23/01/15 ოთხი გაირკვა, ოთხი გაირკვევა, ანდერსონი საეჭვოა

მსოფლიო ჩემპიონატზე, ყატარში, გაირკვა მერვედფინალის 4 წყვილი, 4 გამოვლინდება შაბათს, კვირას და ორშაბათს კი უკვე პლეიოფის მატჩები იწყება.

 

***

დოჰაში საკმაოდ ინტენსიური გრაფიკი გვაქვს. ოთხი საათი – თამაშები. ამას დაუმატეთ მინიმუმ ორსაათნახევარი გზაში, სადღაც ორსაათნახევარი მატჩისწინა და მატჩისშემდგომი ოპერირებისთვის – ოქმების შეკრება, აკრეფა, რეპორტაჟის დაწერა და ატვირთვა, ჯობს ეს ყველაფერი მედიაცენტრშვე მოითავო, თორემ სასტუმროში საშინელი ინტერნეტია (ეს ერთადერთი პრობლემაა, რაც ყატარში გვაქვს). ჯამში გამოდის 9-10 საათის სამუშაო. ხშირად თამაშის დროს მიწევს წერა, რომ ყველაფერი დროზე მოვასწრო და ბოლო ავტობუსზეც არ დავაგვიანო. ჰო, შუალედებში სადილი და ვახშამი – ამის დროც შესარჩევია და მისათვლელი.

 

არადა, მედიაცენტრში უამრავი ნაცნობი სახე ირევა. ძალიან ბევრი ძალიან ცნობილი ხელბურთელი აქაა აკრედიტებული და კომენტატორად, მიმომხილველად თუ ანალიტიკოსად მუშაობს. ამას გარდა, იმართება პრესკონფერენციები, ათასი სხვა რაკურსით შეიძლება აქაურობის გაშუქება, მაგრამ ყველაფრისთვის დრო საკმარისი არაა.

 

ორი დღის წინ, ლუსაილის ავტობუსში ერთ-ერთმა კოლეგამ მეილის მისამართები ჩაგვაწერინა ისე, რომ განმარტება არ მოუცია. საღამოს მოგვივიდა შეტყობინება – მეგობრებო, ეს სატესტო მეილია. პატივისცემით, ალამ არსალანი, მედიის განყოფილების მდივანი, ყატარის ოლიმპიური კომიტეტი. ერთ საათში მოდის წერილიც, რომელიც გუშინ ალბათ უკვე წაიკითხეთ.

 

მართალი გითხრათ, სულაც არ მახსოვდა, რომ ყატარის მწვრთნელი მაინცდამაინც ვალერო რივერა იყო და ესპანეთის მარცხენა გარემარბი ვალერო რივერა ყატარის ნაკრების მწვრთნელის შვილია – მივწერე, რომ შესანიშნავი წერილია და თუ შემიძლია, გამოვაქვეყნო-მეთქი, ოღონდ თქვენ ვერ წაიკითხავთ, ქართულად იქნებათქო და კი ბატონოო ლინკი გამომიგზავნეთ და ქართულად იყოსო. მაქვს უკვე მეორე წერილიც, აქაურ მოხალისეებზე, მაგრამ არა მაქვს სათარგმნელი დრო, რადგანაც მალე დაიწყება ირან-ტუნისის მატჩი ალ სადის, ანუ ალი ბინ ჰამად ალ ატიია არენაზე, ხოლო მატჩის წინ იქნება წუთიერი დუმილი აბდულა ბინ აბდულაზიზ ალ საუდის, საუდის არაბეთის მეფის პატივსაცემად. მეზობელი ქვეყნის მონარქი პნევმონიით გარდაცვლილა, 90 წლისა.

 

***

ტუნისი 3 ქულით B ჯგუფში მეოთხე, გამსვლელ ადგილზეა, მაგრამ ეს პოზიცია დასაცავი აქვს ბოსნიისგან, ამიტომაც, ფრე მაინც სჭირდება ირანთან, რომელიც მეექვსე ადგილზე ზემოთ ვერ ავა. ბოსნიას თამაში აქვს უმოტივაციოდ მყოფ ხორვატიასთან და გამორიცხული არაფერია. ლუსაილში პირველი თამაშია ბრაზილია – ჩილე, ხოლო ესპანეთი და სლოვენია დუჰაილში არიან – ეს უკვე A ჯგუფია.

 

ალ სადის დარბაზში მინიმუმ 4000 მაყურებელი ზის, აბსოლუტური უმრავლესობა ტუნისელია. პირველი ტაიმის შემდეგ ფრეა, 12-12, ესპანეთი უგებს სლოვენიას 14-10, ხოლო ბრაზილია აგებს ჩილესთან 12-13 და ბელარუსს ჯერჯერობით შანსი რჩება.

 

ამასობაში ვრცელდება ცნობა, რომ შვედეთის ლიდერის, კიმ ანდერსონისთვის ჩემპიონატი შესაძლოა დასრულებულიც იყოს. – ეგვიპტესთან მატჩის მეორე ტაიმში ისეთი შეგრძნება მქონდა, მხარი თითქოს ამოვარდნილი მქონდაო. – ამბობს ანდერსონი, მხრის ტრავმა კი ქრონიკული აქვს – შარშან ზედიზედ 16 თვე გამოტოვა ამის გამო. შვედეთის ნაკრების სამედიცინო სტაფი იმედს არ არგავს, რომ დანიური კოლდინგის ინსაიდი მწყობრში დააბრუნოს. შვედეთს ხვალ საფრანგეთთან აქვს თამაში D ჯგუფში პირველობისთვის, ხოლო ანდერსონის საქმე სულ მოლო მომენტში გაირკვევა.

 

ტუნისს კი ზედიზედ 6 გოლი გააქვს მეორე ტაიმის დასაწყისში – 18-12, დარბაზი კი თითქმის გაივსო. ზედა იარუსი ისედაც სავსე იყო, ახლა ქვემოთაც მოემატა ხალხი. ბრაზილია 50-ე წუთზე მხოლოდ 22-21 უგებს ჩილეს, მაგრამ ზუსტად ამ მონაკვეთში ტეხავს მეტოქეს – 30-22 და მერვედფინალის პირველი წყვილი ცნობილია: ხორვატია-ბრაზილია. ესპანეთი ამარცხებს სლოვენიას – 30-26 და ლიდერებსაც ასვენებს.

A ჯგუფში პირველი ესპანეთია, მეორე – ყატარი, მესამე – სლოვენია, მეოთხე – ბრაზილია.

 

მეორე წყვილი უთუოდ ესპანეთ-ტუნისი იქნება. ტუნისი 30-23 ამარცხება ირანს, ინაღდებს მერვედფინალში გასვლას და ეწევა ავსტრიას, თუმცა, მხოლოდ მაშინ გადავა მესამე ადგილზე, თუ ავსტრია 13 ბურთით წააგებს მაკედონიასთან. ეს გამორიცხულია. რაღა დარჩა გასარკვევი დღეს? ვინ გავა მეორე ადგილზე B ჯგუფში და ვინ ასცდება მერვედფინალში ყატარს – მაკედონია თუ ავსტრია. მაკედონიას ფრეც ჰყოფნის.

 

ეს თამაში აქაა, ალ სადში. ტუნისელები წავიდნენ და გარეთ დიდი ნაღარა აქვთ, დავრჩით მხოლოდ ავსტრელები, მაკედონიელები და ჟურნალისტები. დანარჩენ ორ მატჩს – ხორვატია-ბოსნიას და ყატარ-ბელარუსს მნიშვნელობა აღარა აქვს. ბელარუსი პირველი ტაიმის შემდეგ 12-7 უგებს ყატარს, მაგრამ არც მას არგია ეს მოგება რამეში და არც ყატარს ემუქრება არაფერი – ის პირადი მოგებით ჯობნის სლოვენიას, ხოლო ბელარუსს უშუალო კონკურენტთან, ბრაზილიასთან აქვს წაგებული.

 

ავსტრია მშვენიერი გუნდია. ორი კარგი გარებარბი, რაულ სანტოსი და ვებერი, პივოტი პოში, გამთამაშებელი სილაგი და 23 წლის ტყუპები, ალექსანდერ და მაქსიმილიან ჰერმანები, ინსაიდებად. ეს მხოლოდ ერთი ვერსიაა ექვსეულის, რომელმაც პირველი ტაიმის ბოლოს ანგარიში გაათანაბრა, იქამდე კირილ ლაზაროვი და მისიანები ცოტათი სულ წინ იყვნენ. შესვენების შემდეგ ვიქტორ სილაგის წინაც გაჰყავს ავსტრია – 19-18. თუმცა, ეს პირველი და ბოლო აღმოჩნდა. მაკედონიამ უმალ მოუმატა – 24-20, 26-22 და მერე 40 წლის ექს-სლოვენიელმა რენატო ვუგრინეცმაც გაიტანა. 27-22 დასრულებამდე 4 წუთით ადრე. ამ მომენტისთვის ხორვატია ლიდერებს ასვენებს და 25-16 უგებს ბოსნიას.

 

ყატარმა… მეორე ტაიმის 15 წუთი 12-3 მოუგო ბელარუსს და 7-12 19-15 გახადა! ლუსაილის ტრიბუნებზე დიდი ღრიანცელი იქნება.

 

***

ამ სამ მატჩში აღარაფერი შეცვლილა და ანგარიშებს ოქმებში ამოიკითხავთ. შაბათს ჯგუფური ტურნირი სრულდება C-D ჯგუფებში, ხოლო კვირას A-B ოთხეულებს უკვე მერვედფინალები აქვთ. ხორვატია ფავორიტი იქნება ბრაზილიასთან, ყატარი – ავსტრიასთან, მსოფლიო ჩემპიონი, ესპანეთი, რათქმაუნდა – ტუნისთან, მაგრამ ტუნისელებმა ნებისმიერი დარბაზი შეიძლება გაავსონ დოჰაში და გუნდიც არ ჰყავთ ურიგო. მაკედონია-სლოვენია ყველაზე თანაბარი წყვილია.

 

მერვედფინალების დაწყების დრო და თამაშების დარბაზებში გადანაწილება საბოლოოდ ჯგუფური ტურნირის დასრულების შემდეგ გამოცხადდება.

მამუკა ჩიხლაძე, Geohandball.ge,

სპეციალურად, ყატარიდან

ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატი 2015. კაცები, ყატარი.

23 იანვარი. A ჯგუფი

ბრაზილია 30 – პაშეკო 7/7, რიბეირო 7/5, ჟოაო სილვა 8/5

ჩილე 22 – ონეტო, რ. სალინასი, არაია, ე. სალინასი, დიასი 3

ესპანეთი 30 – რივერა 6/6, დუიშებაევი 7/5, ტომასი, უგალდე, გარსია 3 – პერესი 40%

სლოვენია 26 – გაიჩი, ბეციაკი, დოლენეცი, ნატეკი 4

ყატარი 26 – მარკოვიჩი 15/9, ჰასაბ ალა 9/6, ბენალი 3/3 – სარიჩი 12/35-35%

ბელარუსი 22 – ძ. რუტენკა 11/7, ბროუკა 6/5, ს. რუტენკა 8/3

ესპანეთი 10, ყატარი 8, სლოვენია 6, ბრაზილია 4 / ბელარუსი 2, ჩილე 0

ყატარი-ბრაზილია 28-23, ესპანეთი-ბელარუსი 38-33, სლოვენია-ჩილე 36-23

ბრაზილია-ესპანეთი 27-29, ბელარუსი-სლოვენია29-34, ჩილე-ყატარი 20-27

ესპანეთი-ჩილე 27-16, ბელარუსი – ბრაზილია 29-34, სლოვენია-ყატარი 29-31

სლოვენია-ბრაზილია 35-32, ჩილე-ბელარუსი 34-23, ყატარი-ესპანეთი 25-28

ბრაზილია – ჩილე 30-22, ესპანეთი-სლოვენია 30-26, ყატარი-ბელარუსი 26-22

B ჯგუფი

ტუნისი 30 – ტუატი 8/7, ბუღანმი 5/4, ბენ სალაჰ, ღარბი, ჰამედი 3

ირანი 23 – ქარამიანი 5/4, ნეიდარპური, რაჯაბი, ქიანი 3

მაკედონია 36 – კ. ლაზაროვი 13/9 (4პენ), მირკულოვსკი 7/6, გეორგიევსკი 4/4, მანაშკოვი 7/4

ავსტრია 31 – ვებერი 11/8, სილაგი 11/7, რაულ სანტოსი, ბოზოვიჩი 4

ხორვატია 28 – კარაჩიჩი 6, სლიშკოვიჩი, ჰორვატი 5, სტეპანჩიჩი, ნინჩევიჩი 4

ბოსნია 21 – ტორომიანოვიჩი 7, პეპიჩი 6, მიკიჩი 3

ხორვატია 10, მაკედონია 8, ავსტრია 5 (+7), ტუნისი 5 (-1) / ბოსნია 2, ირანი 0

ბოსნია-ირანი 30-25, მაკედონია-ტუნისი 33-25, ხორვატია – ავსტრია 32-30

ტუნისი-ხორვატია 25-28, ირანი-მაკედონია 31-33, ავსტრია-ბოსნია 23-21

ბოსნია-მაკედონია 22-25, ხორვატია-ირანი 41-22, ავსტრია-ტუნისი 25-25

ირანი – ავსტრია 26-38, ბოსნია-ტუნისი 24-27, მაკედონია-ხორვატია 26-29

ტუნისი-ირანი 30-23, მაკედონია-ავსტრია 31-36, ხორვატია-ბოსნია 28-21

C ჯგუფი

შვედეთი 7, საფრანგეთი 7, ეგვიპტე 5, ისლანდია 3 / ჩეხეთი 2, ალჟირი 0

24 იან, 20:00 ეგვიპტე-ისლანდია (2), 22:00 ალჟირი-ჩეხეთი (3), 22:00 საფრანგეთი-შვედეთი (2)

D ჯგუფი

გერმანია 7, დანია 6, პოლონეთი 6, არგენტინა 3 / რუსეთი 2, საუდის არაბეთი 0

24 იან, 20:00 საუდეთი-გერმანია (1), 20:00 რუსეთი-არგენტინა (3), 22:00 დანია-პოლონეთი (1)

მერვედფინალი (დაწყების დრო გამოცხადდება)

25 იანვარი

ავსტრია – ყატარი (1)

ესპანეთი – ტუნისი (1)

ხორვატია – ბრაზილია (2)

სლოვენია – მაკედონია (2)

26 იანვარი

D1 – C4 (1)

C3 – D2 (1)

D3 – C2 (2)

C1 – D4 (2)

მეოთხედფინალი, 28 იანვარი

(დაწყების დრო გამოცხადდება)

ხორ/ბრა – D3/C2 (1)

სლნ/მკდ – C1/D4 (1)

C3/D2 – ესპ/ტუნ (2)

ავს/ყატ – D1/C4 (2)

ნახევარფინალი , 30 იანვარი

17:30 ხორ/ბრა /D3/C2 – ავს/ყატ/D1/C4 (1)

20:15 C3/D2 /ესპ/ტუნ – სლნ/მკდ /C1/D4 (1)

ფინალი, 1 თებერვალი

17:30 მატჩი 3 ადგილისთვის (1)

20:15 საჩემპიონო ფინალი (1)

5-8 ადგილები

30 იანვარი, ნახევარფინალი

დაწყების დრო გამოცხადდება (2)

31 იანვარი, ფინალი

17:30 მატჩი 7 ადგილისთვის (1)

20:15 მატჩი 5 ადგილისთვის (1)

პრეზიდენტის თასი. 17-20, 21-24 ადგილები

26 იანვარი, ნახევარფინალი

14:00, 16:00. 18:00, 20:00 (3)

27 იანვარი, ფინალი

14:00, 16:00. 18:00, 20:00 (3)

(1) ლუსაილ სპორტარენა – 15 300

(2) ალი ბინ ჰამად არენა, დოჰა – 7 700

(3) დუჰაილ არენა, დოჰა – 5 500

ყველა თამაშის პირდაპირი სტრიმი:

http://www.qatar2015live.com/watch-live

Leave a Reply