ნინო მუშკუდიანი 40 გოლით ევროპის პირველობის საუკეთესო ბომბარდირთა შორის მოხვდა

16 წლამდე გოგონათა შორის ევროპის პირველობაზე, რომელსაც შვედეთის ქალაქი გიოტებორგი მასპინძლობდა, საქართველოც იყო წარმოდგენილი. ჩვენმა გოგონებმა ტურნირზე 8 მატჩი ჩაატარეს (ესპანეთის, სერბეთის, ნიდერლანდების, ფარერის კუნძულების, ისლანდიის, ლიეტუვის, ჩეხეთისა და ფინეთის ნაკრებების წინააღმდეგ). აქედან ერთი ფრედ დაასრულეს, ორი კი მოიგეს და 20 უძლიერეს გუნდს შორის მე-17 ადგილი დაიკავეს. რომ არა ფარერებთან დასანანი მარცხი, შესაძლებელი იყო ათეულშიც მოვხვედრილიყავით.

ასევე აღსანიშნავია ბომბარდირთა დავაში საქართველოს ნაკრების წარმომადგენლის, ნინო მუშკუდიანის ხილვა, რომელიც 40 გოლით ევროპის პირველობის საუკეთესო ხუთეულში მოხვდა. მუშკუდიანს ყველაზე უხვგოლიანი მატჩი ფინეთთან ჰქონდა, სადაც 9 ბურთი გაიტანა. მის პირად სტატისტიკაში მეორე საუკეთესო მაჩვენებელი ფარერებთან გატანილი 8 გოლია.

26 გოლით საქართველოს ნაკრებიდან მეორე საუკეთესო შედეგი მარიამ ქათამაძეს აქვს, ხოლო 20 ბურთით მესამეზე მარიამ დანელიაა. საქართველოს ნაკრებიდან გოლები ასევე გაიტანეს: ანასტასია ესართიამ (8), ლიზი კვესელავამ (8), სესილი სალუქვაძემ (6), ბარბარე გამგებელმა (5), მართა ბარნაბიშვილმა (5), ნინო ქებურიამ (3) და თეკლა ჩუბინიძემ (1). მთლიანობაში ჩვენმა გოგონებმა 82-ჯერ აიღეს მეტოქის კარი.

ევროპის პირველობაზე მატჩების ინტენსივობამ — დღეში ორმა თამაშმა — ჩვენს გუნდზე აშკარად დადებითი გავლენა იქონია: მატჩიდან მატჩამდე თამაშს უმატებდნენ და უკეთ გამოიყურებოდნენ.

რაც შეეხება ტურნირის გამარჯვებულს, ისტორიაში პირველად ჩემპიონი გერმანია გახდა, რომელმაც ფინალში უნგრეთი 29:17 დაამარცხა, ხოლო მესამე ადგილისთვის მატჩში ხორვატიამ მოქმედ ჩემპიონ შვეიცარიას დაძაბულ შეხვედრაში 24:23 მოუგო.

საქართველოს ნაკრები: სესილი სანიკიძე, თამარ ბერუაშვილი, ანასტასია კუჭაშვილი; ნინო მუშკუდიანი, მარიამ ქათამაძე, მარიამ დანელია, ლიზი კვესელავა, ნინო ქებურია, თეკლა ჩუბინიძე, მართა ბარნაბიშვილი, ანასტასია ლაგვილავა, ნინო ნაგერვაძე, ბარბარე გამგებელი, სესილი სალუქვაძე, ნინო დვალიშვილი, ანასტასია ესართია (C).

  • მთავარი მწვრთნელი: გიორგი გვაზავა
  • მწვრთნელები: ინა ჭკუასელი, მარიამ ჩავჩიძე
  • ექიმი: მარიამ როსტიაშვილი

Leave a Reply