ფინალური ოთხეული უცვლელია
ხელბურთის ჩემპიონთა ლიგის ქალთა ტურნირზე გაირკვა ფინალური ოთხეული: უნგრეთის დიორი, მაკედონიის ვარდარი, რუმინეთის CSM ბუკურეშტი და მონტენეგროს ბუდუჩნოსტი – ის ოთხი გუნდი, რომელმაც შარშანაც მიაღწია ანალოგიურ შედეგს. ნახევარფინალები და ფინალი 6-7 მაისს გაიმართება ტრადიციულ ადგილზე – ბუდაპეშტის ლასლო პაპის არენაზე.
მიმოხილვა. http://www.ehftv.com/int/video/2017-04-16-rewind-women-episode-14
შარშანდელმა ჩემპიონმა CSM ბუკურეშტმა სეზონის განმავლობაში სამი მწვრთნელი გამოიცვალა და ბოლოსკენ შევიდა ფორმაში – გუნდმა სტუმრადაც დაამარცხა უნგრეთის ფერენცვაროში (27-26) და ჯამში 57-51 მოიგო. მიუხედავად ამისა, სეზონის ბოლოს პერ იოჰანსონს ჰელე ტომსსენი შეცვლის და შემადგენლობაც მნიშვნელოვნად გაძლიერდება – სამშობლოში ბრუნდება ქალთა ხელბურთის პირველი ვარსკვლავი ქრისტინა ნიაგუ.
მიუხედავად იმისა, რომ სკოპიეს ვარდარი 2016-17 სეზონის აშკარა ლიდერი იყო დიორთან ერთად, ამ გუნდსაც სამი სხვადასხვა მწვრთნელი ჰყავდა. მარტიდან ვარდარს ირინა დიბიროვა წვრთნის, მეოთხედფინალში კი გუნდმა მძიმე ბრძოლაში დაამარცხა დანიის მიდტიულანდი – 28-26 და 26-24. დარჩენილი ოთხიდან ვარდარი ერთადერთი გუნდია, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა ჯერ არ მოუგია, მიხედავად იმისა, რომ ფინალურ ოთხეულში ზედიზედ მეოთხედ გავიდა.
ეს ფორმატი ქალთა ლიგაში 2013-14 სეზონიდან შემოვიდა და მონტენეგროს ბუდუჩნოსტიც უცვლელი წევრია ფინალური ოთხეულისა. ლიგის 2012 და 2015 წლების ჩემპიონმა იოლად დაამარცხა 2011 წლის გამარჯვებული, ნორვეგიის ლარვიკი – სტუმრად 35-30 და ორი მატჩის ჯამში – 66-47.
ერთადერთი გუნდი, ვინც მეოთხედფინალის პირველი მატჩის წაგების შემდეგ გავიდა ფინალურ ოთხეულში, არის 2013 და 2014 წლების ჩემპიონი და ამ სეზონის აშკარა ფავორიტი, დიორი ეტო. უნგრულ კლუბს 31-32 ჰქონდა წაგებული საფრანგეთთში, მეცთან, მაგრამ შინ ექვსბურთანი რევანში აიღო – 28-22.
ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა 2016-17, ქალები
მეოთხედფინალის მეორე მატჩები. 15 აპრილი
ფერენცვაროში (უნგ) – CSM ბუკურეშტი (რუმ) 26-27 (25-30)
იოვანოვიჩი 6, შაცლი 5 – მარტინი 5, მანეა, ნიომბლა, ტორსტენსონი 4
დიორი ეტო (უნგ) – მეცი (საფ) 28-22 (31-32)
ამორიმი 7, ხროტი 6, ბროკი 5 – გროსი, ზაადი, ლუსიანო, სმიტსი 4
ვარდარი (მკდ) – მიდტიულანდი (დან) 26-24 (28-26)
ჩოვიჩი, პენეზიჩი 6, ლეკიჩი 4 – იორგენსენი 6, კრისტიანსენი, პედერსენი 5
ლარვიკი (ნორ) – ბუდუჩნოსტი (მნტ) 30-35 (17-31)
რიგელჰუტი 8 , ბრაისტოლი 6 – ნიაგუ 9, ირმანი 7, ცვიიჩი 5
ფინალური ოთხეული 6–7 მაისს ბუდაპეშტში