24/08/14 საფრანგეთი ევროპის ჩემპიონია

ევროპის ჩემპიონი ხელბურთში 18-წლამდელთა შორის გახდა საფრანგეთის ნაკრები. ტურნირი პოლონეთში გაიმართა და 16 გუნდი მონაწილეობდა. ფრანგებმა ფინალში 33:30 დაამარცხეს უნგრელი ჭაბუკები. მესამე ადგილისთვის ესპანეთმა მოუგო დანიას – 27:21.

ტურნირი მნიშვნელოვანი იყო ევროპის 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის. რეგლამენტის მიხედვით, თბილისში , 2015 წლის ივლისში უნდა ითამაშოს ევროპის შვიდმა საუკეთესო ბიჭების გუნდმა (მერვე საქართველო იქნება), ეს შვიდეული კი სწორედ პოლონეთში, ევროპის ჩემპიონატზე უნდა გამოვლენილიყო. მართალია, თბილისის ტურნირი 1998 წლებში დაბადებულთათვის ტარდება, ხოლო ევროპის ჩემპიონატზე 1996-იანები თამაშობდნენ, მაგრამ 16-წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატები არ იმართება.

მეხუთე ადგილისთვის შვედეთმა მოუგო შვეიცარიას – 28:25, ხოლო მეშვიდე ადგილისთვის გერმანიამ დაამარცხა პოლონეთი – 16:23. შესაბამისად, 2015 წლის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე მონაწილეობის მთავარი კანდიდატები არიან საფრანგეთი, უნგრეთი, ესპანეთი, დანია, შვედეთი, შვეიცარია და გერმანია. სექტემბრის ბოლოს ევროპის ხელბურთის ფედერაცია ოფიციალურად გამოუგზავნის თბილისი-2015-ის ორგანიზატორებს 7 ძირითადი და 3 სათადარიგო მონაწილე ქვეყნის სიას.

ხორვატიისა და მაკედონიის გუნდებმა, რომელთანაც დამარცხდა საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში, ფინალურ ტურნირზე, შესაბამისად, მე-10 და მე-15 ადგილები დაიკავეს.

ამგვარად, ევროპისა და მსოფლიოს 2015 წლის ასაკობრივი ჩემპიონატები დასრულდა. 2015 წელს ქალები ითამაშებენ 17 და 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს, ხოლო კაცები – 19 და 21-წლამდელთა მსოფლიო პირველობისთვის იბრძოლებენ.

კაცები. 18 წ ევროპის ჩემპიონატი

1. საფრანგეთი 2. უნგრეთი 3. ესპანეთი 4. დანია

კაცები. 20 წ ევროპის ჩემპიონატი

1. გერმანია 2. შვედეთი 3. ესპანეთი 4. დანია

ქალები. 18 წ მსოფლიო ჩემპიონატი

1. რუმინეთი 2. გერმანია 3. დანია 4. მომტენეგრო

ქალები. 20 წ მსოფლიო ჩემპიონატი

1. კორეა 2. რუსეთი 3. დანია 4. გერმანია

Leave a Reply