სამიდან სამი გამარჯვება — კვიპროსიც დამარცხებულია
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა EHF-ის ჩემპიონატზე (Men’s 18 EHF Championship) მესამე შეხვედრა ჩაატარა და მორიგ წარმატებას მიაღწია. კვიპროსთან ფავორიტად შერაცხილმა საქართველოს ნაკრებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
კვიპროსელები, რომლებსაც თელავში მიმდინარე ტურნირზე მესამე წაგება დაუგროვდათ, პირველ ტაიმში ასე თუ ისე ახერხებდნენ თამაშში დარჩენას. პირველი ნახევარი ოთხი ბურთის სხვაობით წააგეს, მაგრამ მეორეში საქართველოს ნაკრებმა ფავორიტის სტატუსის შესაბამისად ითამაშა და 10-ბურთიანი სხვაობით — 29:19 გაიმარჯვა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებიდან გოლი 11-მა ხელბურთელმა გაიტანა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კი მეკარე გიორგი ქევხიშვილი დასახელდა, რომელმაც მისთვის პირველივე შეხვედრაში 12 ბურთი (!) მოიგერია.

„კვიპროსთან თამაში ისეთი გამოვიდა, როგორიც გამოვიდა. ხელბურთი 10 წუთში არ მთავრდება. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ მომენტში, შეიძლება გამოუცდელობით თუ თავდაჯერებულობით მოვეშვით, ცვლილებების შემდეგ მოედნიდან გასული და უკან დაბრუნებული მოთამაშეები უფრო დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ.
რაც შეეხება ხვალინდელ მეტოქე კოსოვოს, ვფიქრობ, დღევანდელ მეტოქეზე უკეთესი გუნდია. ამიტომაც შევეცადეთ, ხვალინდელი თუ დარჩენილი თამაშებისთვის ძალები შეგვენახა.
ჩვენს სამწვრთნელო შტაბს აქვს გარკვეული მონახაზი ხვალინდელი თამაშისთვის, დანარჩენი კი მოედანზე გამოჩნდება. ყველაფერს ვიღონებთ, რომ კოსოვოსთანაც დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვოთ“, — განაცხადა გამარჯვების შემდეგ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, შოთა თევზაძემ.
საქართველოს ხვალინდელმა მეტოქე კოსოვომ დღეს ბელგიასთან 7-ბურთიანი მარცხის მიუხედავად დიდი ბრძოლა გაუმართა მეტოქეს, ჯგუფის მეორე შეხვედრაში კი ბულგარეთმა დიდი ანგარიშით — 42:21 მოუგო დიდ ბრიტანეთს.

საქართველოს ნაკრები: გიორგი ქევხიშვილი, ლევანტვილდიანი,გიორგი კენჭაძე; ნიკოლოზ მამულაშვილი (2), გიორგი კაპანაძე (6), ვახტანგ ხარებაშვილი (4), ვანო გურგენიძე (), დემეტრე თორია (), ნიკოლოზ ბიბლაია (5), ნიკოლოზ ნარიმანიძე (1), საბა ბუიღლიშვილი (2), საბა შუბაშიშვილი (1), ნიკოლოზ ბოჟაძე (1), ალექსანდრე ბოჟაძე (3), ანდრია ბურჯალიანი (3), შოთიკო ახვლედიანი (1)
მთავარი მწვრთნელი: შოთა თევზაძე
მწვრთნელი: გიორგი ქობელაშვილი, პაბლო კამპოს სუნენი, ჩავიერ სალვადორ ჟაუმა
M18 EHF Championship II 2026 (თელავი, საქართველო)
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი (ჯგუფური ეტაპი):
- 6 აგვისტო: საქართველო vs კოსოვო
- 8 აგვისტო: საქართველო vs ბელგია
9 აგვისტოს გაიმართება ფინალური მატჩები საბოლოო ადგილების დასაკავებლად.