27/10/13 მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოში გაიმართება

2017 წლის ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოში გაიმართება. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო დღეს ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის კონგრესმა დოჰაში (ყატარი).

 

კანდიდატი ორი იყო, საქართველო და ხორვატია. კონგრესმა მოიწონა საქართველოს ხელბურთის ფედერაციის განაცხადი, რომლის მიხედვითაც ცხრამეტწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი უნდა გაიმართოს ოთხ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში და თელავში. დაგეგმილია სამი ახალი, თანამედროვე სტანდარტის სპორტის სასახლის მშენებლობა თელავში (2000 ადგილი) ქუთაისში (3-4 ათასი) და ბათუმში (5-6 ათასი), რასაც მხარს უჭერს საქარველოს მთავრობა. შეჯიბრება 2017 წლის აგვისტოში უნდა გაიმართოს.

 

ხორვატიამ მიიღო იმავე წლის ახალგაზრდული (U-21) მსოფლიო ჩემპიონატის გამართვის უფლება.

 

ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატში 24 გუნდი მონაწილეობს, საქართველო, როგორც ტურნირის მასპინძელი, შეჯიბრებაში შესრჩევი ტურნირის გარეშე დაიშვება. ტურნირი 2005 წლიდან იმართება. დღემდე ჩატარდა 5 ჩემპიონატი ყატარში, ბაჰრეინში, ტუნისში, არგენტინასა და უნგრეთში.

 

დოჰაში საქართველოს წარადგენდნენ ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე, გენერალური მდივანი ქეთევან კობერიძე, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი, იმერეთისა და კახეთის რეგიონული ხელბურთის ფედერაციების შეფები – დავით აბულაძე და გიორგი სვიმონიშვილი.


ფოტოზე: ხელბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი ქეთევან კობერიძე საქართველოს განაცხადს წარადგენს

 

Leave a Reply