29/10/14 ესტონეთთან მატჩისთვის ყველაფერი მზადაა

დღეს, 22 საათზე, ტალინის კალევი სპორდიჰალში გაიმართება ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი, ესტონეთი – საქართველო.

საქართველოს ნაკრები მეოთხე დღეა, ესტონეთში ემზადება ახალი საკვალიფიკაციო ციკლის პირველი თამაშისთვის. გუნდი თითქმის საბრძოლო შემადგენლობითაა, ტრავმის გამო გვაკლია მხოლოდ ირანული თავრიზის გამთამაშებელი აკაკი ტალახაძე.

ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირაკლი კეკელიძე: – იმ 13 მოთამაშიდან, ვინც ტალინშია, ყველა მწყობრშია და ვარჯიშობს. ლეგიონერებიდან ყველა დროულად ჩამოვიდა, შესაბამისად, რამდენიმე დღის განმავლობაში, გვქონდა საშუალება, ტაქტიკური სქემები დაგვეხვეწა და გუნდის შეთამაშებაზე გვემუშავა. ესტონეთი ალბათ ჩვენი მთავარი მეტოქე იქნება ჯგუფში, ამიტომ ეს და 2 ნოემბრის თამაში, თბილისში, გადამწყვეტი იქნება. შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ მოსაგებად და მეორე ეტაპზე გასასვლელად.

ესტონეთის გუნდს თამაშის წინ პრობლემები ჰქონდა. არ ითამაშებს გუნდის ორი მთავარი ბომბარდირი – ბუნდესლიგის აუეს მარცხენა შუამარბი მაიტ პატრაილი და გერმანულივე აუეს მარცხენა ინსაიდი, დენერ იანემაა. თამაშის წინადღეს საეჭვო იყო კიდევ სამი მოთამაშის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მაგრამ თამაშის განაცხადში სამივე მოხვდა – მიკ პინონენი, მარიუს ლეპი და იანარ მიაგი.

რეინ სუვი, ესტონეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: – თამაში მნიშვნელოვანია. არაა გამორიცხული, საბოლოო ჯამში ბურთების სხვაობის დათვლა დაგვჭრდეს საქართველოსა და ესტონეთს შორის, ამიტომაც ტალინში მეტოქეს ძალიან მძიმე ბრძოლა უნდა შევთავაზოთ, რადგანაც ქართველები განსაკუთრებულად ძლიერები არიან საკუთარ მოედანზე და თბილისში გაგვიჭირდება. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ პლეიოფში გასასვლელად უნდა ვიბრძოლოთ და არა უბრალოდ მონაწილეობა მივიღოთ ტურნირში. მატ პატრაილის ადგილზე ჩვენ ვათამაშებთ მიკ პინონენს და იანარ მიაგის, ხოლო იანემაას პოზიციაზე შანსი მიეცემათ ანდრის ცელმინსს, მარკო სლასტინოვსკის და კრისტო იარვეს“.

ესტონეთის ნაკრების 16 ხელბურთელიდან 4 თამაშობს უცხოურ კლუბებში: გერმანიის აუეს ინსაიდი იანერ მიაგი, ფინური რიიჰიმიაე კოქსის უკანახაზელი კრისტო ვოიკა და რუმინეთის შტიინცა ბაკეუს ორი მოთამაშე – მარცხენა გარემარბი მიკ პინონენი და გამთამაშებელი მარტინ იოჰანსონი. მათ კარგად იცნობენ ვლადიმერ რუსია და შოთა თევზაძე, რომლებიც ბაკეუში ფინელებთან ერთად თამაშობდნენ.

სხვა ხელბურთელებიდან გამოსარჩევია მძლავრი პივოტი არმი პიარტი (დ. 1991, 204 სმ, 118 კგ), რომელმაც წინა სეზონი თურქეთის ჩემპიონ ბეშიქთაშში ჩაატარა, ასევე მეკარე ალექსეევი, რომელსაც უთამაშია შვეიცარიასა და ფინეთში. ნაკრებში დებიუტი ექნება ახალგაზრდული ნაკრების ორ ხელბურთელს, ვინც წლეულს ოცწლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშა – ანდრის ცელმინსსა და კრისტო იარვეს.

თამაში საქართველოს დროით 22 საათზე დაიწყება. ტელერეპორტაჟს ესტონური არხი, ETV 2 აწყობს. საქართველო და ესტონეთი 2 სექტემბერს, 18 საათზე, უკვე თბილისის სპორტის სასახლეში ითამაშებენ. ჯგუფის მესამე წევრი ლუქსემბურგი, ტურნირში 2015 წელს ჩაებმება. პლეიოფში მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული გადის.

ევრო 2018. კვალიფიკაციის პირველი ეტაპი. 2 ჯგუფი

ესტონეთი – საქართველო

29 ოქტომბერი, 22:00. ტალინი. კალევი სპორდიჰალი (ტევადობა 1 200)

საქართველო: 22. შოთა თევზაძე, 16. გიგა ტორონჯაძე5. გია გვაზავა 7. უჩა გამზარდია 9. სერგო დათუკაშვილი 10. ვლადიმერ რუსია 14. ირაკლი ჩიქოვანი 17. თემურ ორჯონიკიძე 19. რობერტ ბეჟანიშვილი 20. შოთა გრიშიკაშვილი 23. რევაზ ჭანტურია 24. რატი მსხვილიძე 31. ილია გოგალაძე

მთავარი მწვრთნელი ირაკლი კეკელიძე, მწვრთნელი ბექარ ორჯონიკიძე, ექიმი ლევან ლინნიკი

ესტონეთი: 1. მარიუს ალექსეევი, 20. დენის ლოოკენე – 2. მიკ პინონენი 4. მარკო სლასტინოვსკი 5. კრისტიან მუუგა 6. მარიუს ლეპი 11. მარტინ იოჰანსონი 13. ჰენრი სილასტე 14. იანარ მიაგი 18. ანდრის ცელმინსი 32. კარლ როოსნა 35. კრისტო იარვე 38. სიიმ პინონენი 43. კასპარ ლეესი 47. კრისტო ვოიკა 50. არმი პიარტი

მწვრთნელები: რეინ სუვი, იაანუს რიატსეპი, მარგუს პარტსი, პრიიტ ალიკივი

მსაჯები: ვაგიფ ალიევი, ალეკპერ აღაქიშიეევი (აზე), დელეგატი: ტადას იანსონასი (ლიტ)

თამაშების განრიგი

29 ოქტომბერი, 22:00. ესტონეთი-საქართველო

2 ნოემბერი, 18:00.  საქართველო – ესტონეთი

29 ან 30 აპრილი, 2015. საქართველო – ლუქსემბურგი

3 მაისი, 2015. ლუქსემბურგი – საქართველო

10 ივნისი, 2015. ლუქსემბურგი – ესტონეთი

13 ან 14 ივნისი, 2015. ესტონეთი – ლუქსემბურგი

ევროპის ჩემპიონატი 2018, კაცები (ფორმატი)

კვალიფიკაცია

პირველი ეტაპი, 2014-15

1 ჯგუფი: საბერძნეთი, ბელგია, კვიპროსი

2 ჯგუფი: ესტონეთი, ლუქსებურგი, საქართველო

3 ჯგუფი: რუმინეთი, იტალია, კოსოვო

მეორე ეტაპზე, პლეიოფში, გადის ჯგუფების თითო გამარჯვებული

მეორე ეტაპი, პლეიოფი. აპრილი, 2016

პირველი ეტაპის სამი გამარჯვებული წილისყრის შედეგად დაუწყვილდება 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის მთავარი შესარჩევ ტურნირზე უარესი შედეგის მქონე სამ გუნდს და ითამაშებს ორ მატჩს, შინ/სტუმრად ფორმატით. ორი მატჩის ჯამში გამარჯვებულები გავლენ მთავარ შესარჩევ რაუნდში.

სავარაუდო მეტოქეები პლეიოფში:

ევრო 2016. მთავარი შესარჩევი რაუნდი

1 ჯგუფი: ხორვატია, ნორვეგია, ჰოლანდია, თურქეთი

2 ჯგუფი: დანია, ბელარუსი, ლიტვა, ბოსნია

3 ჯგუფი: სლოვენია, შვედეთი, სლოვაკეთი, ლატვია

4 ჯგუფი: სერბეთი, ისლანდია, მონტენეგრო, ისრაელი

5 ჯგუფი: უნგრეთი, რუსეთი, პორტუგალია, უკრაინა

6 ჯგუფი: საფრანგეთი, მაკედონია, ჩეხეთი, შვეიცარია

7 ჯგუფი: ესპანეთი, გერმანია, ავსტრია, ფინეთი

7 ჯგუფის 2-2 გამარჯვებული და საუკეთესო მესამე ადგილი გავა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც გაიმართება პოლონეთში. ჯგუფებში ბოლო ადგილებზე გასულ 7 გუნდს შორის უარესი შედეგის მქონე 3 ნაკრები ითამაშებს ევრო 2018-ის კვალიფიკაციის პლეიოფში.

მესამე ეტაპი, მთავარი რაუნდი. 2016-17

პლეიოფის 3 გამარჯვებული შეუერთდება 25 ქვეყანას, რომელიც კვალიფიკაციაში ამ ეტაპიდან ჩაერთვება.   ეს იქნება 25 უკეთესი შედეგის მქონე გუნდი ევრო 2016-ის შესარჩევი ტურნირის მონაწილე 28 ქვეყნიდან, (ხორვატიას, როგორც ევრო 2018-ის მასპინძელს შეცვლის ევრო 2016-ის მასპინძელი პოლონეთი).

შეიქმნება 7 ოთხგუნდიანი ჯგუფი. ორწრიანი ტურნირის შემდეგ ჯგუფების 2-2 საუკეთესო გუნდი და საუკეთესო მესამე ადგილი მიიღებს ევრო-2018-ის საგზურს.

მთავარი რაუნდი გაიმართება 2016 წლის ოქტომბერ-ნოემბერში, 2017 წლის აპრილ-მაისსა და ივნისში.

ფინალური ტურნირი გაიმართება 2018 წლის იანვარში, ხორვატიაში

 

Leave a Reply