ამირან კომახიძე იუბილარია
ქართული ხელბურთის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი, ამირან კომახიძე დღეს 70 წლისა შესრულდა.
ამირანი 1951 წლის 31 იანვარს დაიბადა ბათუმში. ხელბურთის თამაში 1965 წელს იქვე, ბენო ფირცხალაიშვილთან დაიწყო და მას შემდეგ, 56 წელი, უწყვეტად დგას ქართული ხელბურთის სამსახურში.
1968 წელს კომახიძემ მოსწავლეთა სპარტაკიადაზე ითამაშა საქართველოს ნაკრებში და მაშინვე აიყვანეს თბილისის „ქარიშხალაში“, რომლის კარსაც ზედიზედ 18 სეზონი იცავდა.
ამ 18 წელიწადში ამირან კომახიძემ ოთხჯერ ითამაშა საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადაზე და 1975 წელს ბრინჯაოს მედალი მოიპოვა საქართველოს ნაკრებთან ერთად; 1978 წელს საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი გახდა თბილისის „ქარიშხალაში“ და ამ გუნდშივე მოიპოვა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების 3 ბრინჯაოს მედალი (1977, 1980, 1981).
მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ კომახიძე თავის გამოცდილებას ახალგაზრდებს გადასცემს. ის იყო ბურევესტნიკის სახელბურთო სკოლის დირექტორი, საქართველოს გოგონათა და ქალთა ნაკრებების მწვრთნელი, ბოლო წლებში – საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების მეკარეთა მომზადებას ხელმძღვანელობდა და ამავე ფუნქციას ასრულებს მშობლიური ქალაქის, ბათუმის „შავი ზღვის ბიჭების“ გუნდში, სადაც საქართველოს ჩემპიონისა და თასის მფლობელის ტიტული მოიპოვა როგორც მწვრთნელმა.
ჩვენი ქვეყნის ყველა დროის ერთ-ერთ გამორჩეულ მეკარეს, ღირსეულ მოქალაქესა და პატრიოტს, ამირან კომახიძეს ვუსურვებთ ჯანმრთელობას, ოჯახურ კეთილდღეობას და კიდევ დიდი ხნის სამსახურს ქართული ხელბურთისა და საქართველოსთვის.