24/02/15 ქართული დერბი რუმინეთში
ხელბურთის ევროტურნირებზე ქართველების ორი კლუბია შემორჩენილი. EHF თასის ჯგუფურ ეტაპზე სერგო დათუკაშვილის ვოივოდინამ მეორე მატჩიც წააგო, ხოლო შოთა თევზაძისა და ვლადიმერ რუსიას ოდორჰეი ჩელენჯ კაპის მეოთხედფინალშია და მეტოქეს ელოდება.
დანიის სკიერნთან შინ დამარცხების შემდეგ სერბულმა კლუბმა ბერლინში წააგო ფუხსესთან 22-37 (დათუკაშვილმა 2 გოლი გაიტანა), ხოლო სკიერნმა შინ მოუგო პორტუს – 27-21. დანიელები და გერმანელები 4-4 ქულით ლიდერობენ და ალბათ მეოთხედფინალშიც გავლენ, თუმცა ჯგუფური ტურნირის დასრულებამდე კიდევ 4 ტურია. დათუკაშვილს წლევანდელ ტურნირზე 4 მატჩში 18 გოლი აქვს გატანილი.
ვოივოდინამ ერთი მატჩი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ლიგაზეც გამართა და ხორვატიაში წააგო ნექსესთან – 23-28. სერგომ აქაც ორჯერ შეაგდო, მისი კლუბის მთავარი მიზანი კი სერბეთის ჩემპიონობის შენარჩუნება იქნება. კლუბი ამ ტურნირზე დასკვნითი ეტაპიდან ჩაერთვება.
რუმინეთის ოდორჰეი ჩელენჯ კაპის მეოთხედფინალში 9 დღის წინ გავიდა, როცა ორივე მატჩი მოუგო ლუქსემბურგის დიფერდანჟს, ახლა კი 7 დანარჩენი მონაწილეც გაირკვა. ფინეთის რიიჰიმიაენ კოქსმა, რომელმაც პირველ წრეში ტურნირს სამტრედია გამოთიშა, ამჯერად ორი მატჩი მოუგო ისრაელის ჰოლონს. დანარჩენი 6 მეოთხედფინალისტის სია ასეთია: ბენფიკა, ბრაგა (პორ), ზტრ ზაპოროჟიე (უკრ), სტორდი (ნორ), რამათ ჰაშრონი (ისრ), აზოტი-პულავი (პოლ).
ოდორჰეი რუმინეთის ჩემპიონატში ჯერაც პოტენციური ლიდერია. პირველ ადგილზე 18 მატჩიდან 37 ქულით არის ბაია მარე, ხოლო ოდორჰეის ერთი თამაშითა და ერთი ქულით ნაკლები აქვს. ქართველების კლუბმა 14-თამაშიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა კონსტანცაში, სადაც რუმინეთის შარშანდელ ჩემპიონთან 25-32 წააგო, ხოლო ვლადიმერ რუსია კლუბის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე იყო 8 გოლით. ამის შემდეგ ოდორჰეიმ შინ მიიღო ირაკლი ჩიქოვანის ტიმიშოარა და 29-26 მოუგო. რუსიამ 5 გოლი გაიტანა, ჩიქოვანმა – 4.
პოლი ტიმიშოარა 18 თამაშიდან 16 ქულით მე-11 ადგილზეა და პლეიოფში გასვლის მინიმალური შანსი შერჩა. ოდორჰეისთნ კლუბს ახალი მწვრთნელი, პერო მილოშევიჩი ხელმღვანელობდა. პოლიტექნიკა დრამატულად გამოეთიშა რუმინეთის თასის გათამაშებასაც. მეოთხედფინალში კლუბმა სტუმრად დაამარცხა კონსტანცა (28-26), მაგრამ შინ 3 ბურთით წააგო – 24-27. ჩიქოვანმა ამ ორ მატჩში 9 გოლი გაიტანა. ოდორჰეიმ ეს ბარიერიც დაძლია და გავიდა ოთხთა ფინალში, რომელიც გაიმართება 4-5 აპრილს – ოდორჰეის, კონსტანცას, ბაია მარესა და ტარგუ ჟიუს მონაწილეობით. მეოთხედფინალში მეკარე თევზაძისა და რუსიას კლუბმა ორჯერ დაამარცხა ვასლუი – 34-23 და 39-33, ხოლო ქართველმა შუამარბმა 4 გოლი გაიტანა.
თურქეთის სუპერლიგაში მეკარე გიგა ტორონჯაძისა და რატი მსხვილიძის კლუბმა, ტრაბზონსფორმა შინ 30-29 დაამარცხა ანკარა და მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა, რვაგუნდიან პლეიოფში მოსახვედრად ჯერაც ბრძოლა ელის.
თურქეთის პირველ ლიგაში, ფინალურ ოთხეულში გასასვლელად, სამი ქართვლით იბრძვის ტრაბზონის კიდევ ერთი გუნდი, თუთუნსფორ აქჩაბათი. მეკარე ირაკლი ხიდაშელი, ზურაბ სიმონია და ლექსო წითელიშვილი მე-17 ტურში სტუმრად დამარცხდნენ მეორე ადგილზე მყოფ ადანასთან – 26-31. ლიდერობს გიოზთეფე – 32 ქულა, ადანა – 28, აქჩაბათი 22, აიდინი 21. რეგულარული სეზონის დასრულებამდე კიდევ 5 ტურია, შემდეგ კი ფინალური ტურნირის 2 გამარჯვებული სუპერლიგის საგზურს მოიპოვებს.
ფოტო: ფუხსე – ვოივოდინა. 78 – სერგო დათუკაშვილი