ჩემპიონთა ლიგის ფინალი დეკემბერში გაიმართება
ევროპის ხელბურთის ფედერაციამ გადაწყვიტა, რომ კაცთა ჩემპიონთა ლიგის ფინალური ოთხეულის ტურნირი გაიმართება 28-29 დეკემბერს, კიოლნში, გერმანია.
2019-20 წლის ნახევარფინალები და ფინალი თავდაპირველად 30-31 ივნისს იყო დანიშნული, მაგრამ COVID-19 პანდემიის გამო თარიღმა 22-23 აგვისტომდე გადაიწია, ახლა კი კიდევ ერთხელ შეიცვალა.
მაგრამ, როგორ გამოვლინდება ნახევარფინალის მონაწილე გუნდები? ლიგა მერვედფინალური სტადიის წინ შეწყდა. გამოვლენილი იყო 6 მერვედფინალური წყვილი: დინამო ბუკურეშტი – პსჟ, ვისლა პლოცკი – ვესპრემი, ვარდარი – სეგედი, ცელიე- კელცე, პორტუ – ოლბორგი, ფლენზბურგი – მონპელიე, ხოლო ჯგუფური ეტაპის ორი საუკეთესო გუნდი, ბარსელონა და კილი პირდაპირ მეოთხედფინალში იყო გასული.
შესწორებულ კალენდარში, რომელიც პანდემიის აფეთქების შემდეგ, 25 მარტს გამოქვეყნდა, მერვედფინალი 1-7 ივნისს იყო დანიშნული, ხოლო მეოთხედფინალი 22-28 ივნისს, იმ დათქმით, რომ თუ ივნისში თამაშების გამართვა შეუძლებელი გახდებოდა, ნახვარფინალისტთა წყვილები გამოვლინდებოდა უკვე დასრულებულ ეტაპზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით.
ეს დათქმა ძალაშია. 24 აპრილს, EHF აღმასრულებელი კომიტეტი გამოიტანს გადაწყვეტილებას, როგორ დაასრულოს 2019-20 წლების საერთაშორისო საკლუბო სეზონი. პრეზიდენტ მიხაელ ვიდერერის თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისტები გამოვლინდება უკვე დასრულებული, ჯგუფური ეტაპის შედეგების მიხედვით.
ეს კი ნიშნავს, რომ ნახევარფინალში გავლენ: A და B ჯგუფების გამარჯვებულები ბარსელონა (26 ქულა) და კილი (20 ქულა), ასევე A ჯგუფის მეორეადგილოსანი პარი სენ ჟერმენი (22). 20-20 ქულა დააგროვა ორმა უნგრულმა კლუბმა, ვესპრემმა (მეორე ადგილი B ჯგუფში) და სეგედმა (მესამე ადგილი A ჯგუფში). გადაწყვეტილება 24 აპრილს გამოცხადდება.
EHF ჯერ კიდევ აწარმოებს მოლაპარაკება კიდევ ორი საკლუბო ტურნირის, ქალთა ჩემპიონთა ლიგის და კაცთა EHF თასის ფინალური ოთხეულის ორგანიზატორებთან: ქალთა ჩემპიონთა ლიგის დასკვნითი ტურნირი ჯერჯერობით 5-6 სექტემბერსაა დანიშნული ბუდაპეშტში, ხოლო EHF თასისა – 29-30 აგვისტოს, ბერლინში.
გარდა ამისა, დასასრულებელია ქალთა EHF თასი და ორივე სქესის ჩელენჯ კაპი – სამივე ამ ტურნირზე ნახევარფინალისტები უკვე გამოვლენილია.
EHF ჯერჯერობით არაფერს იუწყება სანაკრებო ტურნირებზე. სათამაშოა კაცთა 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპი, პლეიოფი; ქალთა ევრო 2020-ის შესარჩევი ტურნირის 4 ტური; ასევე – ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატები 16 წლამდე გოგონათა და 18 და 20-წლამდელ ჭაბუკთა შორის (სამივე ამ ტურნირის მონაწილეთა შორის საქართველოს ნაკრებებიც არიან);
რაც შეეხება ხელბურთის მსოფლიო ფედერაციას, ზაფხულში გასამართია: მსოფლიო ჩემპიონატები 18 და 20 წლამდელ გოგონებში; ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის თარიღია 2021 წლის 23 ივლისი – 8 აგვისტო, ხოლო ოლიმპიადის შესარჩევი ტურნირების ზუსტი ვადები ჯერ უცნობია.
ჯერჯერობით უცნობია საქართველოს ჩემპიონატების ბედიც. ივნისამდე თამაშები ვერ გაიმართება. თუ ეპიდემიოლოგირი სიტუაცია გამოსწორდა, შესაძლებელია, რომ ექვსივე შინაური ტურნირი – ქალთა და ვაჟთა უმაღლესი ლიგა და 2-2 ასაკობრივი ჩემპიონატი ივნისში დასრულდეს.