარჩენი 6 გუნდი პლეიაუტს გამართავს. სტრუგა 15 მატჩიდან 25 ქულით მეექვსე ადგილზეა და მეოთხე-მეხუთე ადგილებზე მყოფ სკოპიეს ბუტელსა და ოჰრიდს 5 ქულით ჩამორჩება. მაკედონიაში მოგებისთვის 3 ქულა იწერება, ამიტომ, კლუბს ოთხეულში მოხვედრის შანსი დარჩენილი აქვს. 

მომდევნო მატჩს სტრუგა 9 მარტს სტუმრად გაართავს რევაზ ჭანტურიას ყოფილ კლუბ პელისტერთან.

მაკედონიის სუპერლიგა. 15 ტურის შემდეგ. 1. ეუროფარმ რაბოტნიკი 40 ქულა – 2. პელისტერი 32 – 3. პროლეტი 31 – 4. ბუტელი 30 — 5. ოჰრიდი 30 – 6. სტრუგა 25 – 7.რადოვიში 12 – 8. პრილეპი 10 – 9. ვარდარ ჯუნიორი 9 – 10. ბორეცი 0

Leave a Reply