მაკედონიას ბოლო წუთებამდე ვებრძოლეთ
ხელბურთის ეროვნული ნაკრები მძიმე ბრძოლაში 21-25 დამარცხდა მაკედონიაში, ამ ქვეყნის ეროვნულ გუნდთან. მეორე ამხანაგური მატჩი შაბათს გაიმართება ბორის ტრაიკოვსკის არენაზე.
მაკედონია თავიდან 7-2 დაწინაურდა, მაგრამ გიორგი ცხოვრებაძის ზედიზედ 3 გოლის შემდეგ საქართველოს ნაკრები კვალში ჩაუდგა მეტოქეს და ტაიმის ბოლოს ანგარიშიც გაათნაბრა: 12-12, შესვენებაზე. მეორე ნახევარი მასპინძლებმა ისევ კარგად დაიწყეს (15-12), მაგრამ სტუმრებმა კვლავ გაათანაბრეს ანგარიში – 17-17 და რამდენჯერმე წინ გასვლაც შეეძლოთ. 55-ე წუთზე წუთით ადრე მაკედონია 1 ბურთით იგებდა, 22-21 და მხოლოდ დასრულებამდე 3 წუთით ადრე გაიფორმა გამარჯვება, როდესაც 24-21 დაწინაურდა. საბოლოოდ, 25-21. საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი იყო მონპელიეს მარჯვენაფლანგელი, 18 წლის გიორგი ცხოვრებაძე, რომელმაც 9 გოლი გაიტანა (3 – შვიდმეტრიანიდან).
თამაშის შესახებ გვესაუბრება საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ვახტანგ მეიფარიანი:
– უპირველესად ის უნდა ვთქვა, რომ ამ დონის გუნდთან ჩვენს ნაკრებს არ უთამაშია 1999 წლის შემდეგ, როდესაც ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელ პლეიოფში დანიასთან დავმარცხდით. ბოლო 8 წელია, მაკედონიას არ გამოუტოვებია არცერთი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატი და ახლაც ევრო 2020-ის ფინალური ტურნირისთვის ემზადება.
მშვენიერი ბრძოლა გამოვიდა და რომ არა ბოლო 5 წუთში ჩავარდნა, შეგვეძლო უკეთესი შედეგისთვის მიგვეღწია. მაკედონიელი მაყურებელი აშკარად არ მოელოდა სტუმარი გუნდისგან ასეთ თამაშს. მშვენიერი მატჩი ჰქონდა ჩვენს კაპიტანსა და მეკარეს, შოთა თევზაძეს, რომელმაც მოიგერია 2 შვიდმეტრიანი და რამდენიმე ერთი-ერთზე გასვლა. მისი დამსახურება იყო, რომ ბოლომდე ბრძოლაში ვიყავით. კარგად ითამაშა ჩვენმა უკანა ხაზმა – ცხოვრებაძემ, თემო ორჯონიკიძემ, ირაკლი ჩიქოვანმა, ირაკლი კბილაშვილმა. ლექსო წითელიშვილს მცირე ტრავმა ჰქონდა და ძირითადად დაცვაში გვეხმარებოდა. ცოტა ხანი ითამაშა რეზო ჭანტურიამაც – რეზოს ტრავმა აწუხებდა და მისი თამაში არც იგეგმებოდა.
თამაშის გაძლიერების რესურსი უნდა ვეძებოთ წინა სამეულში – დღეს ჩვენ მხოლოდ 2 გოლი გავიტანეთ ხაზის მოთამაშის პოზიციიდან და არცერთი – კუთხეებიდან. არ გამოგვივიდა სწრაფი გარღვევა. ნორმალურად ვიდექით დაცვაში. მსაჯობდა ძალიან გამოცდილი მაკედონიური წყვილი – ნაჩევსკი-ნიკოლოვი. მეორე ტაიმში, როდესაც სხვაობა 1-2 გოლი იყო, მათ ერთხელ კბილაშვილი გააძევეს და ორჯერ არსენაშვილი (აქედან ერთხელ – ძალიან საეჭვო ვითარებაში). ზუსტად ამ ზედმეტობისას გაიტანა მაკედონიამ 3 გოლი.
საბოლოო ჯამში, რომ არა ბოლო 5 წუთი, ჩვენი გუნდის თამაშს დადებითად შევაფასებდი. რაც მთავარია, ჩვენს გუნდს აქვს რეზერვი და დრო, რომ მკვეთრად გააუმჯობესოს თამაში იანვრამდე, როდესაც ძალიან მნიშვნელოვანი საკვალიფიკაციო მატჩები გველის.
ბორკო რისტოვსკი, მაკედონიის ნაკრების მეკარე: – გეგმის მიხედვით მე პირველი ტაიმი უნდა მეთამაშა და შემდეგ ადგილი მარტინ ტომოვსკისთვის დამეთმო, მაგრამ რადგანაც ბოლომდე თანაბარი თამაში წავიდა, მომიწია 60 წუთი კარში დგომა და 15 ბურთის მოგერიება…
ხვალ, 18 საათზე, გუნდები მეორედ შეხვდებიან ერთმანეთს.
ხელბურთი. ამხანაგური მატჩი. სკოპიე, ბორის ტრაიკოვსკის არენა,
25 ოქტომბერი. 1500 მაყურებელი
მაკედონია – საქართველო 25-21
მკდ: რისტოვსკი, ტომოვსკი – პოპოვსკი 4, პეშევსკი 4, ველკოვსკი 4, კოსტესკი 3, ტალესკი 2, ტანკოსკი 2, მაძოვსკი 2, დიმიტრიოსკი 1, მიშევსკი 1, არსენოვსკი 1, კუზმანოვსკი 1, მანასკოვი, კრსტევსკი, კუკულოვსკი, დიმიტრიევსკი, იაგურინოვსკი, ლაზაროვი
საქ: თევზაძე, ტორონჯაძე, ცინცაძე – ცხოვრებაძე 9, ორჯონიკიძე 5, ჩიქოვანი 2, კბილაშვილი 2, არსენაშვილი 1, წითელიშვილი 1, მაისურაძე 1, რუსტამოვი, ჭანტურია, გოგოლაძე, აბრამიშვილი, დიხამინჯია, სიმონია, ლაპიაშვილი, მერკვილაძე
მსაჯები: გიორგი ნაჩევსკი, სლავე ნიკოლოვი (მკდ)
26 ოქტომბერი, 18:00. მაკედონია – საქართველო