ბათუმი ჩემპიონია, ქუთაისიც ღირსი იყო
უკიდურესად დრამატულ ფინალში ბათუმის „შავი ზღვის ბიჭებმა“ დამატებითი დროისა და შვიდმეტრიანების სერიის შემდეგ 31-30 დაამარცხა სახელბურთო კლუბი „ქუთაისი 2015“ და 2016 წლის შემდეგ მეორედ გახდა საქართველოს ჩემპიონი.
წაგებას არცერთი გუნდი არ იმსახურებდა, მატჩის ბოლოსკენ ორივე თითოჯერ გამოძვრა თითქმის გამოუვალი მდგომარეობიდან და საბოლოოდ ჩემპიონი მეთორმეტე შვიდმეტრიანმა გამოავლინა…
ბათუმი-ქუთაისი: https://www.youtube.com/watch?v=oz4TlEKcQRU
პირველი ტაიმი მწვრთნელ ალექსანდრე ბოყოჩაძის გუნდმა 11-9 მოიგო, მაგრამ მეორეში ბათუმელთა გამთამაშებელმა, აკაკი ტალახაძემ 7 გოლი გაიტანა, მისი გუნდი კი 37-ე წუთისთვის 15-13 დაწინაურდა.
ქუთაისმა გაათანაბრა, 15-15, სიმონიამ და რუსტამოვმა კიდევ ორი გოლი გაიტანეს და მეკარე ანდრიაძემ შვიდმეტრიანიც მოიგერია – 18-16, ქუთაისი წინაა, მაგრამ ტალახაძე 2 გოლით პასუხობს და ისევ ფრეა – 18-18 და რჩება 7 წუთი.
ბათუმი მეტოქის მორიგ შეტევას იგერიებს და სწრაფ გარღვევაში უნდა წავიდეს, მაგრამ სიმონია გადაცემას ჩაჭრის და რუსტამოვს აწვდის, ამის შემდეგ კი ხაზეინი ორჯერ ზედიზედ მირბის სწრაფ გარღვევაში – 21-18. რჩება 4 წუთი და ბათუმელთა მდგომარეობა ირაკლი გოგოლაძის შვიდმეტრიანის შემდეგაც მძიმეა, რადგანაც მათ განკარგულებაში სულ 3 წუთია, გუნდი კი ორი ბურთით აგებს – 19-21.
მაგრამ ამის შემდეგ ქუთაისი მთლიანად კარგავს თამაშის სადავეებს და კარში დარტყმაც კი უჭირს. ტალახაძე სხვაობას ამცირებს, ბოლო შეტევის წინ კი მამუკა მჟავანაძე და მერაბ ჭანტურია ტაიმაუტს იღებენ. ბურთი თამაშდება ბათუმელთა კაპიტანზე და ზურაბ აბრამიშვილი მარცხენა კუთხიდან ათანაბრებს – 21-21!
ქუთაისის გუნდი ისევ პარალიზებულია დამატებითი დროის პირველ ხუთწუთეულში. სიმონია და გრიშიკაშვილი ზედიზედ მიდიან ორწუთიანში, თევზაძეს, აბრამიშვილსა, გოგოლაძესა და ხაჟომიას ზედიზედ გააქვთ 4 გოლი და ბათუმი ბოლო ათწუთიან მონაკვეთის 7-0 იგებს, ჯამში კი, 65 წუთის შემდეგ, ანგარიშია 25-21!
მაგრამ ოვერტაიმის მეორე ნახევარში ქუთაისელთა მხრიდან თამაშს თავის თავზე იღებს ილია გოგალაძე – გააქვს გოლი და მერე მოიპოვებს შვიდმეტრიანს – 23-25. თევზაძე ისევ სამით აწინაურებს ბათუმს, მაგრამ კბილაშვილს და სიმონიას სხვაობა მინიმუმამდე დაჰყავთ – 25-26, რჩება წუთი და 42 წამი.
69-ე წუთზე რუსტამოვს ეძლევა გათნაბრების შანსი, მაგრამ კუთხიდან მის დარტყმულ ბურთს ტორონჯაძე იგერიებს და ახლა ქუთაისელთა მეკარის ჯერი დგება – ანდრიაძე გოგოლაძეს უღებს 6 მეტრიდან, მაგრამ ბურთს ხაჟომია იჭერს და იმავე მანძილიდან ურტყამს, მაგრამ კორნელი ამასაც იგერიებს და ქუთაისს ბოლო შანსს უტოვებს: რუსტამოვი გარბის სწრაფ გარღვევაში, მას უხეშად აჩერებს ბერძენიშვილი და ბოლო 30 წამის წესის თანახმად წითელ ბარათს იღებს, მისი გუნდი კი შვიდმეტრიანით ისჯება – ამ მომენტში, ძირითადი დროის დასრულებამდე 5 წამით ადრე პირველად გამოდის მოედანზე ბათუმელთა მეორე მეკარე ჯონი ცერცვაძე. ის ვერ იგერიებს ირაკლი კბილაშვილის დარტყმას და 70 წუთი 26-26 სრულდება, მაგრამ შვიდმეტრიანების სერიაში სწორედ ცერცვაძე ხდება გმირი.
მეტოქის დარტყმას პირველად ანდრიაძე იგერიებს, მაგრამ მალე იგივეს აკეთებს ცერცვაძე და პირველი ხუთდარტყმიანი სერიის შემდეგ ისევ ფრეა – 30-30. პენალტების მეექვსე რაუნდში გოლი გააქვს ბათუმელ წივწივაძეს, ხოლო ამის შემდეგ საქმეში ისევ ცერცვაძე ერთვება – 31-30 და თამაშის დაწყებიდან 2 საათის შემდეგ ბათუმი საქართველოს ჩემპიონია!
ბრინჯაოს მედლები მოიპოვა 2017 წლის ჩემპიონმა, თელავის იმედმა, რომელმაც 25-24 დაამარცხა ფინალური ოთხეულის დებუტანტი, თბილისის პეგასი.
პეგასი-იმედი: https://www.youtube.com/watch?v=X2vKfyveH_o
ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2017-18. კაცები, უმაღლესი ლიგა
ფინალური ოთხეული. თბილისის სპორტის სასახლე.
5 მაისი. მესამე ადგილისთვის
პეგასი – იმედი თელავი 24-25
პეგ: დიხამინჯია – ზარნაძე 8, ლაპიაშვილი 6, კუხალაშვილი 4, ქათამაძე 3, თ. კევლიშვილი 2, ზ. ფერაძე 1, გოგავა, გვაზავა, ბაძაღუა (გორგოძიანი, ცირეკიძე, შუბითიძე, რ. ბერაძე, დ. ჟვანია, ჭანტურია, – მწვ. კალანდაძე, სახვაძე)
თელ: ცინცაძე, ხარაიშვილი – მიქავა 7, ცისკარიშვილი 6, ბაინაზიშვილი 4, ყორიაული 4, ალანია 3, მაისაშვილი 1, აბჟანდაძე, იობაშვილი, გავაშელიშვილი, დოლმაზაშვილი, კორსანტია (შ. ბერაძე, გულდედავა – მწვ. გვაზავა, შარანგია, სამადაშვილი)
მსაჯები: იოჟეფ ტუროცი – ფერენც ნადი (უნგ)
ფინალი. BSB ბათუმი – ქუთაისი 31-30 (ძირ: 21-21, დამ: 26-26, პენ 5-4)
ბათ: ტორონჯაძე, ცერცვაძე – ტალახაძე 9, აბრამიშვილი 6, გოგოლაძე 6, თევზაძე 3, სტურუა 2, ხაჟომია 2, წივწივაძე 2, ბულბულაშვილი 1, ბერძენიშვილი, ქარდავა, სურმავა (ვარშალომიძე, მჟავანაძე – მწვ. ჭანტურია, მჟავანაძე, ბზეკალავა)
ქუთ: ანდრიაძე – კბილაშვილი 10, რუსტამოვი 6, გამზარდია 6, სიმონია 3, გოგალაძე 2, მერკვილაძე 1, გრიშიკაშვილი 1, ჭელიძე 1, კობახიძე, მათნაძე (მაისურაძე, გულეიშვილი, გ. ფერაძე, ლომიძე, ჯუღელი – მწვ. ბოყოჩაძე, ყაველაშვილი, თავხელიძე)
მსაჯები: ვალერი როჟკოვი – ანატოლი ნოვიკოვი (უკრ)