ირლანდიის ლიგის საუკეთესო ქართველი მოთამაშე
ეროვნული ნაკრების ხელბურთელი, რობერტ ბეჟანიშვილი 5 წელია, ირლანდიაში ცხოვრობს და ქვეყნის ოთხგზის ჩემპიონობასთან ერთად, ერთხელ ლიგის საუკეთესო მოთამაშეც გახდა. ბეჟანიშვილს დუბლინში დავუკავშირდით. რობერტი იმდენად დაკავებულია სწავლით, მუშაობით, ოჯახითა და ხელბურთით, რომ სასაუბროდ დროის შერჩევა გაგვიჭირდა. ბოლოს, კვირა დილით, 8 საათზე გამოინახა ერთი საათი.
-2015 წლის 17 დეკემბერს ჩამოვედი ირლანდიაში. სამუშაოს ვეძებდი და წინასწარ ხელბურთის კლუბსაც მივწერე ჩემი მონაცემები. ჩასვლის შემდეგ ცოტა ხანი დამჭირდა სიტუაციაში გასარკვევად, სამუშაოდაც მოვეწყვე და ამის შემდეგ, 2016 წელს მივედი ხელბურთის კლუბშიც – დუბლინ ინტერნეიშენალ.
– მანდ სამოყვარულო ლიგაა, ხომ?
– დიახ. სულ 5 გუნდია, ქალებშიც და კაცებშიც. 4 – დუბლინის და ერთი – ქალაქ კორკის. ჩემპიონატის შეწყვეტამდე ლიდერობდა დუბლინ სიტი, ჩვენ მეორეზე ვიყავით. იქამდე ოთხჯერ გავხდით ჩემპიონები, რამდენჯერმე თასიც მოვიგეთ. პრინციპში, დუბლინ სიტი და დუბლინ ინტერნეიშენალი ერთი კლუბია, უბრალოდ, ბევრი მოთამაშე ჰყავს და ორი გუნდით გამოდის.
ლიგა სუფთად სამოყვარულოა. ყველა მუშაობს ან სწავლობს და ხელფასს ხელბურთში არავინ იღებს. მე ჩამოსვლისთავავე მოვეწყვე კავშირგაბმულობის კომპანია Eircom-ში, და დღემდე მანდ ვმუშაობ, თან ვსწავლობ. გრიფიტის კოლეჯში უკვე დავასრულე საინფორმაციო ტექნოლოგიების კურსი და ახლა ბიზნესის მეცნიერებასა და მენეჯმენტს ვსწავლობ. 6 წელია, დაქორწინებული ვარ. ჩემი მეუღლე, ელენე მირზიკაშვილიც დუბლინშია.
ხელბურთს რაც შეეხება, კვირაში ერთი თამაში და სულ ერთი ვარჯიში გვაქვს. როცა სწავლისგან და მუშაობისგან თავისუფალი დრო მაქვს, სხვა კლუბთანაც ვვარჯიშობ ხოლმე და ირლანდიის ნაკრებთან ერთადაც მივარჯიშია.
– როგორც ვიცი, ლიგის საუკეთესო მოთამაშედაც გაღიარეს.
– დიახ, წინა სეზონში. ორი წლის წინათაც ვიყავი წარდგენილი, მაგრამ კოლეჯში გამოცდების გამო რამდენიმე თამაში გამიცდა და საუკეთესოდ ჩემი თანაგუნდელი დაასახელეს. ძირითადად ვთამაშობ მარჯვენა ინსაიდის პოზიციაზე, თუმცა, თამაშის განმავლობაში, სადღც 10 წუთით, მარჯვენა კუთხეშიც გადამიყვანენ ხოლმე…
– შარშან ირლანდიის ნაკრები იყო თბილისში, ერთა თასზე სათამაშოდ ჩამოსული. შენც ხომ არ შემოგთავაზეს წამოსვლა?
– მე მხოლოდ ვარჯიში შემეძლო ნაკრებთან ერთად და, როგორც გითხარით, რამდენჯერმე მივარჯიშია ერთად. ჯერჯერობით ირლანდიის მოქალაქე არა ვარ. შემოდგომაზე ვაპირებ განაცხადის შეტანას. ჩემი კლუბიდან ორი ახალგაზრდა მოთამაშე იყო თბილისში…
– კლუბში მარტო შენ ხარ უცხოელი?
-არა, უმეტესობა. 5 ირლანდიელია. დანარჩენები – აქ მცხოვრები ხორვატები, იტალიელები, ფრანგები, ლიტველები არიან. მწვრთნელიც ლიტველია.
– საქართველოს ჩემპიონატში ბოლოს 2015 წელს, იმედში თამაშობდი. რომ შევადაროთ მაშინდელი იმედი და შენი დღევანდელი გუნდი, რომელი უფრო ძლიერია?
– ჩემს შემდეგ, 2017 წელს, იმედი საქართველოს ჩემპიონი გახდა. ჩემი დროის გუნდს კი, ალბათ გაუჭირდებოდა დუბლინთან თამაში. კი, სამოყვარულო გუნდია, მაგრამ ყველა უცხოელს თავ-თავის ქვეყანაში თამაშის კარგი გამოცდილება აქვს. დიდი სისწრაფეებით ვერ დაიკვეხნიან, მაგრამ საკმაოდ კლასიანი მოთამაშეები არიან…
– იმედამდე სად გითამაშია საქართველოში?
– ყვარლელი ვარ და ჩემს ქალაქში დავიწყე. ჩემი პირველი მწვრთნელი იყო ბესო ცინცაძე, რომელიც 2 წელი გვავარჯიშებდა. ყვარელშივე მივარჯიშია ზურაბ ხარებაშვილთან და გოჩა ღონიაშვილთან. გოჩასთან ერთად მიშამაშია კიდეც. უმაღლეს ლიგაში პირველად 2006-07 სეზონში ვითამაშე რუსთავში, ვასილ მძელურთან; შემდეგ: ქარიშხალაში – ბექა ორჯონიკიძესთან; ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდში ირაკლი კეკელიძესთან, სადაც სამჯერ გავხდი საქართველოს ჩემპიონი და ბოლოს იყო იმედი, სადაც მწვრთნელები იყვნენ მერაბ მეტრეველი და გივი შარანგია. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, ვისაც ჩემზე ამაგი აქვს. მეშინია, ვინმე არ გამომრჩეს… მამუკა მჟავანაძესთანაც ვიყავი ერთ-ერთ ასაკობრივ ნაკრებში. განსაკუთრებული მადლობა, რა თქმა უნდა, პირველ მწვრთნელს ეკუთვნის…
– სხვადასხვა ნაკრებშიც ბევრჯერ გითამაშია…
– პირველად 2008 წელს ვიყავი ხორვატიაში, 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, 2010 წელს უნგრეთში, ამავე ასაკობრივ ჯგუფში; 2012 წელს – ესპანეთში, ახალგაზრდულ ნაკრებთან; 2011 წელს დუბლინში ვიყავი, ჩელენჯ ტროფის შესარჩევ ეტაპზე. და ბოლოს, ეროვნულ ნაკრებშიც გამომიძახეს 2014 წელს. ევროპის ჩემპიონატის 4 შესარჩევი მატჩი მაქვს ნათამაშები, ესტონეთის და ლუქსემბურგის წინააღმდეგ. შინ ორივეს მოვუგეთ – თბილისში ესტონეთს და ქუთაისში ლუქსემბურგს. ეს იყო 2015 წელს და იმავე წლის ბოლოს წავედი ირლანდიაში.
– ნაკრებით დავამთავროთ. 28 წლის ხარ, თუ მოგეცა შანსი, საქართველოს ნაკრებში თამაშზე რა აზრის ხარ? იმიტომ გეკითხები, რომ ირლანდიის ნაკრებიდანაც გქონია მიწვევა…
– თითქმის 5 წელია, რაც ირლანდიაში ვარ, ვარჯიშზე თუ ყველა თამაშისწინა მოთელვაზე საქართველოს ნაკრების მაისური მაცვია და სიამაყით ვატარებ. როგორც გითხარით, ირლანდიის მოქალაქეობაზე განაცხადი მაქვს შეტანილი და ალბათ მივიღებ კიდეც. ფორმალური საკითხები ზუსტად არ ვიცი, როგორაა, მაგრამ, თუ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა ხელს არ შემიშლის, რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრებში ვითამაშებ!