სამტრედიამ – მოქმედმა ჩემპიონმა სეზონი ოქროს მედლებით დახურა
საქართველოს 2025/26 წლების ჩემპიონატში პირველი ჩემპიონ-პრიზიორები გამოვლინდნენ. 14-წლამდე გოგონათა შორის სეზონი ოლიმპიურ სასახლეში ბოლო ტურის მატჩებით (ოქროს ვერძი – თელავი და ტყიბული – აკადემია) და დაჯილდოების ცერემონიით დასრულდა.
2012/2013 წლებში დაბადებულ გოგონათა ჩემპიონატში, სადაც ათი გუნდი მონაწილეობდა (სამტრედია, აკადემია, ტყიბული, ქუთაისი, ბსგ, ყვარელი, ლაიონს გორი, მართვე, ოქროს ვერძი, თელავი), ყველაზე მეტი – 18 ქულა დააგროვა და პირველი ადგილი დაიკავა მოქმედმა ჩემპიონმა „სამტრედიამ“, რომელმაც სეზონი წაუგებლად ჩაატარა.

„სეზონის დასაწყისშივე ჩემპიონობა დავისახეთ მიზნად, ასე იყო გასულ სეზონშიც. გვახარებს, რომ ჩემპიონობა შევინარჩუნეთ, – დაჯილდოების შემდეგ აცხადებდა სამტრედიელთა მწვრთნელი ალექსანდრე ხონელიძე. – ჩემპიონატი ისე წარიმართა, რომ ყველასთან ბრძოლა გვიწევდა. კარგია, რომ ჩვენი გუნდის თოთოეული მოთამაშე მონდომებული იყო და მოედანზე მოსაგებად გადიოდა. ვშრომობთ და ვიბრძვით და ეს გვიფასდება.“
16 ქულით, საქართველოს ჩემპიონატის ვერცხლის მედალი ერგო „ოლიმპიას“, რომელიც სეზონის განმავლობაში ერთხელ დამარცხდა.
7 მოგებით, 2 წაგებით და 14 ქულით მესამე ადგილზე გავიდა ტყიბული.
ჩემპიონატი მოუგებლად დაასრულეს ქუთაისმა და „ლაიონსმა“.
ჩემპიონ-პრიზიორებს კუთვნილი მედლები და თასები გადასცეს საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ლევან სალუქვაძემ და საქართველოს ქალთა ხელბურთის ხელმძღვანელმა ლანა მარგიანმა.
