საქართველო მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებს უმასპინძლებს

საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ ორი დიდი ტურნირის მასპინძლობის უფლება მიიღო. 2022 წელს ჩვენს ქვეყანაში გაიმართება 18-წლამდელ გოგონათა მსოფლიო ჩემპიონატი, ხოლო 2021 წელს – 17 წლამდელ გოგონათა ევროპის პირველობა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება. 2017 წელს თბილისში უკვე გამართა ჭაბუკთა მსოფლიო პირველობა, რომელშიც 24 უძლიერესი გუნდი თამაშობდა. 2021 წლიდან ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციამ ყველა მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეთა რაოდენობა 32 გუნდამდე გაზარდა. ეს ნიშნავს 116 მატჩს 13 სათამაშო დღის განმავლობაში 4 სხვადახვა არენაზე.

საქართველოს ფედერაცია ამ ტურნირის ჩატარებას გეგმავს თბილისსა და ბათუმში, სადაც მალე მწყობრში უნდა იყოს საერთაშორისო სტანდარტების ორი არენა. მსოფლიო ჩემპიონატი 2022 წლის აგვისტოშია დაგეგმილი და საერთაშორისო ფედერაციამ საბოლოო გადაწყვეტილება მასპინძელი ქვეყნის შესახებ უკვე მიიღო. 32 მონაწილე ქვეყანა კონტინენტური ჩემპიონატების შემდეგ გაირკვევა.

რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატს, საკითხი აქაც გადაწყვეტილია და შეჯიბრების დროა 2021 წლის აგვისტო. ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატი ჩვენს ქვეყანაში უკვე სამჯერ გაიმართა: 2016 და 2018 წლებში 18-წლამდელ ჭაბუკთა, ხოლო 2019 წელს – 17-წლამდელ გოგონათა შორის. მსგავსი ფორმატის ტურნირებში, როგორც წესი, მონაწილეობს 8-დან 12 გუნდამდე. ზუსტი რაოდენობა და მონაწილე ქვეყნები წლეულს, შემოდგომაზე გაირკვევა.

აღსანიშნავია, რომ ორივე ტურნირზე ერთი თაობის, 2004-05 წლებში დაბადებული გოგონები ითამაშებენ.  ზუსტად ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ფედერაციამ ორივე შეჯიბრების მასპინძლობაზე შეიტანა განაცხადი. მიზანი ქალთა ხელბურთში თაობათა უწყვეტობის უზრუნველყოფა და კონკურენტუნარიანი ეროვნული ნაკრების ჩამოყალიბებაა. ათწლიანი პაუზის შემდეგ, 2015 წლიდან საერთაშორისო ასპარეზზე უკვე გამოვიდა ხელბურთელი გოგონების რამდენიმე თაობა, ხოლო აქ აღზრდილი რამდენიმე მოთამაშე წარმატებით ასპარეზობს ევროპულ კლუბებში. 2021 წელს ქალთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ჩაებმება.

უკვე არსებობს 2004-05 წლებში დაბადებულთა ნაკრებიც და მას საერთაშორისო დებიუტი ამ ზაფხულს, შვედეთში, ევროპის 16-წლამდელთა ჩემპიონატზე უნდა ჰქონოდა, მაგრამ, პანდემიის გამო შეჯიბრება გაუქმდა. ამ ასაკის საქართველოს ჩემპიონატში 13 გუნდი თამაშობდა 10 სხვადასხვა ქალაქიდან. ყველა კლუბში არიან ნაკრების კანდიდატები, რომელთა რიცხვი ორმოცდაათს აღწევს.

იძულებითი პაუზის შემდეგ, ორი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ტურნირისთვის მზადების განახლება აგვისტოში იგეგმება.  

აგვისტოშივე უნდა დაიწყოს ერთობლივი ვარჯიში ყველა სხვა ასაკობრივმა ნაკრებმაც.  ჭაბუკთა ორი, 20 და 18-წლამდელთა გუნდის ევროპის ჩემპიონატები ევროპის ხელბურთის ფედერაციამ ზაფხულიდან იანვარში გადაიტანა. გაისად ევროპირველობა უწევს გოგონათა 19-წლამდელთა ნაკრებსაც და ასევე ჭაბუკთა ახალ თაობას, 2004-05 წლებში დაბადებულებს. ნაკრების ყველა კანდიდატი აქამდე შინ, ინდივიდუალური გეგმის მიხედვით ემზადებოდა.

საქართველოს ხელბურთის ფედერაცია დიდი ნდობით სარგებლობს საერთაშორისო ფედერაციებში და უმაღლესი დონის შეჯიბრებების ერთ-ერთ საუკეთესო  ორგანიზატორად ითვლება. 2015 წლიდან მოყოლებული აქ გაიმართა ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალი, ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატების 3 ფინალური და 2 შესარჩევი ტურნირი, IHF ერთა თასი, EHF ქალთა თასი და IHF/EHF 2 ჩელენჯ-ტროფი; ამას გარდა, 2012 წლის ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატი ქვიშის ხელბურთში. კიდევ ერთი ტურნირი ხელბურთის ამ ნაირსახეობაში – 2020 წლის ქალთა და კაცთა ევროპის ჩემპიონატები, რომლებისთვისაც ივლისში ბათუმს უნდა ემასპინძლა, პანდემიის გამო გაუქმდა.

Leave a Reply