შარშანდელი ოთხეული წლეულსაც ფავორიტია
ხელბურთის ჩემპიონთა ლიგის ქალთა გათამაშებაში მეოთხედფინალის პირველი მატჩები გაიმართა. 2012 დაა 2015 წლების გამარჯვებულმა, მონტენეგროს ბუდუჩნოსტმა 31-17 მოუგო ნორვეგიის ლარვიკს და ფაქტიურად გაინაღდა ფინალურ ოთხეულში გასვლა. დანარჩენ სამ წყვილში სერიოზული ბრძოლაა.
მიმოხილვა. http://www.ehftv.com/int/video/2017-04-09-rewind-women-episode-13
ლარვიკს ტრავმების ეპიდემია ჰქონდა და პოდგორიცაში ნახევრი გუნდი არ ჩაუყვანია – მათ შორის, მეკარე ტოფტი, კურტოვიჩი და თეა მორკი. ნორვეგიელებმა მხოლოდ დასაწყისში გასწიეს წინააღდეგობა, ტაიმი 9-14 წააგეს და საპასუხო მატჩისთვის მხოლოდ თეორიული შანსები დარჩათ.
მოქმედ ჩემპიონს, CSM ბუკურეშტს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია ფერენცვაროშმა. უნგრული კლუბი 1-2 ბურთით აგებდა, მაგრამ ბოლო წუთნახევარში სამი გოლი გაუშვა, ხუთით ჩამორჩა (25-30) და შინ, ბუდაპეშტში მძიმე ამოცანის წინაშე დადგება. რაც შეეხება ბუკურეშტს, კლუბმა უკვე გამოაცხადა, რომ მომდევნო სეზონიდან იმატებს ბუდუჩნოსტში მოთამაშე რუმინელ ვარსკვლავს, ქრისტინა ნიაგუსა და ორ ნორვეგიელს ლარვიკიდან – ამანდა კურტოვიჩსა და მარიტ ფრაფიორდს.
2013-14 წლების ჩემპიონი, უნგრეთის დიორი 31-32 დამარცხდა საფრანგეთში, მეცთან. დიორი ხუთი ბურთითაც ჩამორჩებოდა მეტოქეს, მაგრამ ბოლოში გაათანაბრა ანგარიში, შემდეგ კი ბოლო წუთზე გაუშვა გადამწყვეტი გოლი სლოვენიელი ანა გროსისგან, თუმცა, საპასუხო მატჩში ფავორიტი იქნება.
დანიის მიდტიულანდი 5-6 გოლით აგებდა შინ სკოპიეს ვარდართან, ბოლოსკენ ორჯერ შეამცირა სხვაობა ერთ ბურთამდე, თუმცა, გათანაბრება ვერ მოახერხა და ორით წააგო, 26-28. საპასუხო მატჩები 15 აპრილსაა და არაა გამორიცხული, ფინალური ოთხეულის შემადგენლობა შარშანდელს დაემთხვეს – ბუკურეშტი, დიორი, ბუდუჩნოსტი, ვარდარი. ფინალური ოთხეულის ტურნირი 6-7 მაისსაა ბუდაპეშტში, ლასლო პაპის არენაზე.
კაცები მეოთხედფინალს 22 აპრილიდან დაიწყებენ, ამ კვირაში კი ორი მნიშვნელოვანი ტურნირი დასრულდა. გერმანიის თასის ფინალში კილმა 29-23 მოუგო ფლენზბურგს, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, ე.წ. სეჰა ლიგა კი მოიგო მაკედონიის ვარდარმა, ვინც ფინალში 26-21 დაამარცხა უნგრეთის ვესპრემი. ოთხივე ეს გუნდი ლიგის მეოთხედფინალის მონაწილეცაა.
ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა 2016-17, ქალები
მეოთხედფინალის პირველი მატჩები. 7-9 აპრილი
CSM ბუკურეშტი (რუმ) – ფერენცვაროში (უნგ) 30-25
გულდენი 10, მარტინი 7, მეჰმედოვიჩი 4 – ა. კოვაჩიჩი 11, პენია 5
მეცი (საფ) – დიორი ეტო (უნგ) 32-31
გროსი 10, აუსტენი 5, პოპ-ლაზიჩი, ზაადი 4 – მორკი 10, ტომორი 4
მიდტიულანდი (დან) – ვარდარი (მკდ) 26-28
ოსტერგორი 5, ბლომი, ბურგორი, იორგენსენი 4- პენეზიჩი 7, ლაკრაბერი 5, ლაზოვიჩი 4
ბუდუჩნოსტი (მნტ) – ლარვიკი (ნორ) 31-17
ნიაგუ 10, ცვიიჩი 6, ირმანი 5, ბულატოვიჩი 4 – სტანგე 8
საპასუხო მატჩები – 15 აპრილს