საჯარო სკოლების ფიზიკური აღზრდის პედაგოგებმა ხელბურთში კვალიფიკაცია აიმაღლეს
სასკოლო ხელბურთის განვითარების პროგრამა ახალი შემართებით და პროგრამით შეუდგა ახალ სასწავლო წელს. თბილისის საჯარო სკოლების ფიზიკური აღზრდის პედაგოგებისთვის საგანგებოდ შემუშავებული სამდღიანი თეორიულ-პრაქტიკული სწავლება ხელბურთის გერმანელი ექსპერტის, ჰელმუტ მარტინის ხელმძღვანელობით და მისი თანაშემწის, გოგა ჯმუხაძის დახმარებით წარიმართა.

ჰელმუტ მარტინს, რომელსაც საქართველოში არაერთი თეორიული და პრაქტიკული სწავლება ჩაუტარებია, ამჯერად განახლებული და ცოტა გართულებული პროგრამით გვეწვია. კერძოდ, საჯარო სკოლების ფიზიკური აღზრდის პედაგოგები, რომლებსაც D კატეგორიის ლიცენზიები უკვე ჰქონდათ, ამჯერად D+ კატეგორიის თეორიულ-პრაქტიკულ სემინარებზე აიმაღლეს კვალიფიკაცია.
სამდღიანი სწავლების პროცესზე ყურადღება დაეთმო სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის მოსწავლეებისთვის განკუთვნილ სწავლებებს, უნარების გამომუშავებას.

შემსწავლელი კურსის დასრულების ნიშნად, თბილისის საჯაროს სკოლების ფიზიკური აღზრდის 35 პედაგოგს ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის (IHF) სასკოლო კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცა.

პროექტი ხორციელდება ხელბურთის განვითარების, „იცხოვრე ხელბურთით“ პროგრამის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებას, გადამზადებას, ფესტივალებისა და მასტერკლასების ორგანიზებას.
პროგრამის მიზანია სკოლებში ხელბურთის სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვა, პედაგოგებისა და მწვრთნელების კვალიფიკაციის ამაღლება, სპორტის ხელმისაწვდომობის, მოზარდთა ფიზიკური აქტივობის გაზრდა, სპორტის პოპულარიზაცია მოზარდებში.
პროექტი, რომლის თაოსანიც საქართველოს ხელბურთის ფედერაციაა, მიმდინარეობს საქართველოს სპორტის სამინისტროს და ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის მხარდაჭერით და საქართველოს განათლების სამინისტროს ჩართულობით.
აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში D კატეგორიის საერთაშორისო ლიცენზია მიღებული აქვს ასამდე ფიზიკური აღზრდის პედაგოგს, რაც უდავოდ მნიშვნელოვანია სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისა და სკოლებში სპორტის განვითარების მიმართულებით.
17-19 აპრილის ჩათვლით თეორიულ და პრაქტიკულ სემინარებს გორი უმასპინძლებს, 21-23 აპრილს კი ზუგდიდი.