28/03/15 ჭაბუკთა ნაკრების მეორე ადგილი ლატვიაში

ლატვიიდან დაბრუნდა საქართველოს ჩვიდმეტწლამდელთა, ოლიმპიური ნაკრები, რომელმაც მეორე ადგილი დაიკავა რიგის საერთაშორისო ტურნირზე. ქართველები პირველ დღეს 25-28 დამარცხდნენ ლიტვის ნაკრებთან, ხოლო შემდეგ ლატვიის მეორე და პირველ ნაკრებებს მოუგეს – 29-16 და 30-25.

ტურნირის მეოთხე მონაწილე უნდა ყოფილიყო შვედეთის ჭაბუკთა გუნდი, შემდეგ ისინი შეცვალეს ესტონელებმა, მაგრამ საბოლოოდ რიგაში არც ისინი ჩავიდნენ და შეჯიბრებაში მასპინძელთა მეორე გუნდი ჩაება

ლიტვასთან ჩვენი გუნდი მე-18 წუთზე 11-6 იგებდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა, 42-ე წუთისთვის კი ლიტვა პირველად დაწინაურდა (19-18) და ჩვენებმა თამაშის შემობრუნება ვერ შეძლეს. ლატვიის მეორე გუნდს იოლად მოვუგეთ და ბოლო 12 წუთში ზედიზედ 8 უპასუხო გოლიც გავუტანეთ (29-16), ხოლო მასპინძელთა პირველ ნაკრებთან საქართველო თავიდანვე 5 ბურთით დაწინაურდა, თუმცა, ტაიმი წააგო (10-12) და ხუთბურთიანი უპირატესობა შესვენების შემდეგ თავიდან მოიპოვა.

ჭაბუკთა ნაკრების მომავალი გეგმები ასეთია. გუნდი საქართველოში გაივლის რამდენიმე შეკრებას, საკონტროლო მატჩები ექნება საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებთან, ხოლო 18 ივნისს გაემგზავრება ესპანეთში, სადაც ჯერ ერთი მატჩი ექნება „ბარსელონას“ ჩვიდმეტწლამდელთა გუნდთან, შემდეგ კი ჩაებმება გრანოლერსის საერთაშორისო ტურნირში. ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალი 27 ივლისს იწყება თბილისში.

რიგის ტურნირის შესახებ გვესაუბრება ჭაბუკთა ნაკრების მთვარი მწვრთნელი, გარი თურქია:

– მე ვფიქრობ, რომ წინა ორი უცხოური ტურნეს, ბელარუსისა და სლოვენიის შემდეგ, წინ წავიწიეთ, თუმცა, ჯერ სტაბილურობა გვაკლია. ჯერჯერობით არ გვყავს გამოკვეთილი ლიდერიც. მე რამდენიმე მოთამაშეს მოვიაზრებ საამისოდ, მაგრამ ისინი ჯერ ბოლომდე არ არიან მზად. კარგად ვართ მომზადებული ფიზიკურად, ბიჭებს უკვე გააზრებული აქვთ, რომ ხელბურთი უპირველესად გუნდური თამაშია, ძირითადად კარგად მიგვდის ხოლმე კომბინაციური თამაში, გაცილებით ნაკლებ ბურთს ვკარგავთ შეტევაში, მაგრამ ზოგჯერ ვერ ვარეგულირებთ თამაშის ტემპსა და რიტმს, მთავარი ნაკლი კი ისაა, რომ რაღაც მომენტებში გუნდი კარგავს კონცენტრაციას. ასე იყო ლიტვასთან, როდესაც ვიგებდით 5 ბურთით, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ მეკარესთან პირისპირ გასვლა – ერთხელ, ორჯერ, და, ცხადია, ამ მონაკვეთში ლიტვა გაგვექცა. მეორე ტაიმში ერთი, ორი, მაქსიმუმი სამი ბურთით ვაგებდით, რაც ხელბურთში დიდი არაფერია, მაგრამ ამ ჩამორჩენამ ფსიქოლოგიური პრობლემები შეგვიქმნა და მეტოქეს ვეღარ დავეწიეთ. სლოვენიის ნაკრები, რომელთანაც წინა ტურნეზე 7 ბურთით წავაგეთ, ლიტვაზე ძლიერი გუნდია, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ბევრად უფრო ძლიერია. ლიტვამ ლატვიას დაახლოებით იმავე სხვაობით, მოუგო, როგორითაც ჩვენ, 6 ბურთით.

საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ კმაყოფილი ვარ, რადგან ყველა ხელბურთელის პროგრესს ვხედავ, და ივლისის ბოლომდე კიდევ ბევრს მოვუმატებთ. ჭაბუკთა ოლიმპიადაზე ჯგუფში ძლიერი მეტოქეები შეგვხვდა (საფრანგეთი, შვეიცარია, სლოვენია). მე პირადად დანიის, უნგრეთისა და ნორვეგიის წინააღმდეგ თამაში მერჩივნა, მაგრამ წილისყრის შედეგებს გუნდში არც განვიხილავთ. ვიცოდით, რომ ოლიმპიადაზე მხოლოდ ძალიან ძლიერი გუნდები იქნებოდნენ და ვიცით, რომ თანაბრად ბრძოლა ყველასთან შეიძლება.

ჭაბუკთა ნაკრები ლატვიაში (23-26 აპრილი, 2015)

მეკარეები: სანდრო ხანდოლიშვილი (ქარიშხალა), გიორგი ხარაიშვილი (იმედი)

უკანა ხაზი: ლუკა ბულბულაშვილი, გიგი ფერაძე (ქარიშხალა) , ირაკლი კბილაშვილი (ქუთაისი), გიგა ზარნაძე (პეგასი), ზეზვა იობაშვილი (იმედი), გიორგი ტიელიძე (გორი)

გარემარბები: ხაზეინ რუსტამოვი (იმედი), გიორგი მერკვილაძე (ქუთაისი), ლევან მამულაშვილი (ქარიშხალა), თამაზ ტარუაშვილი (გორი)

პივოტები: ერეკლე არსენაშვილი (ქარიშხალა), ნოდარ მაისურაძე (პეგასი)

მთავარი მწვრთნელი გარი თურქია, მწვრთნელი გიორგი ქობელაშვილი, ექიმი ანა ხუბულური, დელეგაციის თავი იმედო ფხაკაძე

რიგა, 24 აპრილი

საქართველო (17) – ლიტვა (17) 25-28 (14-13)

საქ: კბილაშვილი 5, არსენაშვილი 4, რუსტამოვი 3, მერკვილაძე 3, იობაშვილი 3, ზარნაძე 3, ფერაძე 3, ბულბულაშვილი 1

ლიტ: ს. მეჩელიცა – ანტანავიჩუსი 9, პეტრუშისი 7,ვანაგასი 3, ვალიულისი 3, სტანკუნასი 2, იოვაიშასი 1, ბენდორაიტისი 1, მ. მეჩელიცა 1, რაგელისი 1, ტეკუტისი, ბენედიქტავიჩუსი, გაშტაუტასი – მწვ. ამბრაზასი

მსაჯები: ლიცისი, ბოგდანოვსი (ლატ)

25 აპრილი. საქართველო – ლატვია 2 29-16 (12-8)

საქ: არსენაშვილი 4, ზარნაძე 4, ბულბულაშვილი 4, რუსტამოვი 3, იობაშვილი 3, ფერაძე 2, ტიელიძე 2, მერკვილაძე 2, კბილაშვილი 2, მამულაშვილი 2, მაისურაძე 1

მსაჯები: პერსისი, ლეიტისი

26 აპრილი. საქართველო – ლატვია 30-25 (10-12)

საქ: ბულბულაშვილი 7, კბილაშვილი 6, რუსტამოვი 4, იობაშვილი 4, არსენაშვილი 3, ზარნაძე 3, მერკვილაძე 2, ფერაძე 1

ლატ: კუინერსი, კანცოვსი – კურზემნიექსი 6, გორბუნოვსი 5, პეტუჰოვსი 4, იანატლევსი 3, პანჩენკო 3, ოზოლსი 2, სტრაზოლინსი 1, კლავინში 1, ორლოვსი, მეიშკანსი – მწვ. სტრაუმე

მსაჯები: ჩერნიავსკისი, ბოგდანოვსი

1, ლიტვა 6 ქულა, 2. საქართველო 4, 3. ლატვია-1 2, 4. ლატვია-2 0

Leave a Reply