პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე

15 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე გაიმართა საქართველოს ხელბურთის ფედერაციის მიერ მომზადებული დოკუმენტის „ხელბურთის განვითარების სტრატეგიული გეგმა 2020-30 წლებისთვის“ მოსმენა.

სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, შოთა ხაბარელი.

სხდომაზე ვრცელი მოხსენებით გამოვიდა საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე. მან წარმოადგინა სამნაწილიანი ნაშრომი:  ფედერაციის მიერ გაწეული სამუშაოს სრული ანალიზი 2012-19 წლებში და მდგომარეობა 2020 წლისთვის; განვითარების სტრატეგიულ გეგმა 2020-30 წლებისთვის; სტრატეგიული გეგმის განსახორციელებელი ბიუჯეტი პირველი 4 წლისთვის (2021-24).

ზურაბ კაკაბაძემ ისაუბრა 2012-20 წლებში გაწეულ სამუშაოსა და შედეგებზე: – საქართველოს ფედერაციამ ბოლო წლებში დაიმკვიდრა საერთაშორისო ფედერაციების საიმედო პარტნიორისა და ტოპ-ორგანიზატორის სახელი, წარმატებით ჩაატარა ათზე მეტი უმაღლესი რანგის შეჯიბრება, ხოლო 2022 წლისთვის მიიღო გოგონათა 32-გუნდიანი მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება თბილისსა და ბათუმში; ეროვნული და ყველა ასაკობრივი ნაკრები რეგულარულად გამოდის ყველა ოფიციალურ შეჯიბრებაში – მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე, რის შედეგედაც ბოლო წლებში გამოჩნდა რამდენიმე ძალიან პერსპექტიული ხელბურთელი, ხოლო ნაკრები გუნდები დაწინაურდნენ საერთაშორისო რეიტინგებში; დიდი პაუზის შემდეგ აღორძინდა ქალთა ხელბურთი;  დაინერგა ქვიშის ხელბურთი, რომელსაც უკვე გააჩნია ოლიმპიური მომავალი; დასტაბილურდა შინაური შეჯიბრებების კალენდარი – ბოლო 6 წელია, რეგულარულად იმართება 6 ჩემპიონატი: ქალთა და კაცთა უმაღლესი ლიგა და ორ-ორი ასაკობრივი კატეგორიის პირველობა გოგონებსა და ჭაბუკებში.

ბოლო წლების განმავლობაში ფედერაციას სრული მხარდაჭერა ჰქონდა სპორტის ყველა მმართველი ორგანოდან. ფედერაციის ბიუჯეტი რეგულარულად იზრდებოდა, მაგრამ წინ ახალი ათწლეულია და ახალი გამოწვევები, პრობლემები კი კვლავაც ბევრია. ერთ-ერთი უპირველესია ის, რომ ფედერაციის საკუთრებაში არაა არცერთი სპორტული ობიექტი და ბიუჯეტის თითქმის მესამედი არენების იჯარაზე იხარჯება; დასარეგულირებელია საკლუბო ხელბურთის სისტემა – კაცთა უმაღლესი ლიგის რვიდან მხოლოდ ორ გუნდს გააჩნია დაფინანსება; ახალი ათწლეული კი ზუსტად ის პერიოდია, როდესაც უნდა დავიწყოთ მაღალი სპორტული შედეგების ჩვენება – ჩვენს ეროვნულ გუნდს უახლოეს წლებში რეალურად შეუძლია ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალურ ეტაპებზე გასასვლელად ბრძოლა. სრულიად განსაკუთრებული ნიშაა ქალთა სპორტი, რომელიც ჩვენში ფაქტიურად აუთვისებელია და ვფიქრობთ რომ ამ ადგილის დაჭერა ქალთა ხელბურთს შეუძლია;  ერთი სიტყვით, უკეთესი შედეგებისთვის საჭიროა მეტი მატერიალური შესაძლებლობა, მეტი ახალგაზრდა სპორტსმენის მოზიდვა და მათთვის მეტი მოტივაციის შექმნა; მეტი კვალიფიციური მწვრთნელის აღზრდა…

კაკაბაძის მოხსენების შემდეგ გაიმართა განხილვა.

ძალიან საინტერესოდ ისაუბრა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრმა, ვეტერანმა ხელბურთელმა გენადი მარგველაშვილმა, შემდეგ კი სიტყვა ითხოვა სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის წევრმა, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა: – მახსოვს, რომ 2017 წელსაც გვქონდა კომიტეტში ხელბურთის შესახებ მსჯელობა. მაშინაც ყველანი შევთანხმდით, რომ ხელბურთს ჩვენში დიდი პერსპექტივა აქვს, ხოლო ფედერაცია მენეჯმენტის მხრივ ერთ-ერთი საუკეთესოა. თუმცა, პრობლემები, როგორც ხედავთ, დღესაც არის. ვისურვებდი, რომ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა უფრო ქმედითი გამომდგარიყოს.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი დოლაბერიძემ აღნიშნა, რომ ყოველმხრივ მხარს უჭერს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მოხსენებას, ხოლო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარების სამმართველოს უფროსმა ვასილ ლიპარტელიანმა განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ფედერაციიის მხრიდან ამგვარი საფუძვლიანი კვლევის ჩატარება და მნიშვნელოვანი დოკუმენტის მომზადება.

განხილვაში მონაწილეობდა არასამთავრობო ორგანიზაცია „სპორტი განვითარებისთვის – საქართველოს“ გენერალური დირექტორი ანატოლი კორეპანოვი: – ხელბურთის განვითარების სტრატეგია მომზადდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული პოლიტიკის დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების სახელმძღვანელოს შესაბამისად. ხელბურთის სტრატეგია არის შედეგზე ორიენტირებული დოკუმენტი, რომელშიც მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული მიზნებისა და ამოცანების მიღწევის შუალედური (2025 წლისთვის) და საბოლოო (2030 წლისთვის მისაღწევი) შედეგები. სტრატეგიის გათვალისწინებით, ასევე მომზადდა საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმა, რომელშიც განსაზღვრულია საჭირო ფინანსური რესურსიც.  

სხდომა შეაჯამა საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის

თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, შოთა ხაბარელმა:

„საქართველოსთვის ხელბურთი არ არის სპორტის ახალი სახეობა და წლების წინ 

ჩვენ არაერთი წარმატებული სპორტსმენი გვყავდა. კარგია, რომ ფედერაცია აქტიურობს და 

ყველაფერს აკეთებს სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციისა და 

განვითარებისთვის. რაც შეეხება კომიტეტის მხრიდან ხელბურთის 

განვითარების ხელშეწყობას, სხდომაზე წარმოდგენილ

ანგარიშის საფუძველზე კომიტეტი რეკომენდაციებს 

მოამზადებს და შესაბამის უწყებებს წარუდგენს“.

Leave a Reply