ამხანაგური მატჩი რუმინეთთან

საქართველოს ეროვნული ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის ემზადება. გუნდმა რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში 4 დღე დაჰყო. საწვრთნელი პერიოდის ბოლოს საქართველოს ნაკრები ადგილობრივ ნაკრებს შეხვდა. მატჩი რუმინელების გამარჯვებით, 37-25 დასრულდა.

როგორც მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სანდუ ფლორინ იაკობმა განგვიცხადა, ახლა სამწვრთნელო შტაბის მთავარი მიზანია დიდი ხნის შეუკრებელი გუნდის შეთამაშება და იმ სივრცის ამოვსება, რაც ნაკრების ერთ-ერთ ლიდერის, გიორგი ცხოვრებაძის არყოფნაში იქნება.

„ჯერჯერობით ჩვენი და რუმინეთის ნაკრებების დონეებს შორის განსხვავება არსებობს და ეს რიცხვებშიც აისახა. სხვა შეხვედრაში, რა თქმა უნდა, უფრო შედეგზე გავაკეთებდით აქცენტს, მაგრამ ახლა ამხანაგური მატჩი იყო, ბევრი მოთამაშე გამოვცადეთ და ეს აუცილებელიც იყო, რადგან წინ სამი მძიმე მატჩი გველის და საჭირო მომენტში უნდა ვიცოდეთ რომელ მოთამაშეს დავეყრდნოთ. გამოვცადეთ სხვადასხვა სათამაშო სისტემა და დავინახეთ რა კომპონენტებში გვაქვს მინუსები, ამ მხრივ ძალიან ნაყოფიერი მატჩი გამოვიდა.“ – სანდუ ფლორინ იაკობი.

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-2 ჯგუფის მატჩები 5 ნოემბრიდან ჩატარდება. ჩვენი მეტოქეები იქნებიან: დიდი ბრიტანეთი (5 ნოემბერი), ფინეთი (6 ნოემბერი) და ესტონეთი (7 ნოემბერი). ჯგუფში ორი საუკეთესო გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაინაცვლებს.