წაგება მაკედონიასთან ზედ ბოლო წამზე

ხელბურთის ეროვნულმა ნაკრებმა მაკედონიასთან მეორე ამხანაგური მატჩი ბოლო წამზე გაშვებული გოლის შემდეგ წააგო სკოპიეში, ბორის ტრაიკოვსკის არენაზე – 28-29. 

მაკედონიის ნაკრები ზედიზედ მეხუთედ გავიდა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ რაუნდში, საქართველო კი ჯერჯერობით მხოლოდ მთავარ შესარჩევ ეტაპზე მოსახვედრად იბრძვის. ანუ, ფორმალურად ეს ორი მატჩი სხვადასხვა რანგის გუნდების შეხვედრა იყო, რეალობაში კი მოედანზე ორი თანაბარი გუნდი თამაშობდა. მაკედონიამ 25-21 და 29-28 მოიგო.

ჩვენმა გუნდმა მეორე თამაში ასეთი შემადგენლობით დაიწყო: თევზაძე, აბრამიშვილი, ჩიქოვანი, კბილაშვილი, არსენაშვილი, ცხოვრებაძე, დიხამინჯია. თავიდან ნიკოლა მაქსიმოვიჩმა დაცვაში 5-1 განლაგება არჩია წინწაწეული თემო ორჯონიკიძით. ამან ერთი ხანობა გაამართლა, თუმცა, 2-3 დასაწყისის შემდეგ ჩავარდნა გვქონდა და მეტოქე 8-3 დაწინაურდა – ზუსტად იე, როგორც პირველ მატჩში.

თამაში შესანიშნავად დაიწყო შოთა თევზაძემ (7 მოგერიება პირველ ტაიმში), თუმცა, ჩვენებს ძალიან ბევრი ტექნიკური წუნი ჰქონდათ – 7 დაკარგული ბურთი პირველ ნახევარში.  ამის მიუხედავად, ჩვენმა გუნდმა თამაში გაათანაბრა და მეტოქეს კვალში ჩაუდგა. ერთადერთი, რაშიც მაკედონია პირველ ტაიმში აშკარად გვჯობნიდა, უფრო მრავალფეროვანი შეტევა იყო – მასპინძლებმა 4 გოლი გაიტანეს კუთხეებიდან, ჩვენ კი ამ ორი პოზიციიდან ერთადერთხელ, ისიც უშედეგოდ შევუტიეთ.

საქართველოს ნაკრების დაცვა 6-0 განლაგებაზე გადავიდა და ეს ეფექტური გამოდგა, თუმცა, მასპინძლები კიდევ ერთხელ გაგვექცნენ 5 ბურთით – 14-9. პირველ ტაიმში მოედანზე შემოვიდა კბილაშვილი, ფლანგებზე თამაშში ჩაერთვნენ რუსტამოვი და გოგოლაძე. ჩიქოვანის ჩაჭრილი ბურთის შემდეგ არსენაშვილი წავიდა სწრაფ გარღვევაში 13-15, მაკედონიამ კი ბოლო შეტევაში გაგვიტანა და ტაიმი 17-14 მოგვიგო. 

მეორე ნახევარში დაცვაში შემოვიდა ლექსო წითელიშვილი, თევზაძემ კიდევ სამი დარტყმა მოიგერია, ორჯერ ეფექტურად ჩაირბინა ხაზზე რუსტამოვმა, რეგულარულად გაჰქონდა ჩვენს ხაზის მოთამაშეს, არენაშვილს (9 გოლი), და დიხამინჯიამაც შეაგდო მარჯვენა კუთხიდან. კბილაშვილის ორი ძალისმიერი გარღვევისა და ერთი შედეგიანი პასის შემდეგ სხვაობა მინიმუმამდე დავიდა (21-22) და ბოლომდე თანაბარი თამაში წავიდა. აქ თამაშში კარგად ჩაერთო მეკარე ზურაბ ცინცაძე, რომელმაც 4 დარტყმა მოიგერია.

ჩვენმა ნაკრებმა რამდენჯერმე გაათანაბრა ანგარიში, თუმცა, წინ ვერა და ვერ გავიდა. ტრავმა მიიღო არსენაშვილმა და ის უჩა მაიურაძემ შეცვალა, ბოლო წუთები კი გიორგი ცხოვრებაძის იყო, რომელმაც ჩვენი ბოლო 5 გოლიდან 4 გატანა. ორჯონიკიძის გაძევების შემდეგ მაკედონია ორით დაწინაურდა (27-25), მაგრამ ცხოვრებაძემ 9 მეტრიდან ორჯერ გაათანაბარა – 27-27 და 28-28. დარჩენილი იყო წუთნახევარი.

მაკედონიელთა ბოლოსწინა შეტევაში  ბურთი მათმა პივოტმა არსენოვსკიმ მიიღო. ირაკლი კბილაშვილმა მის წინააღმდეგ წესი დაარღვია, არსენოვსკიმ კი ხელის მოქნევა მოასწრო და დარტყმის იმიტაცია გააკეთა – შესაბამისად, კბილაშვილი შვიდმეტრიანითა და ორწუთიანით დაისაჯა – 28-27, რჩება 27 წამი.

დასრულებამდე ხუთიოდ წამით ადრე ცხოვრებაძემ მორიგი გოლი გაიტანა 9 მეტრიდან (28-28) და წესით თამაში ასევე უნდა დასრულებულიყო, მაგრამ მასპინძლებმა მოასწრეს ჩვენს ნახევარზე გადმოსვლა და პოპოვსკიმ 9 მეტრიდან დაარტყა – გოლი გავიდა და სირენაც გაისმა. მაკედონიამ 29-28 მოიგო.

საქართველოს ნაკრებს ახლა იანვარში უწევს 5 ოფიციალური თამაში. 10-12 იანვარს იტალიაში მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაცია გვაქვს იტალიის, რუმინეთისა და კოსოვოს წინააღმდეგ. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ფინეთთან ორი მატჩი: 16 იანვარს თბილისში და 19 იანვარს – მეტოქის მოედანზე. სწორედ ფინეთთან დაპირისირებამ უნდა გაარკვიოს, შეძლებს თუ არა საქართველოს ხელბურთის ნაკრები ევროპულ ელიტაში შესვლას და 32 უძლიერეს გუნდთან ერთან ევრო 2022-ის მთავარ შესარჩევ რაუნდში თამაშს.

ხელბურთი. ამხანაგური მატჩი. სკოპიე, ბორის ტრაიკოვსკის არენა

26 ოქტომბერი

მაკედონია – საქართველო 29-28

მკდ: ტომოვსკი (6 მოგერიება), კიზიჩი (4), რისტოვსკი  – ტალესკი 7, პოპოვსკი 6, დიმიტრიოსკი 6, პეშევსკი 3, კოსტესკი 2, ტანკოსკი 2, კრსტევსკი 1, იაგურინოვსკი 1, მაძოვსკი 1, მიშევსკი, არსენოვსკი, კუკულოვსკი, დიმიტრიევსკი, მლადენოვიჩი, ლაზაროვი, ველკოვსკი

საქ: თევზაძე (10), ცინცაძე (4) – არსენაშვილი 9, ცხოვრებაძე 8,  ორჯონიკიძე 3, კბილაშვილი 3, რუსტამოვი 2, დიხამინჯია 2, ჩიქოვანი 1, აბრამიშვილი, გოგოლაძე, წითელიშვილი, მაისურაძე (ტორონჯაძე – ჭანტურია, სიმონია, ლაპიაშვილი, მერკვილაძე)

მსაჯები: დიმიტარ მიტრევსკი, ბლაგოიჩე ტოდოროვსკი (მკდ)

Leave a Reply