მედეა ჩოხელი: მეოთხედფინალში გასვლა შეგვიძლია!
ამ კვირის ბოლოს ორი ქართველი ხელბურთელი განაგრძობს ევროტურნირებზე თამაშს. ირაკლი ჩიქოვანის რუმინული კლუბი, კონსტანცა EHF თასის ჯგუფურ ეტაპს დაიწყებს, ხოლო მედეა ჩოხელის მაკედონიურ გუნდს, პელისტერს ჩელენჯ კაპის მერვედფინალი აქვს სერბეთის ნისთან.
გვესაუბრება ქალთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი და პელისტერის ხაზის მოთამაშე, მედეა ჩოხელი.
— პირველ ეტაპზე მალტის „ლა სალს“ მოვუგეთ და ახლა 9 და 10 თებერვალს სერბეთის „ნისს“ ვხვდებით. თავდაპირველად ასე იყო, რომ, პირველი მატჩი სტუმრად უნდა გვეთამაშა და მეორე შინ, მაგრამ ორივე კლუბის ხელმძღვანელები შეთანხმდნენ, რომ 8-9 თებერვალს ვითამაშებთ სერბეთში. ცხადია, შინ მეტი შანსი გვექნებოდა, მაგრამ მოწინააღმდეგის თამაშებს ვუყურეთ და განსაკუთრებული ვერაფერი აღმოვაჩინეთ – ჩვენსავით ახალგაზრდული გუნდია. ვფიქრობ, შემდეგ ადგილზე გასვლის შანსი გვაქვს.
— „პელისტერში“ როგორ მოხვდი?
— მაკედონიამდე უცხოური გამოცდილება მქონდა. 2016 წელს საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ მე, ქეთი კუნელაშვილი და ანა ყველაშვილი მიგვავლინა გერმანიაში, მეორე ბუნდესლიგის კლუბ ბენსჰაიმ-აუერბახის“ აკადემიაში, სადაც ერთი თვე ვივარჯიშეთ. შემდეგ სტაჟირებაზე გამგზავნეს დანიაში. იქ, აკადემიაში ვარჯიშთან ერთად, ქალაქ იკასტის „მიდტიულანდში“, დანიის მეორე ლიგაში ვთამაშობდი.
დანიაში თამაშობდა ჩემი დღევანდელი მწვრთნელი ვიქტორია მურგოვსკაც, რომელიც სხვათა შორის სულ 26 წლის არის. ჩემი აგენტი ევა ვორტმანი მას სწორედ დანიიდან იცნობდა. ჩავამთავრე ერთი სეზონი „მიდტიულანდში“ და მერე „პელისტერში“ გადავედი.
— მაკედონიის ჩემპიონატში რა ხდება?
— ორწრიანი შეჯიბრებაა, რომლის დამთავრების შემდეგ ირკვევა ფინალური ოთხეული. ჩვენი მიზანი სწორედ ამ ოთხეულში მოხვედრაა. დღეისათვის მეხუთეზე ვართ. ერთი ქულით ჩამოვრჩებით „ვარდარს“ და „სტრუჟანკას“. „ვარდარში“, რომელსაც ბოლო წლებში ჩემპიონთა ლიგის ორი ფინალი აქვს ნათამაშები, რეორგანიზაციაა. მხოლოდ ახალგაზრდები დაიტოვეს, დიდი აღარავინ ჰყავთ. პირველ ადგილზე კი „მეტალურგია“, ხოლო მეორეზე „კუმანოვო“, რომელსაც ამ სეზონში ჩვენს მოედანზე მოვუგეთ. მე ყველა მატჩში ვითამაშე და 52 გოლი დამიგროვდა. ჩემპიონატი თებერვლის მეორე ნახევარში განახლდება.
— მანდ რა პერსპექტივა გაქვს? ან რაიმე შემოთავაზებები ხომ არ მიგიღია?
— კი, როგორ არა. აგენტმა მითხრა, რომ საბერძნეთიდან, ათენის ერთ-ერთი გუნდიდან მაქვს შემოთავაზება. ამ გუნდის სახელს ვერ გეტყვით, მაგრამ ის ოთხეულში თამაშობს. ჯერჯერობით არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მივიღებ. სხვა შემოთავაზებებსაც ველოდებით.
— შენს ახლანდელ გუნდთან თუ გაქვს კონტრაქტი?
— არა, პროფესიული კონტრაქტი არ გამიფორმებია, რადგან მას შეიძლება ტრანსფერის ფასი გაეძვირებინა. ამიტომ აგენტმა თავი შეიკავა. მირჩია ამ ეტაპზე სამოყვარულო კონტრაქტს დავჯერებოდით.
— ხელფასს გიხდიან?
— რასაც მაძლევენ, ერთ ადამიანს, რომელსაც ბინის, კვების და მგზავრობის ფულს კლუბი მიხდის, სრულიად მაკმაყოფილებს.
—მაკედონიის სუპერლიგის ყველაზე ძლიერი გუნდი „მეტალურგია“. ნაკრების ქალები მანდ თამაშობენ?
— მაკედონიის ნაკრების ბევრი წევრი საზღვარგარეთ თამაშობს: გერმანიაში, სლოვენიაში, დანიაში… „მეტალურგში“ მათი ეროვნული გუნდიდან სამი თუ ოთხი ხელბურთელია, მაგრამ გუნდი კარგად არის დაბალანსებული. გამოცდილი მოთამაშეებიც ჰყავთ და ახალგაზრდებიც.
— „პელისტერზეც“ გვიამბე. თქვენს ქალაქს ბიტოლა ჰქვია. რამდენად უყვართ იქაურებს ხელბურთი? ვთქვათ თქვენივე კლუბის ვაჟთა გუნდის თამაშებზე დადიან?
— გააჩნია, ვის ეთამაშება. როდესაც „პელისტერი“ „ევროფარმს“ ხვდება, დარბაზი გადავსებულია, რადგან ორივე გუნდი ერთი ქალაქიდან არის და დერბი განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. ჩვენს თამაშებზეც საკმაოდ ბევრი გულშემატკივარი დადის. რასაკვირველია, კაცების თამაში უფრო აინტერესებთ, მაგრამ მაყურებლის ნაკლებობას არც ჩვენ ვუჩივით.
— სწავლის საქმე როგორ არის? მაკედონიაში ხომ არ სწავლობ?
— არა, სეუ-ში სამართალზე ვსწავლობ და აკადემიური მაქვს აღებული.
— შენ ძირითადი შვიდეულის მოთამაშე ხარ?
— დიახ, ძირითადში ვთამაშობ. თუ ძლიერი მეტოქე გვყავს, თავიდან ბოლომდე მოედანზე ვარ, მაგრამ თუ სუსტი გუნდია, მაშინ თავიდან ვიწყებ და მერე მასვენებენ.
— დაცვაში სად დგახარ?
— ხან ცენტრში და ხან მეორე კაცად. თუ 5-1 სისტემით ვთამაშობთ, მაშინ მეორე ვარ.
— თავად როგორ ამჩნევ, მაკედონიის ჩემპიონატში როგორც ხელბურთელი გაიზარდე?
— ვფიქრობ, მომატებული მაქვს. დატვირთვებიც არ გვაკლია. დღეში ხან ორი ვარჯიში გვაქვს, ხან სამი. სამ-სამი ვარჯი გვაქვს სამშაბათობით და ხუთშაბათობით. ჯერ შტანგაზე გვამუშავებენ, შემდეგ ძირითად შვიდეულს ტაქტიკასა და დარტყმებში გვავარჯიშებენ, საღამოს 9 საათზე კი ყველანი ერთად ვვარჯიშობთ. უქმეებზეც გვავარჯიშებენ. ჩვენი დასვენება თამაშის მეორე დღეს იმაში გამოიხატება, რომ მხოლოდ ერთი ვარჯიში გვაქვს.
— ხელბურთს დიდი ხანია, თამაშობ?
— 2013 წლიდან. „პეგასში“ დავიწყე ნინო წივწივაძესთან, რომელსაც ძალიან სერიოზული საერთაშორისო კარიერა ჰქონდა მოთამაშეობის დროს. 2015 გოგონათა ნაკრებს ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალი ჰქონდა თბილისში და ამ ტურნირამდე სერიოზული მზადება გავიარეთ. თამაშითაც ნორმალურად ვითამაშეთ და ყველას ვებრძოლეთ. სხვადასხვა ნაკრებებში ბევრი მწვრთნელი მყოლია: ელისო ჟურულიშვილი, მაია კარბუნარი, როლანდ ერაძე, ინა ჭკუასელი, გიორგი გვაზავა, ოლექსანდრ გურსკი, ბექა ორჯონიკიძე. ერთადერთი, ჩვენი მენეჯერი ლანა მარგიანი იყო უცვლელი.
სულ 8 საერთაშორისო ტურნირი დამიგროვდა ასაკბრივ და ეროვნულ ნაკრებებში. ნელ-ნელა ვუმატებთ და რამდენიმე წლის შემდეგ ჩვენი ადგილი გვექნება ევროპულ სანაკრებო ხელბურთში.
მედეა ჩოხელი: დაიბადა 1999 წლის 2 იანვარს. ხელბურთში ვარჯიში დაიწყო 2013 წელს, პეგასში, ნინო წივწივაძესთან. კარიერა: პეგასი (2013-17, საქართველოს ჩემპიონი, 2016) – მამული (2016, ევროტურნირებზე) – მიდტიულანდ იკასტი (დანია, 2017-18) – პელისტერი (მაკედონია, 2018-19).
საქართველოს ნაკრებებში უთამაშია: ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე (2015), EHF ტროფიზე (2016, მეორე ადგილი), ევროპისა და მსოფლიოს ასაკობრივი ჩემპიონატების 2-2 შესარჩევ ტურნირზე (2015-2018), 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე გეტებორგში (2016) და ეროვნულ ნაკრებში ევრო 2018 წლის შესარჩევ ტურნირზე. სულ საქართველოს ყველა ნაკრებში – 8 ოფიციალური ტურნირი, 29 მატჩი, 82 გოლი.
ევროტურნირებზე: მამული (თბილისი), პელისტერი (მკდ) – ჩელენჯ კაპი, 4 თამაში, 6 გოლია