მეორე ფინალისტი ნორვეგიაა

ხელბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ნახევარფინალში ნორვეგიამ დამატებით დროში 28-25 დაამარცხა ხორვატია და 29 იანვარს ფინალში საფრანგეთს შეხვდება. ხორვატია და სლოვენია დღეს ბრინჯაოს მედლისთვის ითამაშებენ. მეორე ნახევარფინალში ძირითადი დრო ამოწურული იყო, ზლატკო ჰორვატი შვიდმეტრიანს ურტყამდა, მაგრამ ნორვეგიის მეკარე ტორბიორნ ბერგერუდმა მოიგერია და თამაში დამატებით დროში გადაიყვანა, სადაც მისმა გუნდმა მოიგო.

ნორვეგია, ამავე ქვეყნის ქალთა ნაკრებისგან განსხვავებით, უტიტულო გუნდია და დიდი ტურნირების ფინალურ ოთხეულში პირველად შარშან, ევროპის ჩემპიონტზე მოხვდა. მაშინ ქრისტიან ბერგეს გუნდი ნახევარფინალში დამატებით დროში დამარცხდა გერმანიასთან, მერე წააგო მესამე ადილისთვის მატჩი ხორვატიასთან, ხორვატიასთანვე დამარცხდა ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირზე და შემდეგ ვერც მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვდა, რადგანაც შესარჩევი ეტაპის პლეიოფში სლოვენიამ მოუგო, მაგრამ ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციამ ბოლო, 24-ე საგზური ვაილდ-ქარდის სახით სწორედ ნორვეგიას მიანიჭა.

ნორვეგია ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ საფრანგეთთან დამარცხდა (28-31) და ნახევარფინალში აშკარა ფავორიტი იქნებოდა, რომ არა ორი შარშანდელი მძიმე წაგება ხორვატებთან. წინ უმეტესად ხორვატია იყო და ძირითადი დროს დასრულებამდე ზუსტად 4 წუთით ადრე პივოტმა ტინ კონტრეცმა ანგარიში 22-20 გახადა. მარჯვენა გარემარბმა მაგნუს ბიორნსენმა იქვე გაქვითა ერთი გოლი, ხოლო მესამოცე წუთის დასაწყისში სანდერ საგოსენმა გაათანაბრა – 22-22, მაგრამ ზედ ბოლო წამებზე ბურთი ექვსმეტრიან ხაზთან ჟელკო მუსამ მიიღო, მეურვეს აჯობა და კარში ურტყამდა, როდესაც ბიარტე მირჰოლმა უკნიდან წაქცია. შვიდმეტრიანი დაინიშნა და დროც ამოიწურა, მაგრამ ბერგერუდმა გადაარჩინა ნორვეგია და ამისა და კიდევ 15 დარტყმის მოგერიებისთვის საუკეთესო მოთამაშის პრიზიც მიიღო.

ოვერტაიმში ისევ ხორვატია დაწინაურდა – ქრისტიან ოსალივანის გაძევება გამოიყენეს მარკო მამიჩმა და ზლატკო ჰორვატმა (24-22), მაგრამ პირველი ოვერტაიმის დასრულებამდე ისევ ფრე იყო, ოღონდ ამჯერად ჟელკო მუსამ გაათნაბრა – 25-25. ეს იყო ხორვატთა ბოლო გოლი – ტანგენმა, ტონესენმა და მირჰოლმა კიდევ სამჯერ გაიტანეს, თამაში 28-25 მორჩა და ნორვეგიამ პირველად გაინაღდა მედლები დიდ სახელბურთო ტურნირზე.

მიმოხილვა: https://www.youtube.com/watch?v=3jPhlPdBytw

მთელი მატჩი: https://www.youtube.com/watch?v=IlhCx0qK3MQ

ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატი 2017კაცები. საფრანგეთი, 11-29 იანვარი

ნახევარფინალი. 27 იანვარი. პარიზი. ბერსი,  10 324 მაყურებელი

ხორვატია-ნორვეგია 25-28 (22-22)

ხორ: სტევანოვიჩი 3/13, პეშიჩი 8/25 – ჰორვატი 8/6 (5/3 პენ), მამიჩი 9/5, დუვნიაკი 13/3, სტეპანჩიჩი 4/3, მუსა 4/3, შტრლეკი 3/2, კონტრეცი 3/2, შებეტიჩი 2/1, ცინდრიჩი 3/0,  მანდალინიჩი 1/0, გოიუნი (მიჰიჩი, მატულიჩი, იოტიჩი – მწვ. ბაბიჩი)

ნორ: ბერგერუდი 16/40, ქრისტენსენი 0/1 – მირჰოლი 6/6, ბიორნსენი 8/5, საგოსენი 10/4, ტანგენი 9/4, ჰანსენი 6/3, იონდალი 2/2, ტონესენი 5/2, გულერუდი 2/2, ოსალივანი 2/0, იოჰანესენი 1/0, ჰიკერუდი (ოვერბიუ, ლინდბიო, როდი – მწვ. ბერგე)

მსაჯები: ჰორაჩეკი, ნოვოტნი (ჩეხ)

26 იან. საფრანგეთი-სლოვენია 31-25

3 ადგილისთვის. 28 იან, 23:45. პარიზი. სლოვენია-ხორვატია

ფინალი. 29 იანვარი, 20:30. პარიზი. საფრანგეთი-ნორვეგიას

Leave a Reply