ლევან გელაშვილი EHF დელეგატია

ევროპის ხელბურთის ფედერაციის ოფიციალური ტექნიკური დელეგატის წოდება მოიპოვა ლევან გელაშვილმა. მან წარმატებით ჩააბარა გამოცდები გრან კანარიაში, ესპანეთი და გოტენბურგში, შვედეთი, რის შემდეგაც დელეგატობა შეუძლია ნებისმიერ ოფიციალურ შეჯიბრებაში როგორც პლაჟის, ასევე კლასიკურ ხელბურთში.

გელაშვილი 41 წლისაა, არის საქართველოს ხელბურთის ნაკრების ყოფილი კაპიტანი და მთავარი მწვრთნელი.  საქართველოს ხელბურთის ფედერაციაში  ის ხელმძღვანელობს პლაჟის ხელბურთის კომისიას.

ლევან გელაშვილი: – შემოდგომაზე განაცხადი შევიტანე პლაჟის ხელბურთის დელეგატობაზე და ნოემბერში გავემგზავრე გრან კანარიაში, სადაც პლაჟის ხელბურთის ჩემპიონთა თასის ფინალური ტურნირი იმართებოდა. გამოცდის ჩაბარების შემდეგ უშუალოდ მომიწია საქმეში ჩართვა და რამდენიმე მატჩის გაძღოლაც მომიწია, მათ შორის ქალთა ფინალურ მატჩზე მეორე დელეგატი ვიყავი, ხოლო კაცთა ბრინჯაოს ფინალში – პირველი დელეგატი.

8-11 დეკემბერს ანალოგიური გამოცდა ჩავაბარე გიოტენბურგის სემინარზე, რომელიც ქალთა ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობას დაემთხვა. აქ იყო ორი გამოცდა, წერითი და ზეპირი. 20 კანდიდატიდან EHF დელეგატობა თვრამეტს მიენიჭა. საქმეში ჩავერთვებით  თებერვლიდან, როცა განახლდება საკლუბო სეზონი. როგორც ახალბედა დელეგატები, დავიწყებთ ჩელენჯ კაპის მატჩების მომსახურებით. პარალელურად, გავუძღვები საქართველოს ჩემპიონატის თამაშებსაც, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია.

სადღეისოდ, EHF დელეგატთა ოფიციალურ სიაში უკვე ორი ქართველია – თამაზ თევზაძე  და ლევან გელაშვილი. დიდი ხნის შესვენების შემდეგ გვყავს საერთაშორისო არბიტრებიც- EHF მსაჯთა ოფიციალურ სიაში შეიყვანეს ქართული წყვილი – ზურაბ აბრამიშვილი-შალვა სტურუა. მათ უკვე იმსაჯეს ერთი საერთაშორისო ტურნირი ქუთაისში და ჯერჯერობით EHF ახალგაზრდა მსაჯთა პროგრამაში შედიან, რაც საერთაშორისო ასაკობრივ ტურნირებში მსაჯობის უფლებას იძლევა. ევროპის ხელბურთის ფედერაციაში გვყავს კიდევ ერთი ოფიციალური პირი – საქართველოს ხელბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი ქეთევან კობერიძე EHF სააპელაციო სასამართლოს წევრია.

Leave a Reply