საქართველოში “ბარსას” კემპი გაიხსნა

ისტორიაში პირველად, Barça Academy Handball Camp Georgia 2026 თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ოფიციალურად გაიხსნა.

100 პერსპექტიული ახალგაზრდა ხელბურთელი – 50 გოგონა და 50 ვაჟი, რომლებიც საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატებისა და სასკოლო ხელბურთის ფესტივალების შედეგად შეირჩნენ, Barça Academy-ის ესპანელ მწვრთნელებთან ერთად უკვე შეუდგა ვარჯიშს.

საგანგებოდ ამ პროექტისთვის, ბარსელონას აკადემიიდან ოთხი ესპანელი მწვრთნელია მოვლენილი. ექვსდღიანი კემპის ფარგლებში მონაწილეებს ჩაუტარდებათ თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები, ხოლო ახალგაზრდული ნაკრებების ქართველ მწვრთნელებს თანამედროვე ხელბურთის მეთოდოლოგიასა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას გაუზიარებენ.

„ამ პროგრამის მიზანია ახალგაზრდული ნაკრებების სრულფასოვანი ჩამოყალიბება, რომლებიც კონკურენტუნარიანი იქნებიან საერთაშორისო ასპარეზზე. პარალელურ რეჟიმში, ამ ერთი კვირის განმავლობაში, ჩვენი მწვრთნელები გადამზადებას გაივლიან საგანგებო პროგრამით, რომელიც, თავის მხრივ, მუდმივად განახლებადია.

დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში, ამ პროექტის განხორციელების შედეგად, ეროვნულ ნაკრებს სრულფასოვანი შევსების შესაძლებლობა მიეცემა,“ – „ბარსელონას“ კემპის მიზნებს განმარტავს საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ვახტანგ მეიფარიანი.

პროექტი საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციისა და FC Barcelona-ს თანამშრომლობით, ასევე საქართველოს სპორტის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.

პროექტი „იცხოვრე ხელბურთით“, რომელიც ესპანური მოდელით მიმდინარეობს, უკვე იქცა ახალგაზრდა ტალანტების სწორად ჩამოყალიბების პლატფორმად.

შარშან ოქტომბერში, ბარსელონაში მწვრთნელებთან — გიორგი გვაზავასა და ვეფხია ზურაბიანთან ერთად გაემგზავრნენ საქართველოს 16 წლამდე ჭაბუკთა ნაკრების გამორჩეული მოთამაშეები: ლევან ტვილდიანი და ერეკლე იაშვილი. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ახალგაზრდა ქართველმა ხელბურთელებმა „ბარსელონას“ აკადემიაში თანატოლებთან ერთად ივარჯიშეს, ხოლო მათმა მწვრთნელებმა კვალიფიკაციის ამაღლების კურსები გაიარეს.

ერთი სიტყვით, შემოდგომაზე „ბარსელონას“ აკადემიასთან გაფორმებული მემორანდუმი, რაც უთუოდ მნიშვნელოვანი მოვლენაა ქართული ხელბურთის განვითარებისთვის, ამოქმედდა.

Leave a Reply