ლეგიონერები/დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ – 5-5. 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
ქართველმა ლეგიონერებმა ევროპის ეროვნულ ჩემპიონატებში მორიგი ტურის მატჩები ჩაატარეს, მათ შორის იყო რამდენიმე გამორჩეული შეხვედრაც.
ისლანდია
გიორგი დიხამინჯიამ და „აკიურეირმა“ 21-და 22-ე ტურის გასვლითი მატჩები ჩაატარა. პირველ შემთხვევაში „ჰაბნარფორდიურს“ ეთამაშა და 25-30 დამარცხდა. ისლანდიელთა ქართველი ლეგიონერის მონაგარი ორ გოლში აისახა. მეორე მატჩი „თორ აკიურეირთან“ ჰქონდა და ამ შემთხვევაში, თამაში ფრედ – 31-31 დასრულდა, დიხამინჯიამ კი 7 გოლი გაიტანა.
საფრანგეთი
სუპერ ლიგის მე-20 წრეში „ექს ან პროვანსი“ და ნიკოლოზ კალანდაძე „შარტრის“ ეწვივნენ. მატჩი დაძაბული გამოდგა, ანგარიში კი საყაიმო – 30-30. საქართველოს ნაკრების წევრმა 4 გოლი გაიტანა.
პოლონეთი
კარგი მატჩი ჰქონდა მირიან გავაშელიშვილს. მისმა „ოსტროვიამ“ სუპერ ლიგის 23-ე ტურში „აზოტოვე პულავი“ მიიღო და 38-23 მოუგო. ორივე გუნდიდან ერთ-ერთი საუკეთესო იყო გავაშელიშვილი, რომელმაც 5 ბურთი გაიტანა და 7 ასისტი შეასრულა.
ამავე ტურში ითამაშა ზურაბ ცინცაძის „ლეგიონოვომ“, რომელიც ჩემპიონატის ლიდერ „ვისლას“ ესტუმრა და 16 ქულიანი სხვაობით დამარცხდა. საქართველოს ნაკრების მეკარეს შედეგიანი თამაში არ ჰქონია.
ხორვატია
პრემიერ ლიგის საჩემპიონო წრის მეხუთე ტურში გიორგი ცხოვრებაძეს და „ზაგრებს“ „ნექსე ნაშიცესთან“ გასვლითი შეხვედრა ჰქონდა. ხორვატიის მოქმედმა ჩემპიონმა რთული მატჩში 31-26 გაიმარჯვა. ხორვატთა ქართველი ლეგიონერი, რომელმაც 5 გოლი გაიტანა, ორივე გუნდიდან ერთ-ერთი საუკეთესო იყო.