50 წლის წინ: გამარჯვებულნი დაბრუნდნენ
ფოტო ზუსტად 50 წლის წინაა გადაღებული: 1970 წლის ზაფხულში თბილისის განათლების განყოფილების ჭაბუკთა გუნდი საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა ხელბურთში.
სურათი გადაღებულია ლიეტუვის ქალაქ ელექტრენაის ღია მოედანზე. მარცხნიდან მარჯვნივ: ზურაბ კეკელიძე, ჯემალ ბარამიძე, დემურ ჭაფოძე, ბადრი ტაბატაძე, თემურ კორძახია, ვახტანგ ბერიაშვილი, ალექსანდრე ბერესტოვი, რევაზ სუხიშვილი, ვალერი კირაკოსიანი, გიორგი ბალამწარაშვილი, ვახტანგ შიოშვილი (კაპიტანი). მეთორმეტე მოთამაშე, მომავალი ოლიმპიური ჩემპიონი, ალექსანდრე ანპილოგოვი კადრში ვერ მოხვდა.
გუნდის მწვრთნელები იყვნენ გარი მაჭავარიანი და ანზორ ლელაშვილი. შეჯიბრება ორ ეტაპად გაიმართა. საწყის სტადიას ფოთის სპორტდარბაზმა უმასპინძლა, ხოლო ფინალურ ტურნირს – ლიეტუვის ელექტრენაის ღია მოედნებმა.
აი, რას წერდა გაზეთი „ლელო“ შეჯიბრების შემდეგ:
გამარჯვებულები დაბრუნდნენ
ორიოდე დღეა, რაც თბილისის განათლების განყოფილების ჭაბუკ ხელბურთელთა გუნდი ლიტვის ქალაქ ელექტრენაიდან დაბრუნდა: თბილისელმა ხელბურთელებმა უფროსი ასაკის მოზარდთა შორის სსრ კავშირის ჩემპიონობა მოიპოვეს. გუნდი მოამზადა სპორტის ოსტატმა გ. მაჭავარიანმა. ჩვენთან საუბარში მან აღნიშნა, რომ შეჯიბრება ერთობ დაძაბული იყო და თბილისელმა ჭაბუკებმა ძნელი გამოცდა ფრიადზე ჩააბარეს.
თბილისელებმა ფოთის ქვეჯგუფში გაინაღდეს ფინალის საგზური. ფინალში ისინი 2 ოქროს ქულით შევიდნენ (გამარჯვება მოსკოვის ნაკრებთან – 35-28).
ელექტრენაიში ჩვენებმა ფინალის 4 მატჩი გამართეს და თავდაპირველად მოლდავეთის ნაკრებთან გაიმარჯვეს – 26-20. შემდეგ მათ მეტად ძლიერ მეტოქესთან – ყაზახეთის ნაკრებთან მოუხდათ თამაში. ეს იყო ძალიან მწვავე შეხვედრა, რომელმაც გამარჯვებული ვერ გამოავლინა – 20-20. ბოლოსწინა მატჩი თბილისელებს ბელორუსიის კოლექტივთან ჰქონდათ. მათ ძალიან კარგად ითამაშეს, მიზანსაც მიაღწიეს (21-18) და ერთი ტურით ადრე გაინაღდეს ოქროს მედლები. ბოლო მატჩი უკრაინის გუნდთან ჩემპიონებმა წააგეს: ეტყობა, იმან იმოქმედა, რომ პირველი ადგილი უკვე განაღდებული ჰქონდათ.
მწვრთნელმა გ. მაჭავარიანმა კოლექტივიდან არავინ გამოჰყო, თქვა, ყველა თავდადებით თამაშობდაო. გუნდს გადაეცა ბროლის თასი. მეორე ადგილზე გავიდა უკრაინის ნაკრები, მესამეზე – ბელორუსიის კოლექტივი.
ასპარეზობის შემდეგ დაკომპლექტდა სსრ კავშირის მოზარდთა ნაკრები. თბილისელთაგან ნაკრების წევრობის კანდიდატები არიან ვ. ბერიაშვილი, ჯ. ბარამიძე და რ. სუხიშვილი.
ავტორი: გ. ირინაული
გაზეთი ლელო, 1970, 9 ივლისი
ფოტო დემურ ჭაფოძის პირადი არქივიდან