12-34, კვირას მეორე მატჩია
თბილისის მამულის ხელბურთელ გოგონათა გუნდმა ევროპული ჩელენჯ კაპის მეთექვსმეტედფინალის პირველი მატჩი 12-34 წააგო ჩეხეთის სოკოლ პორუბასთან. საპასუხო შეხვედრა კვირას გაიმართება სპორტის სასახლეში.
მამული ევროტურნირისთვის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ბაზაზე დაკომპლექტდა. ერთის გარდა, ყველა მოთამაშის ასაკი 17-18 წელია და გუნდი პირველ ოფიციალურ მატჩს ატარებდა ქალთა ტურნირში. შესაბამისად, შედეგი ლოგიკურია, თუმცა, სხვაობა ნაკლები შეიძლებოდა ყოფილიყო.
დასაწყისში რამდენიმე კარგი ბურთი მოიგერია მეკარე ჩაჩუამ და მე-12 წუთისთვის 4-7 ვაგებდით, როცა ფეხი იღრძო ჯულია ჩირგაძემ, თამაშს გამოეთიშა და კლინიკაში წასაყვანი შეიქნა. ამის შემდეგ გუნდი აირია და ტაიმის ბოლომდე სულ ერთი გოლი გაიტანა – ჩეხებმა ნახევარი 17-5 მოიგეს, მეორე ტაიმი კი – 17-7. მამულში საუკეთესო იყო გამთამაშებელი ანა ყველაშვილი 5 გოლით.
სოკოლთან მატჩების შემდეგ გუნდი გააგრძელებს მზადებას უმთავრესი შეჯიბრებისთვის, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის, საკუთარ ასაკში – ცხრამეტწლამდელთა შორის. ჯგუფში მეტოქეებად გვყავს პორტუგალია, ბელარუსი და შვეიცარია. ტურნირი 16-18 მარტს გაიმართება ბელარუსში.
ხელბურთი. ქალთა ჩელენჯ კაპი 2016-17. 1/16 ფინალი
19 ნოემბერი, თბილისის სპორტის სასახლე. 200 მაყურებელი
სოკოლ პორუბა (ჩეხ) – მამული თბილისი (საქ) 34-12
სოკ: როჰაჩკოვა, დოლაკოვა – ტომაშეჩოვა 5, პოლაშკოვა 5, კონეჩნა 4, შვირაკოვა 4, რეხტორისოვა 4, მარჩიკოვა 3, კოსტელნა 3, მილკოვა 2, მინარჩიკოვა 2, რევაიოვა 2, სეკულოვა, მაივაელდეროვა, ვარმუჟოვა, – მწვ. ოლშავსკი
მამ: ჩაჩუა, ჯავახია, ვარდიშვილი – ყველაშვილი 5, ესმანოვიჩი 3, ქიტესაშვილი 2, ჩოხელი 1, ლისენკო 1, კუნელაშვილი, ჭკუასელი, ჩირგაძე, ვენეცკი, კუპატაძე, გადელია – მწვ. გვაზავა
მსაჯები: მარინა დუპლიი, ოლენა კოვერინა (უკრ), EHF დელეგატი: რემუს კოჟოკარუ (რუმ)
მეორე მატჩი 20 ნოემბერს, 16:00