11/07/15 მოგება ახალი არენის ნათლობაზე
გოგონათა ოლიმპიურმა ნაკრებმა თურქეთში სამი გამარჯვების შემდეგ მეოთხედაც მოუგო არტაშენ გენჩლიკის თანატოლებს, 28-22, ამჯერად უკვე თბილისის ახალ სახელბურთო არენაზე, სადაც დღეს პირველი მატჩი გაიმართა.
ნაკრებს მომატებული აქვს მას შემდეგ, რაც ქუთაისში ევროპის ჩემპიონატის კვალიფიკაცია ითამაშა, შეიმჩნევა რამდენიმე ტაქტიკური სიახლეც. ყველაზე შედეგიანი იყო თათია გადელია, ვინც უკვე მარჯვენა შუამარბის პოზიციიდან უტევს. კარგად ითამაშა დამწყები შვიდეულის ორივე ფრთამ, ჩოგოვაძემ და მიხელიძემ, რომლის პროგრესი აშკარაა, ასევე სხვებმაც, თამაშში სათადარიგოებიც კარგად ჩაერთვნენ, ხოლო მეკარე ვარდიშვილმა ზედიზედ ორი შვიდმეტრიანიც მოიგერია. თურქულ კლუბთან გამარჯვებები ჩვენს ნაკრებს უთუოდ რწმენას შემატებს ძალიან მძიმე ტურნირის წინ, ევროპის შვიდი უძლიერესი ნაკრების წინააღმდეგ. თამაშის შემდეგ გოგონები სპორტის მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა მოინახულა.
რაც შეეხება დარბაზს, აქვეა სურათები, თუმცა, სჯობს, ახალი სახელბურთო არენა საკუთარი თვალით იხილოთ. მთავარ დარბაზში 3200 ადგილია, მცირე არენაზე – 540. 26 ივლისიდან 1 აგვისტომდე აქ გაიმართება თბილისი 2015-ის სახელბურთო ტურნირი ჭაბუკებსა და გოგონებს შორის.
არენა დააპროექტა არქიტექტორმა ალეკო ნატროშვილმა, დამკვეთი იყო სპორტმშენსერვისი (ლევან ტარყაშვილი), ხოლო სამუშაოთა შემსრულებელი – ელექტრომონტაჟსერვისი (ნუგზარ რობაქიძე). შენობა სარეკორდო დროში, ფაქტობრივად, 6 თვეში აშენდა, თან ისე, რომ პროექტს არაფერი დაკლებია და ყველა ტექნოლოგიური ნორმაც ზედმიწევნით შესრულდა.
დაბოლოს, მცირე ინფორმაცია ჩვენს მეტოქეზე. არტაშენი პატარა ქალაქია რიზეს ოლქში და აქ ქალთა ხელბურთი ყველაზე პოპულარული სახეობაა. გუნდის უკლებლივ ყველა წევრი ეთნიკურად ლაზია, თუმცა, მეგრულისგან ყველაზე დაშორებულ დიალექტზე საუბრობს. ლელოს ჟურნალისტმა ვაჟა დანელიამ თავისი მეგრულით სტუმრებს ვერაფერი გააგებინა, თუმცა, დარბაზში იყო ლაზურის საუცხოო მცოდნე გივი ქარჩავა, რომელიც სტუმრებს მათსავე დიალექტზე ესაუბრა და უმალ მოხიბლა.
კვირას, 13 საათზე, ქართველი და თურქი გოგონები კიდევ ერთხელ ითამაშებენ, ამის შემდეგ საჩვენებელ ვარჯიშს გამართავს საქართელოს ჭაბუკთა ოლიმპიუური გუნდი, ორშაბათს კი ახალი არენის ოფიციალური გახსნაა.
ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალის სახელბურთო ტურნირი 27 ივლისს იწყება.
11 ივნისი. ახალი სახელბურთო არენა. ამხანაგური მატჩი. გოგონები (17წ)
საქართველო – არტაშენ გენჩლიკი (თურ) 28-22
საქ: ჯავახია, ჩაჩუა, ვარდიშვილი, ყაველაშვილი – გადელია 6, მიხელიძე 5, ჩოგოვაძე 5, კუნელაშვილი 4, ყველაშვილი 4, ჩოხელი 3, ს. იორდანიშვილი 1, გაბისონია, ღვალაძე, ვენეცკი, ბერიძე, გიორგაძე, თეთრაშვილი, ქიტესაშვილი – მწ. გვაზავა, ჭკუასელი
არ: ა. გურსოი – დედეჯანი 6, სორმაზი 4, ქუბაროღლუ 3, იაზიჯი 3, სამლიოღლუ 2, ი. გურსოი 1, ოზბენი 1, მაქარი 1, ბეიზანური 1, გიული, ზენგინალი, დილმაგი – მწ. დემიროღლუ, გენჩოღლუ
მსაჯები: ფერაძე, ქობელაშვილი