gnhf-rrr

არსენაშვილის დებიუტი პორტუგალიის ლიგაში

ეროვნული ნაკრების ხელბურთელმა ერეკლე არსენაშვილმა ახალი სეზონი პორტუგალიის უმაღლესი ლიგის კლუბ ბრაგაში დაიწყო. ჩემპიონატის პირველ ტურში მისი ახალი გუნდი შინ ფრედ, 28-28 ეთამაშა ბელენენსეშს. 

21 წლის არსენაშვილმა უკვე მოასწრო ორი სეზონის საბერძნეთის ჩემპიონატში თამაში.  შარშან მისი კლუბი იყო დიომიდის არგოსი, თუმცა, სეზონის შუაში ქართველმა ხაზის მოთამაშემ ბერძნებთან კონტრაქტი გაწყვიტა და სეზონის ბოლომდე უკლუბოდ იყო, ივნისში კი საქართველოს ნაკრებთან ერთად თბილისის სპორტის სასახლეში IHF ერთა ჩემპიონატი მოიგო.

პორტუგალიის ანდებოლ 1 ლიგაში 14 გუნდი თამაშობს ორ წრედ, 6 საუკეთესო კი ბრძოლას ჩემპიონობისთვის აგრძელებს. ბრაგა ქვეყნის 2016 წლის ჩემპიონია, შარშანდელ სეზონში კი მეშვიდე ადგილი დაიკავა და მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლით დაუთმო მეექვსე პოზიცია ბელენენსეშს, რომელთან მატჩითაც დაიწყო კიდეც ახალი სეზონი.  

თამაში ფრედ, 28-28 მორჩა. არსენაშვილს სადებიუტო მატჩში გოლი არ გაუტანია, მატჩის ბოლოს, 57-ე წუთზე კი თვისი გუნდისთვის მოიპოვა შვიდმეტრიანი, რომლის შემდეგაც ბრაგამ ანგარიში გაათანაბრა (27-27). ამის გარდა ქართველი ხელბურთელის გასწვრივ თამაშის ოქმში ერთი ორწუთიანი გაძევებაა.

მეორე ტურში ბრაგა 4 სექტემბერს, ლისაბონში ეთამაშება წინა სეზონის ბრინჯაოს პრიზიორს, ბენფიკას.

ერეკლე არსენაშვილი: დაიბადა 1998 წლის 18 ოქტომბერს. ხელბურთის თამაში დაიწყო 2010 წელსქარიშხალაში. კარიერა: ქარიშხალა (2010-15) – სტუ (2015-17, საქართველოს ჩემპიონატის მეორე და მესამე პრიზიორი) – ფილიპოს ვერიასი (საბერძნეთი, 2017-18) – დიომიდის არგოსი (საბერძნეთი, 2018-19) -ბრაგა (პორტუგალია, 2019-20). ეროვნულ ნაკრებში პირველად ითამაშა 2016 წელს. სულ: 11 მატჩი, 29 გოლი

Leave a Reply