ბათუმი ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს
2020 წლის 3-5 ივლისს ბათუმში გაიმართება ევროპის ჩემპიონატი ქვიშის ხელბურთში ქალებსა და კაცებს შორის. გადაწყვეტილება ევროპის ხელბურთის ფედერაციამ მიიღო.
აჭარის დედაქალაქისთვის ეს პირველი საერთაშორისო ტურნირი არ არის ხელბურთის ამ ნაირსახეობაში. 2012 წელს აქ გაიმართა ევროპის ჩემპიონატი გოგონათა და ჭაბუკთა შორის. ქვიშის ხელბურთი სწრაფად განვითარებადი სახეობაა და 2020 წელს გადაწყდება, მოხვდება თუ არა ის პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის პროგრამაში.
რაც შეეხება ჩემპიონატის ფორმატს. თამაშობენ კაცთა და ქალთა ეროვნული ნაკრებები. ევროპის ხელბურთის ფედერაციის მთავარი ტურნირია EHF ევრო, რომელიც გაიმართება 2021 წელს. 2020 წელს ტარდება ევროპის ორი ჩემპიონატი – ბათუმსა და სალონიკიში (საბერძნეთი), სადაც გათამაშდება ევრო 2021-ის 5-5 საგზური ქალებსა და კაცებში.
ბათუმისა და სალონიკის ტურნირების მონაწილე ქვეყნები გაირკვევა 2020 წლის თებერვალში. უკვე ცნობილია ევრო 2021-ის რამდენიმე ფინალისტი – მასპინძელი იტალია და ის გუნდები, რომლებმაც 2019 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოიპოვეს 2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზური. კაცებში: უნგრეთი, ხორვატია, რუსეთი, დანია, ნორვეგია, იტალია; ქალებში: ესპანეთი, უნგრეთი, ჰოლანდია, ხორვატია, დანია, საბერძნეთი, იტალია. ყველა დანარჩენი გუნდი გადანაწილდება ბათუმისა და სალონიკის ჩემპიონატებზე.
უკვე გაიმართა ორი საინსპექციო ვიზიტი. ევროპის ხელბურთის ფედერაციის ქვიშის ხელბურთის კომისიის თავმჯდომარე ოლე იორსტადი თბილისში შეხვდა სპორტის სამინისტროსა და ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელებს, ხოლო ამავე კომიტეტის წევრი მარკო ტრესპიდი და EHF ოფისის წარმომადგენელი ივანა იელიჩი ბათუმში იმყოფებოდნენ სამუშაო შეხვედრაზე. სამინისტროსა და ბათუმის მერიაში სტუმრებმა სრული მხარდაჭერა მიიღეს ყველა საორგანიზაციო საკითხის მოსაგვარებლად.
ბათუმში ქვიშის ხელბურთის მოედანი, რომელიც 2012 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის გაკეთდა, ახლაც მოქმედია, უბრალოდ, სჭირდება განახლება და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მოწყობა.
საქართველოს ეროვნული ნაკრებები ევროპის ჩემპიონატის ორივე გენდერულ კატეგორიაში იასპარეზებენ.
ქვიშის ხელბურთი. ევრპის ჩემიონატი 2020. 3-5 ივლისი, ბათუმი
მონაწილეები (დადგინდება თებერვალში და განაწილდება ბათუმსა და სალონიკში)
კაცები: ესპანეთი, გერმანია, პოლონეთი, უკრაინა, საფრანგეთი, შვეიცარია, პორტუგალია, ჰოლანდია, შვედეთი, რუმინეთი, სერბეთი, თურქეთი, სლოვაკეთი, ბულგარეთი, მონტენეგრო, საბერძნეთი, ლიტვა, სლოვენია, მაკედონია, საქართველო…
ქალები: რუსეთი, პოლონეთი, გერმანია, უკრაინა, ნორვეგია, პორტუგალია, საფრანგეთი, შვეიცარია, რუმინეთი, ლიტვა, თურქეთი, შვედეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, კვიპროსი, მონტენეგრო, მაკედონია, საქართველო…