„მთავარია ნაკლები ტრავმა გვქონდეს, მერე ჩვენზეა დამოკიდებული წარმატების მოპოვება“ – ირაკლი ჩიქოვანი
საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მოთამაშე, ირაკლი ჩიქოვანი „კონსტანცასთან“ ერთად რუმინეთის სუპერთასის მფლობელი გახდა. ქართველი ლეგიონერის გუნდმა ტიტულისთვის ბრძოლაში რუმინული ხელბურთის ფლაგმანი – „დინამო ბუქარესტი” 19:18 დაამარცხა, ამ მატჩში 4 გოლის გატანა სწორედ ჩიქოვანმა შეძლო.
ირაკლის რუმინეთში დავუკავშირდით, ამ მნიშვნელოვანი ტიტულის მოგება მივულოცეთ და კითხვები როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო ამბებზე დავუსვით:
– ქალაქში ამ წარმატებით ძალიან გახარებულები არიან. რუმინეთში ხელბურთი პოპულარობით სპორტის პირველი თუ არა, მეორე სახეობა ნამდვილად არის და ყველამ მოგვილოცა ეს გამარჯვება, მათ შორის ადგილობრივი ხელისუფლებიდანაც. ორმაგად აღსანიშნავია ეს მოგება, რადგან საკმაოდ ძლიერ მეტოქეს ვძლიეთ, ბუქარესტის „დინამო“ ისედაც ძლიერი გუნდია და ამ სეზონის წინ უფრო გაძლიერდნენ ლეგიონერებით. მათი სტატუსიდან გამომდინარე, ფავორიტებად ჩვენ ნამდვილად არ მივიჩნეოდით, თუმცა ჩვენ ჩვენი შემართება გამოვავლინეთ, ამასთან ერთად საოცრად ითამაშა ჩვენმა მეკარემ, ყველაფერი ერთმანეთს დაემატა და თასის მოპოვება მოვახერხეთ.
– რუმინეთში ჩემპიონატის ახალი სეზონი უკვე დაიწყო, თქვენმა გუნდმა პირველივე მატჩში დიდი ანგარიშით გამარჯვება მოახერხა. რა არის „კონსტანცას“ მიზანი ამ სეზონში?
– ახალი მოთამაშეები ჩვენც გვყავს, ორი ადგილობრივია, ოთხი კი ლეგიონერი, გუნდს კარგად შეეწყვნენ და ვფიქრობ წინა წელთან შედარებით უფრო გავძლიერდებით. ამჟამად ჩვენი ძირითადი მიზანი ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაა, წინ პოლონური „ვისლას“ ბარიერი გვაქვს, მათთან რთული მატჩები გველის, მაგრამ ყველანაირად ვეცდებით, რომ ევროპულ ტურნირზე ვითამაშოთ. რაც შეეხება შიდა ასპარეზს, მეტოქეები საკმაოდ ძლიერები არიან და ჩემპიონობისთვის ბრძოლა რთული იქნება… პროგრამა მინიმუმი ალბათ უფრო საპრიზო სამეულში შესვლაა.
– საქართველოს ნაკრებზე ვისაუბროთ, გაირკვა თუ ვინ იქნება ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევ რაუნდში ჩვენი გუნდის მეტოქე – ფინეთის ნაკრები. ჩვენ მათ წინა შესარჩევ ეტაპზეც შევხვდით, თუმცა სამწუხაროდ დავმარცხდით. ახლა როგორ შეაფასებთ წილისყრას და როგორია მოლოდინები?
– ფინეთი ძლიერი მეტოქეა, მაგრამ ჩვენ დავინახეთ უკვე, რომ კვიპროსმა თუ რამდენიმე წლის წინ დაგვამარცხა, წელს უკვე დიდი ანგარიშით ვძლიეთ. ეს იმის მაგალითია რომ, თუ ეს შემართება გვექნება და მობილიზიბულები ვიქნებით ფინეთის ბარიერსაც დავძლევთ და იმ ერთ ნაბიჯსაც გადავლახავთ, რომელიც ევროპის ჩემპიონატის დასკვნით შესარჩევ ეტაპამდე გვაშორებს. მთავარია ჯანმრთელად გვყავდნენ მოთამაშეები, მერე ჩვენზეა დამოკიდებული წარმატების მოპოვება და იქ დამკვიდრება, სადაც ნამდვილად ჩენი ადგილია.
– საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვნენ 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზეც. ჩვენი ნაკრები მე-2 ჯგუფში ფინეთთან, ესტონეთთან და დიდი ბრიტანეთთან ერთად იასპარეზებს. ამ მეტოქეებზე რას იტყვით?
– აღნიშნულ გუნდებთან ადრე ნათამაშები გვაქვს და ზოგადი წარმოდგენა გვაქვს მათზე. რა თქმა უნდა, მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა უფრო რთული პროცესია, ვიდრე ევროპაზე. მაგრამ ამ საკვალიფიკაციოზეც მაქსიმალურად დავიხარჯებით. ჯგუფში ორი საუკეთესო გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადადის, კიდევ ერთხელ ვიტყვი, მთავარია ტრავმებმა არ შეგვაწუხოს და ამ ორ გუნდში მოხვედრა შესაძლებელია.
– ივნისში თბილისში ევროპის ჩემპიონატის პრე-საკვალიფიკაციო რაუნდი, ერთა თასი გაიმართა, რომელიც საქართველომ დამაჯერებლად მოიგო. მოთამაშეებს დიდი ხანი ერთად არ გქონდათ ნათამაშები, ახალი მწვრთნელის ფაქტორიც იყო, მაგრამ რეზულტატი დადებითი დადგა, რის ხარჯზე მოხერხდა ტურნირზე პირველობა?
– ბიჭებმა თავი არ დაზოგეს, იმის მიუხედავად თუ მეტოქე ვინ იყო, თამაშებზე ასი პროცენტით იხარჯებოდნენ. მალტაში განცდილი მარცხი კვიპროსის წინააღმდეგ მწარედ გვახსოვდა და ეს ორმაგ მოტივაციას გვაძლევდა.
რაც შეეხება მწვრთნელის ფაქტორს, სანდუ ფლორინ იაკობმა ნაკრებში პოზიტიური განწყობა შემოიტანა და, შესაბამისად დადებითი კუთხით ბევრი რამ შეიცვალა. ნაკრებში რამდენიმე ვართ, ვინც რუმინულად ვლაპარაკობთ, თავად ინგლისურადაც გამართულად მეტყველებს, ასე რომ კომუნიკაციის პრობლემაც არ არსებობს.
უნდა აღვნიშნო, რომ მშვენიერი თაობა მოდის, მათ თავი ზაფხულში გამართულ მატჩებშიც წარმოაჩნეს. ნაკრების გამოცდილი მოთამაშეები ახალგაზრდებს მაქსიმალურად დავეხმარებით და ჩვენს გამოცდილებას გავუზიარებთ. მათ დიდი შანსი აქვთ, რომ ჩვენი გუნდი ერთი საფეხურით ზემოთ აიყვანონ, იქ, სადაც რეალურად ჩვენი ადგილია
საქართველო ხელბურთის ფედერაცია – Geohandball.Ge