07/05/15 ქვიშის ხელბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა დაიწყო მზადება ევროპის ცხრამეტწლამდელთა ჩემპიონატისთვის ქვიშის ხელბურთში, რომელიც 26-27 ივნისს ესპანეთში, კატალონიის საკურორტო ქალაქ ლიორეტ დელ მარში გაიმართება.

მონაწილეობს 9 გუნდი და წილისყრა უკვე გაიმართა. საქართველოს გუნდი მოხვდა A ჯგუფში უნგრეთის, ხორვატიის, თურქეთისა და პორტუგალიის გუნდებთან ერთად. B ჯგუფში ითამაშებენ ესპანეთი, რუსეთი, შვეიცარია და რუმინეთი. ჯგუფური ტურნირი გაიმართება 26-27 ივნისს, ხოლო 27 ივნისს ჯგუფების 2-2 საუკეთესო გუნდი მედალოსნებს გამოავლენს, დანარჩენები კი 5-9 ადგილებისთვის იბრძოლებენ.

საქართველოს ჭაბუკთ ნაკრებმა მამუკა მჟავანაძისა და ლევან გელაშვილის ხელმძღვანელობით უკვე გამართა პირველი ორდღიანის წვრთნა გლდანში. მონაწილეობდა 21 ხელბურთელი, მათგან მწვრთნელები ამოარჩევენ ათს და ეს გუნდი მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ჩემპიონატის პირველ ეტაპზე, „ჯინოს თასზე“, რომელიც 18-20 მაისს გაიმართება თბილისის ზღვაზე. ევროპის ჩემპიონატამდე დაგეგმილია ეროვნული პირველობის კიდევ ერთი ტურის გამართვა ყვარელში, სულ კი საქართველოს ჩემპიონი 4 ტურნირის შემდეგ გამოვლინდება. ბოლო ორი შეჯიბრება ზაფხულში გაიმართება ურეკსა და ბათუმში.

ქვიშის ხელბურთის ნაკრები (U 19)

მეკარეები: ზურაბ ცინცაძე (პეგასი), გიორგი ვათიაშვილი (გორი)

მოთამაშეები: გიგა კოხრეიძე, გიორგი დიხამინჯია, ალექსანდრე ცხვარაშვილი, ამირან აბჟანდაძე, გივი გიორგაძე, ვლადიმერ ბაძაღუა, ირაკლი ჩინჩალაძე (პეგასი), ვეფხია ზურაბიანი, ჯაბა ხაჟომია (სამტრედია), აკაკი მათნაძე (ქუთაისი), ტარიელ მჭედლიშვილი, საბა მურადაშვილი, თამაზ ტარუაშვილი (გორი), ირაკლი გოგოლაძე, თორნიკე მაისაშვილი (სტუ), გიორგი დოლმაზაშვილი (ყვარელი), დავით ყორიაული, გიგა ბაინაზიშვილი, გიორგი მიქავა (იმედი).

მთავარი მწვრთნელი მამუკა მჟავანაძე, მენეჯერი ლევან გელაშვილი

ცხრამეტწლამდელთა ნაკრებს ლიორეტ დელ მარის შემდეგ მეორე ტურნირიც ელის, უკვე კლასიკურ ხელბურთში. 29 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით გეტებორგში, შვედეთი, იმართება ცხრამეტწლამდელთა ევროპის ღია პირველობა, რომელიც არის დიდი სახელბურთი ფესტივალის, პარტილეს თასის შემადგენელი ნაწილი. მონაწილეობს 16 გუნდი და საქართველოს ნაკრები ჯგუფში ისლანდიასთან, პორტუგალიასთან და ფინეთთან ერთად მოხვდა. მეორე ეტაპზე ორი გუნდი გადის. ამ ასაკის ნაკრების მწვრთნელი ტიტე კალანდაძე გახლავთ.

Leave a Reply