EHFChampionshipW17_GEO21_Landscape_RGB

25/12/13 ანკარაში, იერუსალიმის გავლით

სპორტკომპლექს არენაში ღია ვარჯიში გამართა საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა, რომელიც ხუთშაბათ დილას ისრაელში მიემგზავრება. ოფიციალური თამაშების წინ გუნდი იქ ივარჯიშებს და ორი ამხანაგური მატჩიც ექნება.

მწვრთნელმა ჯორჯე რაშიჩმა ტურნეზე 14 ხელბურთელი წაიყვანა. ორი მოთამაშე, რევაზ ჭანტურია და სერგო დათუკაშვილი ნაკრებს თურქეთში, შესარჩევი მატჩის წინ შეუერთდება. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო თამაში ანკარაში 2 იანვარს გაიმართება.

საქართველოს ნაკრები თელ-ავივში იცხოვრებს და 26, 29, 30 დეკემბერს ივარჯიშებს, 27 და 28 დეკემბერს კი ამხანაგური მატჩები ექნება ისრაელის ნაკრებთან აშდოდსა (27 დეკ, 16:30) და რიშონში (28, 20:00). 29 დეკემბერს, ვარჯიშის წინ გუნდი იერუსალიმს მოინახულებს. 31 იანვარს ქართველები უკვე ანკარაში იქნებიან.

ჯორჯე რაშიჩი, მთავარი მწვრთნელი: – რამდენიმე მოთამაშეს მცირე ტრავმა აქვს, მაგრამ ეს ხელს ვერ შეგვიშლის შესარჩევი მატჩებისთვის მზადებაში, ამ საქმეში კი ისრაელში გასამართი ორი მატჩი ძალიან გამოგვადგება. მზად ვართ, ვიბრძოლოთ მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფში გასასვლელად.

ირაკლი ჩიქოვანი: – კარგად ვემზადებით და ორი ამხანაგური თამაში შეთამაშებაში ძალიან დაგვეხმარება. ანკარაში სრულ მზადყოფნაში ჩავალთ.

ვლადიმერ რუსია: – ხელის ტრავმა აღარ მაწუხებს და მზად ვარ, მთელი დატვირთვით ვითამაშო. თურქეთში მოსაგებად მივდივართ.

ირაკლი კეკელიძე, მწვრთნელი: – მცირე ტრავმები არის, მაგრამ ისეთი არაფერი. ძალიან კარგი და სასარგებლო ტურნე გვაქვს ისრაელში. იერუსალიმში ჩასასვლელადაც დიდი ამბით ვემზადებით. დღეს საღამოს კი, გამგზავრებამდე, თურქეთის თამაშის ვიდეოფირის განხილვა გვექნება.

ბექარ ორჯონიკიძე, მწვრთნელი:- თურქეთ-ლიტვის თამაში მწვრთნელებმა უკვე გავარჩიეთ. თურქეთს ძალიან გაუჭირდა შეტევაში. პროგნოზები არ მიყვარს, მაგრამ თუ თურქეთმა ისევე ითამაშა, როგორც ლიტვასთან, აუცილებლად მოვუგებთ. ისედაც და ასედაც, ეს თამაში აუცილებლად მოსაგები გვქავს.

ზურაბ კაკაბაძე, ფედერაციის პრეზიდენტი: – გუნდის მოტივაცია აქამდე არნახულია. 2 იანვრის თამაში ანკარაში ძალიან მნიშვნელოვანია და მხოლოდ გამარჯვებისთვის ვითამაშებთ. ეს ძალიან კარგ შანსს მოგვცემს პლეიოფში გასასვლელად.

თამაზ თევზაძე, სპორტის მინისტრის მოადგილე: – აქ სპეციალურად მოვედი. მინდა რომ გუნდს გზა დავულოცო. დიდი იმედი მაქვს, რომ თურქეთს ორჯერვე დავამარცხებთ და გადამწყვეტი მატჩი შინ, 8 იანვარს, ლიტვის ნაკრებთან გვექნება.

ტურნირს ჯერჯერობით ლიტვის ნაკრები ლიდერობს 4 ქულით. 5 იანვარს თურქეთს თბილისის სპორტის სასახლეში ვმასპინძლობთ, 8 იანვარს აქვე ვეთამაშებით ლიტვას, ხოლო საკვალიფიკაციო თამაშებს 11 იანვარს ვამთავრებთ ფინეთში. პლეიოფში გადის მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული, აქედან კი მსოფლიო ჩემპიონატამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯია. წილისყრა გაიმართება იანვრის ბოლოს, რის შემდეგაც გაირკვევა პლეიოფის წყვილები. ორი მატჩის (შინ და სტუმრად) გამარჯვებული გავა მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც იმართება 2015 წლის იანვარში, ყატარში.

2 იანვარს ანკარაში, თურქეთ-საქართველოს თამაში ჩვენი დროით 20:00 დაიწყება. მსაჯები არიან მილან ჰაიეკი და კარელ მაქო, ჩეხეთი. დელეგატი – ანდრეი ანდრეევი, ბულგარეთი.

საქართველოს ნაკრები

მეკარეები: შოთა თევზაძე (ბაკეუ, რუმ), გიგა ტორონჯაძე (ტრაბზონსფორი, თურ)

ხაზის მოთამაშეები: გიორგი გვაზავა (სტუ), უჩა მაისურაძე (ბათუმი)

უკანა სამეული: სერგო დათუკაშვილი (ალ კიადა, ყატ), ვლადიმერ რუსია (ბაკეუ, რუმ), ირაკლი ჩიქოვანი (ტიმიშოარა, რუმ), რატი მსხვილიძე (ტრაბზონსფორი, თურ), ლექსო წითელიშვილი (სამტრედია), ზურაბ სიმონია (სტუ), თემურ ორჯონიკიძე (სტუ), აკაკი ტალახაძე

კუთხის მოთამაშეები: რევაზ ჭანტურია (სტრუმიცა, მკდ), უჩა გამზარდია (ბათუმი), ოთარ ამირანაშვილი (სტუ), ზურაბ აბრამიშვილი (სტუ)

მთავარი მწვრთნელი ჯორჯე რაშიჩი (სრბ), მწვრთნელები ბექარ ორჯონიკიძე, ირაკლი კეკელიძე, ექიმი ლევან ლინნიკი

მსოფლიო ჩემპიონატი 2015. კვალიფიკაცია. ევროპის 1 ჯგუფი

ლიტვა 4 ქულა / საქართველო 2, ფინეთი 2, თურქეთი 0

30 ოქტომბერი. ლიტვა – საქართველო 23:17, ფინეთი – თურქეთი 26:20

3 ნოემბერი. თურქეთი – ლიტვა 20:23, საქართველო-ფინეთი 26:19

2 იანვარი. ფინეთი – ლიტვა თურქეთი – საქართველო

4 იანვარი. ლიტვა – ფინეთი, 5 იანვარი. საქართველო – თურქეთი

8 იანვარი. საქართველო – ლიტვა, თურქეთი – ფინეთი

11 იანვარი. ფინეთი – საქართველო, 12 იანვარი. ლიტვა – თურქეთი

პლეიოფში გადის მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული

მეტი ფოტო:

www.facebook.com/GEONHF

Leave a Reply