08/10/14 კლუბ ოქროს ვერძის წარდგენა ფოთში

ახალი სეზონის წინ ფოთში გაიმართა სახელბურთო კლუბ ოქროს ვერძის წარდგენა და მოთამაშეებისთვის კონტრაქტების გაფორმების ცერემონიალი.

ფოთელებმა შარშან წარმატებას მიაღწიეს საქართველოს ასაკობრივ ჩემპიონატებში, ახალ სეზონში კი ვაჟთა გუნდი შეკრიბეს და საქართველოს თასის გათამაშებასა და ეროვნულ ჩემპიონატში იასპარეზებენ.

როგორც კლუბის ტექნიკურმა დირექტორმა რეზო კუციამ გვაცნობა, გუნდში ირიცხებიან 1998 წელს დაბადებულ ჭაბუკთა გუნდის რამდენიმე ლიდერი, ასევე ხელბურთელები, რომლებიც სხვა ქალაქების გუნდებში თამაშობდნენ და რამდენიმე კაცი, ვინც ჭაბუკთა ასაკიდან გამოვიდა და იმის გამო, რომ ქალაქში მოზრდილთა გუნდი არ იყო, ხელბურთისთვის თავი ჰქონდა დანებებული. ყველანი ფოთელები არიან. ჯერჯერობით კონტრაქტი 13 ხელბურთელთან გაფორმდა, მაგრამ არაა გამორიცხული, მათი რიცხვი გაიზარდოს.

ოქროს ვერძი ჯერ კიდევ 1990-იან წლებში, პირველი ეროვნული ჩემპიონატების დროს შეიქმნა და როდესაც ვაჟთა გუნდის აღდგენა გადაწყდა, სახელი უკვე მზად იყო.

კონტრაქტების გაფორმების ცერემონიალს ესწრებოდნენ ფოთის მერის პირველი მოადგილე ნიკოლოზ გრიგოლია, ქალაქის სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი გიგლა ბახტაძე და კლუბის დირექტორი დარეჯან გეფერიძე.

ამგვარად, სახელბურთო კლუბ ოქროს ვერძში ირიცხებიან ფოთელები: მეკარეები – გიორგი ჭანტურია და ლაშა სიორდია, მოთამაშეები – ომიკო ალანია, კახაბერ დაგარგულია, ალექსანდრე ხუნჯუა, ლავრენტი ფანცულაია, ნიკოლოზ ბაჯალაძე, ლუკა სილაგაძე, თენგიზ ბერაია, გიორგი მიქაძე, გიორგი ბიბილეიშვილი, გელა ჟვანია და თორნიკე ნემსაია. მთავარი მწვრთნელი გახლავთ თემურ ჭანტურია, ფიზმომზადების მწვრთნელი – ზურაბ ჩაკვეტაძე, კლუბის დირექტორია დარეჯან გეფერიძე, სპორტული დირექტორი – რეზო კუცია.

Leave a Reply