IHF კომისიის საინსპექციო ვიზიტი საქართველოში

თბილისს სტუმრობდა ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის (IHF) სპეციალური კომისია – საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარე პერ ბერტელსენი (დანია), მარკო ტოზი ბრანდი (იტალია) და მარეკ გორალჩიკი (პოლონეთი). ვიზიტის თემა იყო 2017 წლის მსოფლიოს ჭაბუკთა ჩემპიონატი, რომელიც აგვისტოში საქართველოში უნდა გაიმართოს მსოფლიოს 24 უძლიერესი გუნდის მონაწილეობით.

22 ნოემბერს სტუმრები მიიღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა

22-23 ნოემბერს სტუმრებმა მოაწყვეს თბილისის საშეჯიბრო და სავარიშო არენების, ასევე სასტუმროების ინსპექცია. გაიმართა რამდენიმე შეხვედრა, რომელზეც საქართველოს ფედერაციას წარმოადგინდნენ პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე, გენერალური მდივანი ქეთევან კობერიძე და ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები.

მოხდა შეთანხმება თითქმის ყველა საორგანიზაცო და ტექნიკურ საკითხზე და დაზუსტდა მეორე ვიზიტის თარიღი – 2017 წლის აპრილი. ამ ვიზიტის დროს გაიმართება წილისყრაც, რომელიც 24 მონაწილე გუნდს 4 ქვეჯგუფად დაანაწილებს, ამის შემდეგ კი შეჯიბრება 16-გუნდიანი პლეიოფით გაგრძელდება. სულ, 8-21 აგვისტოს უნდა გაიმართოს 92 მატჩი.

ჯერჯერობით ცნობილია მსოფლიო ჩემპიონატის 12 მონაწილე ევროპიდან – საქართველო (მახპინძელი), საფრანგეთი, ხორვატია, გერმანია, სლოვენია, დანია, ესპანეთი, ისლანდია, სერბეთი, შვედეთი,პორტუგალია და რუსეთი. დანარჩენ კონფედერაციებში შესარჩევი ტურნირები ჯერ არ გამართულა. საბოლოოდ, მსოფლიო ჩემპიონატში ითმაშებს ევროპის 12, ამერიკისა და აფრიკის 4-4, აზიის 3 და ოკეანიის 1 საუკეთესო გუნდი.

Leave a Reply