23/09/14 ახალგაზრდული ოლიმპიადისთვის მშენებარე ობიექტები მინისტრმა დაათვალიერა
23 სექტემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა და მინისტრის მოადგილე აკაკი ლოდიამ თბილისის 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებისთვის მშენებარე საცურაო აუზი და მრავალფუნქციური სპორტის სასახლე დაათვალიერეს. ლევან ყიფიანას და აკაკი ლოდიას მასპინძლობა „სპორტმშენსერვისის” დირექტორმა ლევან ტარყაშვილმა გაუწია. ჟურნალისტების შეკითხვებს საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე ნიკოლეიშვილმა და ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზურაბ კაკაბაძემ უპასუხეს.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით მშენებლობისთვის დამატებითი თანხები გამოიყო – ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გამოუყო 8 000 000 ლარი, სახელმწიფოს 100% წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმო შპს „სპორტმშენსერვისის” (ს/ნ 204878542) კაპიტალის გაზრდის მიზნით, საიდანაც 4,800 მილიონი აუზის, 3,200 მილიონი კი სპორტის სასახლის მშენებლობაზე დაიხარჯება.
დიღომში, ამერიკის საელჩოს გევრდით მდებარე საცურაო აუზზე მესამე თვეა, რაც მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს, მაღლივი კორპუსის გვერდით მდებარე მრავალფუნქციურ სპორტის სასახლეზე კი სამუშაოები ახლახანს დაიწყო. საცურაო აუზი, რომელშიც შესაძლებელი იქნება წყალბურთის, ცურვის, სინქრონული ცურვის და წყალში ხტომის ტურნირების ჩატარება საერთაშორისო სტანდარტებს დააკმაყოფილებს და თავისუფლად შეეძლება ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატების მასპინძლობა, რაც აქედანვე შეთანხმებულია შესაბამის საერთაშორისო ფედერაციებთან.
იგივე კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს სპორტის სასახლეც და ხელბურთის, ფრენბურთის და კალათბურთის უმაღლესი დონის ტურნირების მასპინძლობა შეეძლება. სასახლეში ორი დარბაზი იქნება, რომელსაც ერთდროულად შეეძლება მაგალითად კალათბურთის და ხელბურთის ტურნირების მიღება. ერთი დარბაზი 800-ს, ხოლო მეორე 3000 ათას გულშემატკივარს დაიტევს. ცალკე გამოიყოფა 36 ადგილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და თანამედროვე სტანდარტების დაცვით მოეწყობა.
სპორტის სასახლეში განსაზღვრულია სპორტსმენების გასახდელების, საშხაპეების, ჟურნალისტების სამუშაო ოთახების, ვიპ-ლოჟის, საპრესკონფერენციო დარბაზის, საკომენტატორო ოთახების, კაფეტერიის და სასახლეში მომუშავე პერსონალის სამუშაო ოთახების მოწყობა.
ფოტო – თამუნა ყულუმბეგაშვილი
www.msy.gov.ge