31/03/14 საბრძოლველად, ესპანეთისკენ

სპორტის სამინისტროში პრესკონფერენცია გამართა ხელბურთელთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა. გუნდს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი აქვს ესპანეთში.

ზურაბ კაკაბაძე, ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი: – ამ ასაკის ნაკრებს ორი მნიშვნელოვანი ტურნირი უწევს. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი შეჯიბრება და IHF მსოფლიო თასის ევროპული ზონის ტურნირი, რომელიც მაისში გაიმართება ანდორაში. მთავარი კი ისაა, რომ შემოდგომიდან ეროვნული ნაკრები ჩაერთვება ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის კვალიფიკაციაში, ხოლო ოცწლამდელთა ნაკრებიდან რამდენიმე მოთამაშეს უკვე აქვს ეროვნული გუნდში თამაშის გამოცდილება, ზოგიერთს კი – პერსპექტივები. ასე რომ, ოცწლამდელთა ნაკრებიდან ჩვენ მალე სერიოზულ შევსებას ველოდებით ეროვნულ გუნდში.

ჯორჯე რაშიჩი, მწვრთნელი: – 12-დღიანი სერიოზული შეკრება გავიარეთ. ვვარჯიშობდით დღეში ორჯერ და ხშირად სამჯერაც – ათლეტიზმის დარბაზშიც. ყველამ ბევრი იშრომა, მაგრამ ზოგი ჯერჯერობით ვერ მოერგო ჩემს სავარჯიშო კონცეფციას და გუნდში ვერ მოხვდა. ამ მომენტისთვის, მე ვერ ვიტყდი, რომ იდეალურად ვართ ტექნიკურად მომზადებულები, მაგრამ ფიზიკურად კარგად ვართ, შევიძლია ბევრი სირბილი და დაცვაში კონტაქტური თამაში. მოკლედ, მზად ვართ ბრძოლისთვის. ვიბრძოლებთ შედეგისთვისაც, მაგრამ გააჩნია, რას ვუწოდებთ კარგს შედეგს. მეტოქეები ძალიან ძლიერები არიან, შეიძლება წააგო სამივე თამაში, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, 5 ბურთით წააგებ თუ თხუთმეტით. შემიძლია შეგპირდეთ, რომ ბოლომდე ვიბრძოლებთ ყველასთან.

ბექა ორჯონიკიძე, მწვრთნელი: – მართლაც ბევრი ვიშრომეთ. შემადგენლობა ჯერ არ დაგვისახელებია. თავიდან 20 მოთამაშე იყო, ამჟამად ვარჯიშობს 17 კაცი და შესარჩევი გვყავს 14. ეს ნიშნავს, რომ კონკურენციაა და ეს კარგია, რადგანაც ადრე ყოფილა შემთხვევები, რომ არჩევანი არც გვქონია, სულ 14 კაცი იწყებდა მზადებას. ფედერაციას მადლობა ეკუთვნის, რომ კარგი პირობები შეგვიქმნა.

ლევან გელაშვილი, მწვრთნელი: – იმედია, რომ ყველა ღირსეულად შეხვდება საბოლოო არჩევანს. ვინც ვერ მოხვდება გუნდში, უნდა იცოდეს, რომ კიდევ ექნება შანსი და ვინც ვერ მოხვდება, არ მიიღებს ისე, თითქოს ასეც უნდა მომხდარიყო. კონკურენცია გაგრძელდება.

ზურაბ სიმონია, გუნდის კაპიტანი: – კარგად მოვემზადეთ და სამივე მეტოქესთან საბრძოლველად მზად ვართ.

თამაზ თევზაძე, სპორტის მინისტრის მოადგილე: – ამ გუნდისგან ჩვენ პირველ რიგში ველოდებით ეროვნული ნაკრების შევსებას. კარგია, რომ ხელბურთში დადებითი ძვრები დაიწყო – მე ვფიქრობ, რომ მალე დადგება დრო, როდესაც შედეგიც მოვა.

გუნდი 2 აპრილს ღამით გაემგზავრება ესპანეთში, 3 აპრილს ოვიედოში იქნება, პარასკევს კი პირველი თამაშია მონტენეგროსთან.

ახალგაზრდული ნაკრები

მეკარეები: ჯონი ცერცვაძე (1994, სტუ), არჩილ სამიტაშვილი (1994, თელავი), ზურაბ ცინცაძე (1996, პეგასი), ირაკლი ხიდეშელი (1996, სტუ)

უკანა სამეული: ზურაბ სიმონია (1994, სტუ), შალვა სტურუა (1994, სტუ), თემურ ორჯონიკიძე (1996, სტუ), ალექსანდრე ცხვარაშვილი (1996, პეგასი), გივი გიორგაძე (1996, იმედი)

გარემარბები: ზურაბ აბრამიშვილი (1994, სტუ), ირაკლი გოგოლაძე (1996, სტუ), ომიკო ალანია (1995, იმედი), იოსებ სამიტაშვილი (1994, თელავი), გიორგი დიხამინჯია (1997, პეგასი)

ხაზი: გიგა კოხრეიძე (1996, პეგასი), ჯაბა ხაჟომია (1996, სამტრედია), ლაშა არსენაშვილი (1997, სტუ)

მწვრთნელები: ბექა ორჯონიკიძე, ლევან გელაშვილი, ჯორჯე რაშიჩი ექიმი: ლევან ლინნიკი

ევროპის 20წ ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი.

ოვიედო, ესპანეთი. 4-6 აპრილი, 2014

4 აპრილი, 19:45 საქართველო – მონტენეგრო

5 აპრილი, 21:15 საქართველო – ნორვეგია

6 აპრილი, 20:15 საქართველო – ესპანეთი

ფინალურ ეტაპზე გადის 2 გუნდი

ფინალი: 24 ივლისი-3 აგვისტო, 2014 ავსტრია

Leave a Reply