20/06/15 ოლიმპიური ნაკრები ბარსელონაში გაემგზავრა
საქართველოს ოლიმპიური ნაკრები გაემგზავრა ესპანეთში, სადაც ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს საფეხბურთო კლუბ ბარსელონას ჩვიდმეტწლამდელ ხელბურთელთა გუნდთან, ხოლო შემდეგ გრანოლერსის საერთაშორისო ტურნირში ითამაშებს.
ბარსელონელ თანატოლებს 21 და 23 ივნისს შევხვდებით, 24 ივნისიდან კი ნაკრები გადავა მეზობელ ქალაქ გრანოლერსში, სადაც ჭაბუკთა ერთ-ერთი უდიდესი ფესტივალი, გრანოლერსის თასი იმართება. აქ ხუთ ასაკობრივ ჯგუფში 15 ქვეყნის 325 გუნდი შეიკრიბება. ჩვენები გამოვლენ 1997-98 წლებში დაბადებულთა ტურნირში, ანუ ერთი წლით უფროსებთან მოუწევთ თამაში, რაც ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადის დაწყებამდე ერთი თვით ადრე, კარგი პრაქტიკა იქნება. თბილისის ოლიმპიური ფესტივალი 27 ივლისს იწყება და ხელბურთელთა ასაკორივი კატეგორიაა 1998-99 წლებში დაბადებული ჭაბუკები და გოგონებია.
გრანოლერსი ესპანეთის ერთ-ერთი მთავარი სახელბურთო ცენტრია. 1992 წლის, ბარსელონის ოლიმპიადის ხელბურთის ტურნირი სწორედ აქ გაიმართა, ამ ქალაქის კლუბი კი ესპანეთის წლევანდელი ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი და თასის ფინალისტია.
მწვრთნელების, გარი თურქიასა და გიორგი ქობელაშვილის გუნდი თბილისიდან კატალონიაში 14-კაციანი შემადგენლობით გაემგზავრა, ხოლო მეთხუთმეტე მოთამაშე გუნდს ბარსელონაში შეუერთდება – ეს არის პეგასის უკანახაზელი ზურაბ გოგავა, რომელიც ნაკრებში დიდი ხანია ირიცხება, თუმცა ბოლო ერთი წლის განმავლობაში გერმანიაში, ზაარბრუკენში სწავლობს და იქაური სკოლის გუნდში თამაშობს.
თბილისი 2015-ის ოფიციალურ განაცხადში სწორედ 15 ხელბურთელი იქნება. საქართველოს ფედერაციამ უკვე გააგზავნა ორგკომიტეტში ჭაბუკთა და გოგონათა გუნდების 20-20-კაციანი განაცხადი, საიდანაც ივლისში მწვრთნელები 15 საუკეთესოს ამოარჩევენ.
საქართველოს ოლიმპიური ნაკრები (-17) ესპანეთში
21, 23 ივნისი: ბარსელონა (17) – საქართველო (17)
24-28 ივნისი: გრანოლერსის თასი (-18, 1997-98)
სანდრო ხანდოლიშვილი (GK, 1998, ქარიშხალა), გიორგი ხარაიშვილი (GK, 1998, იმედი) – ერეკლე არსენაშვილი(P, 1998, ქარიშხალა), ნოდარ მაისურაძე (P, 1998, პეგასი), ირაკლი კბილაშვილი (CB. 1998, ქუთაისი), გიგა ზარნაძე (CB, 1999, პეგასი), ზეზვა იობაშვილი (LB, 1998, იმედი), გიგი ფერაძე (LB, 1998, ქარიშხალა), ლუკა ბულბულაშვილი (RB, 1998, ქარიშხალა), გიორგი ტიელიძე (RB, 1998, გორი), გიორგი მერკვილაძე (RW, 1998, ქუთაისი), გიორგი ცხოვრებაძე (RW, 2001, პეგასი), ხაზეინ რუსტამოვი (LW, 1998, იმედი), ლევან მამულაშვილი (LW. 1998, ქარიშხალა), ზურაბ გოგავა (LB/RB, 1998, პეგასი/ზაარბრუკენი, გერ)
მთ. მწვრთნელი გარი თურქია, მწვრთნელი გიორგი ქობელაშვილი