01/11/13 აუცილებლად მოსაგები მატჩი ფინეთთან
3 ნოემბერს, 18:00, სპორტის სასახლეში, საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი თამაში აქვს ფინეთთან.
ხელბურთის ფედერაციამ სპორტის სამინისტროში დღეს პრესკონფერენცია გამართა. ნაკრებს წარმოადგენდნენ მთავარი მწვრთნელი ჯორჯე რასიჩი, მისი ასისტენტი ირაკლი კეკელიძე, კაპიტანი შოთა თევზაძე და მოთამაშე ირაკლი ჩიქოვანი. პრესკონფერენციას უძღვებოდა მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძე.
პირველად ჟურნალისტებს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზურაბ კაკაბაძემ მიმართა.
ზურაბ კაკაბაძე: – 3 ნოემბერს ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს. წმინდა სატურნირო თვალსაზრისითაც და იმის გამოც, რომ ნაკრები ოთხწლიანი შესვენების შემდეგ ბრუნდება სპორტის სასახლეში. ასევე მინდა შევეხო მეორე ძალიან მნიშვნელოვან მოვლენას – 2017 წლის ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატის გამართვას საქართველოში. ეს იქნება ძალიან დიდი ბიძგი საქართველოში ხელბურთის განვითარებისთვის. ჩვენ ჭაბუკთა ნაკრები უკვე ემზადება ამ ტურნირისთვის და, ვფიქრობ, 2017 წლისთვის ძალიან სერიოზული გუნდი გვეყოლება, რომელიც შემდგომში ეროვნულ ნაკრებსაც გააძლიერებს. 3 ნოემბერს კი სადღეისო ამოცანა გვაქვს – ფინეთის დამარცხება და მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფში გასვლის შანსის შენარჩუნება.
თამაზ თევზაძე: – როგორც სპორტის მინისტრი და როგორც ხელბურთელთა ოჯახის წევრი, ძალიან გახარებული ვარ დოჰაში გამართული კონგრესის შედეგით. უნდა გითხრათ, რომ საქართველოს არასოდეს უმასპინძლია მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ტურნირისთვის. სამინისტროს სახელით ყოვეგვარ მხარდაჭერას ვპირდები ფედერაციას, ნაკრებს კი გამარჯვებას ვუსურვებ ფინეთთან.
ამის შემდეგ ჯორჯე რასიჩმა და შოთა თევზაძემ ლიტვაში წაგებულ თამაშზე და საკვირაო მატჩზე ისაუბრეს.
ჯორჯე რასიჩი: – ჩემს სამწვრთნელო კარიერაში პირველად მოხდა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პოზიციებიდან – კუთხიდან და ხაზიდან ჩემ გუნდს გოლი არ გაუტანია. შეტევაში თამაში არ აგვეწყო და უამრავი მომენტი, მათ შორის მეკარესთან პირისპირ გასვლა ვერ გამოვიყენეთ. შეამდგენლობაც სრულფასოვანი არ გვყავდა – 14 კაცით გავემგზავრეთ და აქედან ორი ტრავმირებული იყო – აკაკი ტალახაძემ თამაშის წინ კუნთი დაიჭიმა, ხოლო ვლადიმერ რუსია ნატკენი ხელით გავიდა მოედანზე. ლიტვამ სრულფასოვანი გუნდით ითამაშა, ჩვენ კი ხაზის სულ ერთი მოთამაშე გვყავდა, ხოლო სამი უკანახაზელიდან სულ ერთის შეცვლა შემეძლო. ფინეთთან მატჩში აუცილებლად გვეყოლება ახალი მოთამაშეები.
შოთა თევზაძე: – დაცვში ნორმალურად ვითამაშეთ, ხოლო შეტევაში, როდესაც მთელ თამაშში სულ 17 გოლს გაიტან, მოგებაზე ფიქრიც არ შეიძლება. კვირას, ფინეთთან აუცილებლად უნდა მოვიგოთ. გპირდებით, რომ ყველაფერს გავაკეთებთ მიზნის მისაღწევად.
როგორც ირაკლი კეკელიძემ გვითხრა, ვლადიმერ რუსია აუცილებლად ითამაშებს. ნაკრებთან ერთად ვარჯიშობენ უჩა მაისურაძე, ზურაბ სიმონია, თეიმურაზ ორჯონიკიძე და მეკარე გაგა სამყურაშვილი. ორი ან სამი მათგანი განაცხადშიც მოხდება, იმის მიხედვით, მომჯობინდება თუ არა აკაკი ტალახაძე.
კვირას თამაში სპორტის სასახლეში 18 საათზე დაიწება და შესვლა თავისუფალი იქნება. ტელერეპორტაჟი აფხაზეთის ხმაზე იგეგმება. ფინეთის ნაკრები თბილისში დღეს საღამოს ჩამოდის.
ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაცია
ევროპის 1 ჯგუფი
საქართველო – ფინეთი
3 ნოემბერი, 18:00. თბილისი, სპორტის სასახლე
მსაჯები: იარონ ბენ-დანი, ასაფ ფარანი (ისრ)
დელეგატი: ისქანდარ ასქაროვი (აზე)
საქართველო
22 შოთა თევზაძე – სტიინტა ბაკაუ (რუმ) – კაპიტანი, მეკარე – 1981
16 გიგა ტორონჯაძე – სტუ – მეკარე – 1989
— გაგა სამყურაშვილი – ბათუმი – მეკარე – 1982
5 გიორგი გვაზავა – სტუ – ხაზის მოთამაშე, შუამარბი – 1978
— უჩა მაისურაძე – ბათუმი – ხაზის მოთამაშე – 1986
28 ლევან ბერძენიშვილი – სტუ – ხაზის მოთამაშე, შუამარბი – 1986
24 რატი მსხვილიძე – სტუ – შუამარბი, ხაზის მოთამაშე -1988
77 აკაკი ტალახაძე – უგუნდო – გამთამაშებელი – 1983
7 უჩა გამზარდია – ბათუმი – გამთამაშებელი – 1990
9 სერგო დათუკაშვილი – ას სადი (ლიბ) – შუამარბი, გამთამაშებელი – 1978
14 ირაკლი ჩიქოვანი – ტიმიშოარა (რუმ) – შუამარბი – 1989
10 ვლადიმერ რუსია – სტიინტა ბაკაუ (რუმ) – შუამარბი– 1984
— ზურაბ სიმონია – სტუ – შუამარბი – 1994
— თეიმურაზ ორჯონიკიძე – სტუ – შუამარბი – 1996
23 რეზო ჭანტურია – სტრუმიცა (მკდ) – გარემარბი – 1982
15 ოთარ ამირანაშვილი – სტუ – გარემარბი – 1987
31 ილია გოგალაძე – სტუ – გარემარბი– 1986
8 ზურაბ აბრამიშვილი – სტუ – გარემარბი – 1994
მთ. მწვრთნელი ჯორჯე რასიჩი (სრბ)
მწვრთნელები ირაკლი კეკელიძე, ბექა ორჯონიკიძე
ექიმი ირაკლი ლინიკი
ფინეთი
1 ვილე ნორდკვისტი
3 მირო კოლიონენი
4 იოახიმ ბრომანი
5 ოლი-პეკა კორპიმიაკი
6 ოსკარ კილსტედტი
7 ფრედრიკ ფორსი
10 ნიკო რონბერგი
14 ლეონელ-ჰენრიკ ოიალა
15 რიხარდ სუნდბერგი
19 ანტი ვალო
22 ბენი ბრომანი
25 ტუომას ლაიტინენი
29 ჰენრიკ აუერი
30 მიკაელ მიაკელა
35 ტეემუ ტამინენი
41 რობინ სიომანი
მთ. მწვრთნელი მარკო ტულანდერი
მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაცია. ევროპის პირველი ეტაპი
1 ჯგუფი: ლიტვა, თურქეთი, საქართველო, ფინეთი
30 ოქტომბერი: ლიტვა – საქართველო 23:17, ფინეთი – თურქეთი 26:20
3 ნოემბერი: თურქეთი – ლიტვა, საქართველო-ფინეთი
2 იანვარი: ფინეთი – ლიტვა, თურქეთი – საქართველო
4-5 იანვარი: ლიტვა – ფინეთი, საქართველო – თურქეთი
8-9 იანვარი: საქართველო – ლიტვა, თურქეთი – ფინეთი
11-12 იანვარი: ლიტვა – თურქეთი, ფინეთი – საქართველო
2 ჯგუფი: სლოვაკეთი, რუმინეთი, კვიპროსი, იტალია
3 ჯგუფი: სლოვენია, უკრაინა, შვეიცარია, ლუქსემბურგი
4 ჯგუფი: ჰოლანდია, ისრაელი, საბერძნეთი, ბელგია
5 ჯგუფი: პორტუგალია, ბოსნია, ლატვია, ესტონეთი
მსოფლიო ჩემპიონატი 2015 წლის იანვარში, 24 გუნდის მონაწილეობით, იმართება ყატარში. მასპინძელი, ყატარი და მსოფლიო ჩემპიონი ესპანეთი ტურნირში შერჩევის გარეშე იასპარეზებენ. ევროპას, ესპანეთის გარდა, 12 ადგილი აქვს გამოყოფილი.
3 საგზურს მიიღებს ევროპის 2014 წლის ჩემპიონატის სამი საუკეთესო გუნდი (მონაწილეობენ – ესპანეთი, დანია, ჩეხეთი, მაკედონია, ავსტრია, ისლანდია, უნგრეთი, ნორვეგია, სერბეთი, საფრანგეთი, პოლონეთი, რუსეთი, ხორვატია, შვედეთი, ბელარუსი, მონტენეგრო). დანარჩენი 12 მონაწილე ქვეყანა გადავა მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფში. მათ დაემატება გერმანია და პირველი ეტაპის 5 გამარჯვებული.