05/04/15 ჩემპიონი მძიმე სიტუაციაშია

ქალთა ხელბურთის ჩემპიონთა ლიგის ბოლო ორი სეზონის გამარჯვებული კრახის პირასაა – უნგრეთის დიორი ეტომ მეოთხედფინალის პირველი თამაში სკოპიეში 18-24 წააგო ვარდართან.

დიორს მთელი სეზონი პრობლემები აქვს და სხვადასხვა მიზეზით (ორსულობა, ტრავმები) რამდენიმე ლიდერი გამოაკლდა. კლუბის ხელმძღვანელობამ უკვე გამოაცხადა რომ ახალი სეზონიდან შემადგენლობა მკვეთრად გაახალგაზრდავდება. სკოპიეში ვარდარი თავიდან ბოლომდე იგებდა. კრიტიკული მომენტი დადგა მაშინ, როცა ანგარიში 19-15 იყო და მასპინძელთა ფრანგმა მეკარემ, ამანდინ ლეინომ შვიდმეტრიანი და შემდეგ რიბაუნდიც აუღო ანა სენს, ხოლო ვარდარიდან ჯამში 16 გოლი გაიტანეს იოვანკა რადიჩევიჩმა (7), ანდრეა პენეზიჩმა (5) და ანდრეა ლეკიჩმა (4). დიორს 11 აპრილს ურთულესი ამოცანა ექნება გადასაჭრელი, არადა, ოთხთა ფინალი უნგრეთში, ლასლო პაპის არენაზეა დანიშნული.

შარშანდელმა ფინალისტმა, ბუდუჩნოსტმა ნახევარფინალში გასვლა თითქმის გაინაღდა ვიბორგთან სტუმრად მოგების შემდეგ – 28-22. 8 გოლი შეაგდო კატარინა ბულატოვიჩმა. სტუმრადვე მოიგო ნორვეგიის ლარვიკმა – გერმანიის ტიურინგერთან 29-26, ხოლო ნორა მორკმა თორმეტჯერ გაიტანა.

ყველაზე დაძაბული მატჩი რუმინეთში შედგა, სადაც ბაია მარემ 3000 მაყურებლის თვალწინ მძიმე თამაში შემოუბრუნა ვოლგოგრადის დინამოს. დუ ნაშიმენტუმ, ლობაჩმა და მარინმა ბოლო 49 წამში სამი გოლი გაიტანეს და რუმინულმა კლუბმა 25-23 მოიგო.

მომდევნო შაბათ-კვირას საპასუხო მატჩებია, ისევე როგორც პირველი მეოთხედფინალური თამაშები ვაჟთა ტურნირზე: ზაგრები-ბარსელონა, ვარდარი-კელცე, პსჟ-ვესპრემი, სეგედი-კილი.

ჩემპიონთა ლიგა 2014-15. ქალები

მეოთხედფინალის პირველი მატჩები 4-5 აპრილი.

ტიურინგერი (გერ) – ლარვიკი (ნორ) 26-29

ბაია მარე (რუმ) – დინამო ვოლგოგრადი (რუს) 25-23

ვარდარ სკოპიე (მკდ) – დიორი ეტო უნგ) 24-18

ვიბორგი (დან) – ბუდუჩნოსტი (მნტ) 22-28

საპასუხო მატჩები 11-12 აპრილს

 

Leave a Reply