ბათუმი და პეგასი ჩემპიონები არიან

საქართველოს ჩემპიონები ხელბურთში პირველად გახდნენ თბილისის პეგასი (ქალთა შორის) და ბათუმის შავი ზღვის ბიჭები. პეგასმა ფინალში 33-24 მოუგო შარშანდელ ჩემპიონ ყვარელს, ხოლო ბათუმმა 27-23 დაამარცხა სამტრედია და საქართველოს თასს მეორე ტიტულიც დაამატა. 

ფინალები სპორტკომპლექს არენაში გაიმართა. ქალთა მესამე ადგილისთვის თბილისის მამულმა იოლად აჯობა წყალტუბოს, 42-23. ფინალის პირველი ტაიმი პეგასმა 14-13 მოიგო, მაგრამ შესვენების შემდეგ წინ უკვე ყვარელი გავიდა 16-14. მთავარი ბრძოლა თითქოს წინ იყო, მაგრამ პეგასი ისევ დაწინაურდა, შემდეგ კი ტრავმა მიიღო თინა ქიტესაშვილმა, რომელსაც იმ დროისთვის 7 გოლი ჰქონდა გატანილი. ყვარლელთა ლიდერი რამდენიმე წუთში დაბრუნდა, მაგრამ საქართველოს ნაკრების წევრებმა, მედეა ჩოხელმა და თამარ ჩოგოვაძემ სწრაფად გარდატეხეს თამაში. პეგასმა ათწუთიანი მონაკვეთი 10-1 მოიგო, 24-17 დაწინაურდა და თამაშის ბედი აქ გადაწყდა. პეგასმა წარსულში ხალიან ცნობილი ხელბურთელების, ნინო წივწივაძისა და ტიტე კალანდაძის ხელმძღვანელობით პირველი ტიტული მოიგო.

კაცთა ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლისთვის ქუთაისს თითქოს უფრო დიდი მოტივაცია ჰქონდა ქვეყნის ექს-ჩემპიონ ტექნიკურ უნივერსიტეტთან და მეორე ტაიმის დასაწყისში 22-18 იგებდა, მაგრამ 50-ე წუთისთვის ანგარიში გათანაბრდა, ბოლო წუთებში კი გარემარბ ნიკოლოზ ჯორბენაძისა და ვეტერან მამია კობახიძის ლიდერობით ტექნიკურმა უნივერსიტეტმა 32-27 გაიმარჯვა.

ფინალში ბათუმი, ლექსო წითელიშვილის გოლებით  თავიდანვე დაწინაურდა, 6-1 და ხუთბურთიან ინტერვალს კარგა ხანი ინარჩუნებდა. სამტრედიამ გაიბრძოლა და ზურაბ სიმონიასა და ირაკლი გოგოლაძის წყალობით შესვენებამდე სხვაობა ერთამდე დაიყვანა – 12-13.

კულმინაცია დადგა 45-ე წუთზე. გოგოლაძემ ანგარიში გაათანაბრა, 17-17, სურმავა კი ორწუთიანში გაუშვა და მალე მაისურაძეც გააძევეს. ზურაბიანმა პირველად დააწინაურა თავისი გუნდი, 18-17, და სამტრედიას კიდევ წუთზე მეტი უნდა ჰყოლოდა ორი მოთამაშით მეტი.

აქ თამაში გარდატეხა ბათუმელთა ვეტერანმა გიორგი კობახიძემ. მან ჯერ შვიდმეტრიანით გაათანაბრა ანგარიში, მერე კი 10 მეტრიდან შეაგდო და გუნდს ეს კრიტიკული მონაკვეთი 2-1 მოაგებინა, უკვე რიცხობრივი ტოლობისას კი გაიტანა კიდევ ერთი გოლი და საგოლე პასი მიაწოდა ვანო ქარდავას – 21-19. ბათუმელთა შორის ყველაზე შედეგიანმა, ქარდავამ (9 გოლი) კიდევ ორჯერ შეაგდო და როცა ზურაბ აბრამიშვილმა სწრაფი გარღვევის შემდეგ ანგარიში 24-20 გახადა,  დასრულებამდე ხუთიოდ წუთი იყო დარჩენილი. საბოლოოდ, 27-23 მოიგო შავი ზღვის ბიჭებმა, მათ შორის კი საუკეთესო უდავოდ მეკარე კორნელი ანდრიაძე იყო.

ბათუმი ჩემპიონია. გუნდში ამ სეზონში მივიდა გამოცდილი მწვრთნელი მამუკა მჟავანაძე, რომელმაც თავის კოლეგა მერაბ ჭანტურიასთნ ერთად ორივე შინაური ტიტული მოიგო, სამტრედიამ კი გოგი ხელისუფლის ხელმძღვანელობით შარშანდელი შედეგი გაიმეორა და ვერცხლის მედლები მოიპოვა.

ფინალებამდე არენაში გაიმართა სასკოლო ოლიმპიადის ფინალური მატჩები, რომლებიც მოიგეს ფოთის მეორე სკოლის გოგონათა და თბილისის 161-ე სკოლის ბიჭების გუნდებმა.

2015-16 სეზონის დასრულებამდე დარჩა გადასასვლელი ტურნირი, რომელშიც, 29-31 მაისს, უმაღლესი ლიგის ერთ საგზურს გაითამაშებენ თელავის იმედი, ფოთის ოქროს ვერძი, რუსთავი და წყალტუბოს პრომეთე.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი, 2015-16

ფინალური ოთხეული. არენა 1, 25-26 მაისი

26 მაისი, ქალები. მესამე ადგილისთვის.

წყალტუბო – მამული  23-42

წყ: ჯიქია, ჩავჩიძე – ჯიშკარიანი 7, ჯავახაძე 6, ჯიმშელეიშვილი 5, ჩირგაძე 3, კალანდაძე 1, ფანცხავა 1, თვალოძე, ლაღაძე, დარსაველიძე – მწვ. გოგიძე, ჯანელიძე

მამ: ვარდიშვილი, გორგაძე – ყველაშვილი 21, ღვალაძე 9, ჯავახიშვილი 6, შახულოვი 3, იაშვილი 2, დანელია 1, ხონელიძე, წერეთელი, გოგიჩაიშვილი, ხოკერაშვილი, ავსაჯანიშვილი – მწვ. კასიანი

ფინალი. ყვარელი – პეგასი 24-33

ყვ: გუბელაძე, ტოჩილაშვილი – ქიტესაშვილი 9, თეთრაშვილი 5, კუნელაშვილი 4, მიხელიძე 3, ფუღიაშვილი 2, ს. იორდანიშვილი 1, კუპატაძე, კორახაშვილი – მწვ. ხარებაშვილი, ღონიაშვილი

პეგ: ჩაჩუა, ჯიქურაშვილი – ჩოხელი 13, ჩოგოვაძე 10, ბერიძე 3, ვენეცკი 2, შოშიტაშვილი 2, მორჩაძე 2, სარაჯიშვილი 1, ქებაძე,  გაგნიძე, ჩხაიძე, კახაია – მწვ. წივწივაძე, კალანდაძე

მსაჯები: ელენე არაბული, ინა ჭკუასელი, დელეგატები: ლ. მარგიანი, მ. ჩიხლაძე

კაცები. უმაღლესი ლიგა.

3-4 ადგილისთვის. ქუთაისი – სტუ 27-32

ქუთ: სამყურაშვილი, გულეიშვილი – კბილაშვილი 7, რუსტამოვი 7, კვერნაძე 5, გრიშიკაშვილი 5, მათნაძე 3, მერკვილაძე, უ. კობახიძე, ჯუღელი , ჩიხლაძე, მამისეიშვილი, ლომიძე – მწვ. ბოყოჩაძე, ყაველაშვილი, გობეჯიშვილი, თავხელიძე

სტუ: ტორონჯაძე, მღებრიშვილი – მ. კობახიძე 9, ჯორბენაძე 8, ორჯონიკიძე 6, არსენაშვილი 4, სტურუა 3, ი. ჭელიძე 2, სამიტაშვილი, ოსიყმაშვილი, აგაჯანოვი, ჩაკვეტაძე, ბაზანოვი მწვ. კეკელიძე, ორჯონიკიძე

ფინალი: შავი ზღვის ბიჭები ბათუმი-სამტრედია 27-23

ბათ: ანდრიაძე, სეთურიძე – ქარდავა 9, წითელიშვილი 5, გ. კობახიძე 4, მაისურაძე 3, გოგალაძე 2, აბრამიშვილი 2, წივწივაძე 1, სურმავა 1, ბერძენიშვილი, ყაველაშვილი, ვინოგრადსკი, ჭანტურია მწვ. ჭანტურია, მჟავანაძე, ბზეკალავა

სამ: ა. სამიტაშვილი, ხონელიძე, – გოგოლაძე 9, სიმონია 7, თევზაძე 3, ზურაბიანი 2,  გიორგაძე 1, ნიკურაძე 1, ხაჟომია, ღაღანიძე, ანტონოვიჩი, გეგია, ცხვარაძე – მწვ. ხელისუფალი, ქავზინაძე, დუნდუა

მსაჯები: სიარჰეი კულიკ, ძმიტრი ნაბოკაუ (ბლრ), დელეგატები: თ. თევზაძე, ლ. გელაშვილი

მეთვალყურე: ვ. ბერიაშვილი, სამდივნო: გ. ფურცელაძე, ი. ციცქიშვილი 

გადასასვლელი ტურნირიკაცები

29-31 მაისი, არენა 1. თამაშდება უმაღლესი ლიგის ერთი საგზური.

29 მაისი. 12:30 ფოთი – წყალტუბო, 14:00 იმედი თელავი – რუსთავი 

30 მაისი. 12:30 წყალტუბო – იმედი თელავი, 14:00 რუსთავი – ფოთი

31 მაისი. 12:30 რუსთავი – წყალტუბო, 14:00 იმედი თელავი – ფოთი

Leave a Reply