20/01/15 ფანტასტიკა დანიისა და გერმანიის შესრულებით

ხელბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე 8 მერვედფინალისტი უკვე გამოვლინდა. დღეს საგზური მოიპოვეს შვედეთმა, საფრანგეთმა და ეგვიპტემ და შეუერთდნენ ხორვატიას, მაკედონიას, ესპანეთს, ყატარსა და სლოვენიას. ამ უკანასკნელმა, ყატართან წაგების მიუხედავად, პლეიოფში გასვლა მაინც გაინაღდა. ჯგუფური ტურნირის დასრულებამდე 4 დღე და 2 სათამაშო ტური დარჩა.

***

მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც ერთ ქალაქში იმართება, დიდი ფუფუნებაა ყველასთვის, ჟურნალისტისთვის კი მისწრებაა. სხვაგან შეიძლება ქვეყნის ერთი კიდიდან მეორეში მოგიწიოს მგზავრობა და ზოგჯერ – ქვეყნიდან ქვეყანაშიც. ორ სახელმწიფოს შორის ზიარი ჩემპიონატი იშვიათობა უკვე აღარაა, ხოლო 2020 წლის ევროპის პირველობა ავსტრიაში, შვედეთსა და ნორვეგიაში გაიმართება.

 

სხვაგან რეალურად ერთი-ერთი ქვეჯგუფის მატჩებზე მოგიწევს დასწრება და დოჰაში, ჯგუფური ტურნირის 10 დღეში ოცდაოთხივე გუნდს ნახავ, ამისათვის კი საკმარისია ერთი, ავტობუსის წრიული მარშრუტიც, რომელიც სასტუმროსა და სამივე არენას აერთიანებს. მცირე პრობლემაა მძღოლები, მაგრამ მაგას ვუძლებთ. არა, მარშრუტი აღარ შეგვშლია, მაგრამ თვითონ არენაზე ჟურნალისტების შესასვლელის მოძებნა ჭირს ხოლმე, რის გამოც გუშინ ზედმეტი წრის დარტყმა მოგვიწია და 20 კილომეტრის გავლას  საათნახევარი მოვუნდით.

 

დღეს ლუსაილში ვართ რუსეთ-პოლონეთისა და გერმანისა დანიის სანახავად. თავად ვუკარნახეთ ახალგაზრდა შოფერს, საით უნდა მიეხვ-მოეხვია და უპრობლემოდ ავედით პრესცენტრში. თამაშამდე რჩება ორი საათი. D ჯგუფი აშკარად ყველაზე ძლიერია. ზემოხსენებული 4 გუნდის გარდა არგენტინაც სათვალავშია და პლეიოფისთვის იბრძვის. ჯგუფი ძირითადად ლუსაილში თამაშობს და ამიტომაც უფრო ხშირად აქ გვიწევს მოსვლა. ამის გამო ტურნირის მთავარი ფავორიტი, საფრანგეთის ნაკრები ჯერ უნახავი ვედეთთანეთამაშებიან დუჰაილში.

***

პოლონეთის კარში პიოტრ ვიშომირსკი დგას და არა სლავომირ შმალი. უკანახაზელთა დიდი ოთხეულიდან ბელეცკიმ პირველი მატჩის დასაწყისში ხელი იტკინა და მას მერე არ თამაშობს,  ლიევსკი კი პირველივე  გოლის შემდეგ ჯდება სკამზე. რუსეთი წინაა, 5-1, თანაც, რამდენიმე ბურთი ვიშომირსკიმაც მოიგერია. კარგად ერთვება თამაშში პოლონეთის მეორე ცაცია შუამარბი ანჯეი როევსკი და ზედიზედ გააქვს ორი გოლი, მარიუშ იურკევიჩი კი ათანაბრებს,  6-6. თამაში თანაბრდება, თუმცა, პოლონეთი ვერცერთხელ ვერ გადის წინ. ბოლო წამებზე ალექსანდრ დერევენი აკიდევ ერთხელ აწინაურებს რუსებს – 13-12.  დუჰაილში არგენტინა 2 ბურთით უგებს საუდის არაბეთს, 13-11.

 

მეორე ტაიმის დასაწყისშვე კაროლ ბელეცკი გამოდის მოედანზე. ლიევსკი მხოლოდ შვიდმეტრიანის დასარტყმელად შემოდის ხოლმე. 58-ე წუთზე ბელეცკის პირველად გაჰყავს წინ პოლონეთი – 17-16, თუმცა, იურკევიჩის ორწუთიანის შემდეგ რუსეთი ისევ გადის წინ  19-17. ბარტოშ იურეცკი და როევსკი ათანაბრებენ: 19-19. 20-20, 47 წუთზე და ტიმურ დიბიროვი, რიცხობრივი ნაკლებობისას კუთხიდან შორეულ კუთხეში სპინს უბზრიალებს ვიშომირსკის – 21-20, რუსეთი. პოლონეთის კარში შმალი დგება.

 

როევსკის ორწუთიანის შემდეგ რუსეთი 24-21 იგებს და რჩება რვაწუთნახევარი. ბრუნდება მიხალ იურეცკი. ჯერ მის ძმას, ბარტოშს გააქვს, მერე მიხალი საგოლედ აწვდის ვიშნევსკის, ბოლოს კი თავად ათანაბრებს, 24-24, დარჩა 4 წუთი. ამ დროს შიპჩაკს აძევებენ და შვიდმეტრიანსაც ნიშნავენ პოლონეთის კარში. იგროპულო, 25-24, მაგრამ  ბელეცკი, 25-25. შმალი იგერიებს ჩიპურინის დარტყმას 6 მეტრიდან. დარჩა ორი წუთი.

 

კვანძის გახსნა. დასრულებამდე 80 წამით ადრე ევდოკიმოვის გაძევება ხრაპკოვსკის წინააღმდეგ უხეშობისთვის და ბოლო წუთის დაწყების წინ ადამ ვიშნევსკის წინ გაყავს პოლონეთი : 26-25 და უკვე რუსეთს აკლია მოთამაშე. თეორიულად მოსაგები ენდშპილია. შმალი იგერიებს ატმანის დარტყმას და 15 წამით ადრე პოლონეთი მიდის ბოლო შეტევაში.

 

პოლონეთს 4 ქულა აქვს და ალბათ უკვე მერვედფინალშია რუსეთი ზედიზედ მეორე თამაშს აგებს ერთი ბურთით და ბოლო ტურში ალბათ გადამწყვეტი თამაში ექნება არგეტინასთან მეოთხე ადგილისთვის. თუმცა, დანიის საქმეც გაურკვეველია, რადგანაც  სამი მძიმე თამაში დარჩა – დღეს, აქვე, ლუსაილში, გერმანიასთან, მერე კი რუსეთთან და პოლონეთთან. არგენტინამ 32-20 მოუგო საუდეთს.

***

გერმანია-დანიის მატჩის ასე დაწვრილებით აღწერას ვერ მოვახერხებ. ჯერ ერთი, ცაიტნოტში ვარ. და მეორეც – ეს თამაში უნდა გენახათ. თუ ყატარელებს ბაირამობა აქვთ თავისი გუნდის ყოველი მოგების შემდეგ, ეს იყო ნამდვილი სახელბურთო სამოთხე ყოველგვარი პოლიტიკური კონტექსტისა თუ გნებავთ, სატურნირო სიტუაციის გათვალისწინების გარეშეც. იყო, უბრალოდ, ხელბურთი თანაც, უმაღლესი კლასის – სამიტი, მწვერვალი.

 

გერმანიის პრობლემებზე შეტევის უკანა ხაზში ადრეც ვწერდით, დანიას კი ასეთი პრობლემები არა აქვს – ეს არის ერთ-ერთი საუკეთესოდ დაკომპლექტებული გუნდი, სადაც თექვსმეტივე მოთამაშეს შეუძლია მოედანზე გასვლა ნებისმიერ დროს, შეტევაში თუ დაცვაში. მაგალითად, მეორე ტაიმში მწვრთნელმა გამოცვალა ორივე გარემარბი, რაც იშვიათი შემთხვევაა – კარგად მოთამაშე სვანისა და ეგერტის ნაცვლად გამოვიდნენ ლინდბერგი და მორტენსენი და უმტკივნეულოდ შეცვალეს ლიდერები.  დანიელთაგან თერთმეტმა მოთამაშემ გაიტანა გოლი. გერმანიის გუნდში აშკარად გამოკვეთილი ლიდერები იყვნენ  გარემარბი გრიოცკი და ისნაიდი ვაინჰოლდი, რომელმაც საუკეთესო მოთამაშის პრიზი მიიღო.

 

მეორმოცე წუთამდე თამაში აბსოლუტურად თანაბარი იყო, აქ კი გერმანია 3 ბურთით დაწინაურდა – 24-21 და 27-24.  დანიამ ორჯერვე შეამცირა თითო ბურთამდე, სირენამდე 5 წუთით ადრე კი გაათანაბრა – 28-28.  ყველაზე სამართლიანი შედეგი ფრე იქნებოდა და ასეც მოხდა – 30-30

 

სამი ძალიან მძიმე მატჩის შემდეგ გერმანია 5 ქულით ლიდერობს. შესაძლოა, თეორიულად მან უკვე გაინაღდა კიდეც მერვედფინალში თამაში, მაგრამ ამის თვლის დრო ახლა ნამდვილად არ მაქვს – გერმანელებს დარჩათ 2 მატჩი არგენტინასთან და საუდელ არაბებთან და, რა თქმა უნდა, აუცილებლად იქნებიან პლეიოფში. დანარჩენი 3 საგზურისთვის დანია, პოლონეთი, არგენტინა და რუსეთი იბრძვიან.

***

ჩეხების ლიდერმა, მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო გამთამაშებელმა ფილიპ იხამ საფრანგეთთან და შვედეთთან მატჩები გამოტოვა, დღეს კი თავის გუნდს ეგვიპტეს წინააღმდეგ დაეხმარა, თუმცაღა, ვერ უშველა,  24-27. ჩეხების პლეიოფში გასვლის შანსები ფაქტიურად ნოლზე დავიდა მას შემდეგ, რაც ისლანდიამ ფრედ ითამაშა საფრანგეთთან – 26-26.  ტაიმი ისლანდიამ 4-12 მოიგო, მაგრამ 24-26 ჩამორჩა დასრულებამდე 4 წუთით ადრე. გუნარსონმა და ჰალგრიმსონმა გაათანაბრეს და ჩრდილოელებს წინ გასვლის შასიც ჰქონდათ, მაგრამ ბოლო წამებზე ომაიერმა მოიგერია პალმარსონის დარტყმა.  შვედეთმა, რომელიც ჯერჯეობით ყველაზე მძლავრად მიიწევს წინ, რა თქმა უნდა, დაამარცხა ალჟირი 27:19.

 

მამუკა ჩიხლაძე, Geohandball.ge,

სპეციალურად, ყატარიდან

ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატი 2015. კაცები, ყატარი.

20 იანვარი.  C ჯგუფი

ჩეხეთი 24 – ჰრსტკა 6/5, იხა 7/4, იურკა, ბაბაკი, ზდრაჰალა 3

ეგვიპტე 27 –ელაჰმარი 9/5, ჰაშემი, ისსა, ალი მოჰამედი 6/4 – ჰანდავი 37%

საფრანგეთი 26 – ნ. კარაბატიჩი 6/6,  სორენდო 6/5, ჟოლი 6/4 – ომაიერი 41%

ისლანდია 26 – ჰალგრიმსონი 7/5, პალმარსონი 11/5, გუდიონსენი 5/4, პეტერსონი 11/4

შვედეთი 27 –კალმანი 6/6, ა. ნილსონი 4/4, პეტერსონი 5/4

ალჟირი 19 – დაუდი 11/6, ბერკუსი 7/3

შვედეთი 6,  საფრანგეთი 5,  ეგვიპტე 4, ისლანდია 3 / ჩეხეთი 0, ალჟირი 0

22 იან, 20:00 შვედეთი-ეგვიპტე (2), 22:00 ისლანდია-ჩეხეთი (2), 22:00 ალჟირი – საფრანგეთი (3)

D ჯგუფი

პოლონეთი 26 – როევსკი 12/6, ბ. იურეცკი 7/4, ლიევსკი, ვიშნევსკი, ბელეცკი, მ. იურეცკი 3 – შმალი 4/8

რუსეთი 25 – შიშკარევი 9/7, გორბოკი 9/6, იგროპულო 6/4, დერევენი 7/4

არგენტინა 32 – პისარო 9/7, ს. სიმონეტი 7/6, პ. სიმონეტი 6/5, ფ. ფერნანდესი 8/5 – გარსია 41%

საუდეთი 20 – ალჯანაბი 5/5, ა. ალაბასი  4/3

დანია 30 – ქრისტიანსენი 7/6, ჰანსენი 11/6, ეგერტი 7/5, სვანი 3/3

გერმანია 30 – ვაინჰოლდი 14/8, გრიოცკი 7/6, გენსჰაიმერი 9/6 (3 პენ), შტრობელი, დრუქსი, პეკელერი 3

გერმანია 5,  დანია 4, პოლონეთი 4,  არგენტინა 3 / რუსეთი 2,  საუდის არაბეთი 0

22 იან, 20:00 პოლონეთი-საუდეთი (3), 20:00 გერმანია-არგენტინა (1), 22:00 რუსეთი-დანია (1)

A ჯგუფი

ესპანეთი 6, ყატარი 6, სლოვენია 4, ბრაზილია 2 / ბელარუსი 0,  ჩილე 0

21 იან, 18:00 სლოვენია-ბრაზილია (3), 18:00 ჩილე-ბელარუსი (1), 20:00 ყატარი-ესპანეთი (1)

B ჯგუფი

ხორვატია 6, მაკედონია 6, ავსტრია 3, ბოსნია 2 / ტუნისი 1, ირანი 0

21 იან, 18:00 ირანი – ავსტრია (2), 20:00 ბოსნია-ტუნისი (2), 20:00 მაკედონია-ხორვატია (3)

(1) ლუსაილ სპორტარენა  – 15 300

(2) ალი ბინ ჰამად არენა, დოჰა – 7 700

(3) დუჰაილ არენა, დოჰა – 5 500

ყველა თამაშის პირდაპირი სტრიმი:

http://www.qatar2015live.com/watch-live

 

Leave a Reply