03/12/13 უკრაინელი მწვრთნელი საქართველოს ნაკრების უკრაინულ ტურნეზე

უკრაინიდან დაბრუნდა საქართველოს გოგონათა ნაკრები. გუნდმა ითამაშა ქალაქ ბროვარის საერთაშორისო ტურნირზე და გამართა ორი ამხანაგური მატჩი. ბოლო თამაშში ქართველებმა დაამარცხეს ბროვარის ოლიმპიური რეზერვის სკოლის თანატოლები – 27:21.

გვესაუბრება ნაკრები მთავარი მწვრთნელი, უკრაინელი მაია კარბუნარი, რომელიც თავის დროზე საკმაოდ ცნობილი ხელბურთელი იყო თავის ქვეყანაში და სახელგანთქმულ კიევის სპარტაკში თამაშობდა.

მაია კარბუნარი: – ტურნეთი ძალიან კმაყოფილი ვარ. ეს იყო პირველი საერთაშორისო ტურნირი ჩვენი გუნდისთვის და უკრაინაში არ ელოდნენ რომ საქართველო საკმაოდ ძლიერი გუნდით ჩავიდოდა. ისეთ კომპონენტებში, როგორიცაა მონდომება, ბრძოლისუნარიანობა, აზარტი, მოტივაცია, ყველაფერი რიგზე იყო და ამ მხრივ ყველა გუნდს შორის გამოვირჩეოდით. კმაყოფილი ვარ ფიზიკური მომზადებითაც. მეტი უნდა ვიმუშაოთ ტექნიკაზე და სათამაშო აზროვნებაზე. ამ მხრივ მოსამატებელი გვაქვს.

მოვიგეთ ორი ამხანაგური მატჩი ჩვენს თანატოლებთან, ბროვარის ოლიმპიური სკოლის გუნდთან. ეს ფაქტიურად უკრაინის ნაკრებია, სადაც შეკრებილნი არიან გოგონები თითქმის მთელი ქვეყნიდან – ისინი მთელი წლის განმავლობაში ერთად ვარჯიშობენ და ერთად სწავლობენ. ასეთივე პრინციპითაა შედგენილი ბელარუსის ნაკრები, რომელიც სპეციალური პროგრამით ემზადება თბილისის 2015 წლის ოლიმპიური ფესტივალისთვის.

ბელარუსთან მხოლოდ საკუთარი შეცდომების გამო წავაგეთ. ნორმალურად ვითამაშეთ პირველი ტაიმი, ვაგებდით ცოტათი, მაგრამ მეორე ტაიმში დავუშვით უამრავი ელემენტარული შეცდომა, ძირითადად, ბურთის გადაცემაში. ამას ორი მიზეზი აქ – ჯერ ერთი, უცხოეთში უფრო მეტ ხელის წებოს ხმარობენ, რაც ბურთის დაჭერას აადვილებს, მაგრამ პასის მიცემა უფრო ძნელია და მეორე, როგორც გითხარით, ჩვენი ხელბურთელების საბაზისო ტექნიკა გამოსასწორებელი და გასაუმჯობესებელია. ეს ეხება პასს, კარში ტყორცნას, მეკარისა თუ გარემარბების სპეციფიურ თამაშს.

ზაპოროჟიეს გუნდი შეჯიბრებაში ბოლო მომენტში, აზერბაიჯანელების ნაცვლად ჩაება, რის გამოც მათ 1996 და 1997 წლებში დაბადებული რამდენიმე მოთამაშე ჰყავდათ. უკრაინის ნაკრები იგივე ბროვარის გუნდი იყო, 1997 წელს დაბადებული რამდენიმე გოგონათი გაძლიერებული. ისინი ჩვენზე ბევრად მაღლები იყვნენ, თუმცა, სიმაღლეში ბელარუსის, ჩვენი თანატოლების ნაკრებიც გვჯობდა.

ჩვენი გუნდით, როგორც გითხარით, კმაყოფილი ვარ. გუნდის ლიდერი იყო თათია გადელია. ძალიან აზარტული და მებრძოლი გოგოა მაია ბერიძე. თუ ტყორცნის ტექნიკას გააუმჯობესებს, კარგი ინსაიდი დადგება ნინო გაბისონია, ისევე როგორც სოფი ნარიმანიძე, რომელსაც თავდაჯერება აკლია და დაცვაშიც მოისუსტებს. ქეთევან ვენეცკი, პირიქით, დაცვაშია ძლიერი, კმაყოფილი ვარ ხაზის ორივე მოთამაშით, ჩოხელითა და ჯაღათაშვილით, არაუშავდა გარემარბ ღვალაძეს, ბევრჯერ გადაგვარჩინა მეკარე ჯავახიამ, რომელსაც ასევე აქვს ტექნიკა გასაუმჯობესებელი. შემიძლია ყველა ჩამოვთვალო და ყველას მიმართ ვთქვა, რომ, თამაშის მომატების დიდი პოტენციალი აქვს. აუცილებლად დავიმატებთ რამდენიმე გოგონას ყვარლის გუნდიდანაც, რითაც კონკურენცია გაიზრდება. ჯამში, 2015 წლის ოლიმპიურ ფესტივალამდე თითქმის ორი წელი გვაქვს და იმ დროისთვის უკვე ძლიერი გუნდი უნდა გვყავდეს.

საქართველო (15წ) – ბროვარი (15წ) 27:21

საქართველო: ქრისტინე ჯავახია (ფოთი), თინათინ ყაველაშვილი (პეგასი) – თათია გადელია (ფოთი) 5, თეონა ჯაღათაშვილი (მამული) 5, ანა ყველაშვილი (მამული) 4, ქრისტინე ღვალაძე (მამული) 3, მედეა ჩოხელი (პეგასი) 2, თამარ გიორგაძე (მამული) 2, ნინო გაბისონია (მამული) 2, სოფი ნარიმანიძე (მამული) 2, ნინო სიხარულიძე (ფოთი) 2, მაია ბერიძე (პეგასი), თამარ ჩოგოვაძე (პეგასი), ქეთი ვენეცკი (პეგასი) – მთ. მწვრთნელი მაია კარბუნარი, მწვრთნელი ელისო ჟურულიშვილი

დანარჩენი მატჩები უკრაინაში: ბროვარი (15წ) 29:23, ბელარუსი (15წ) 19:27, ზაპოროჟიე (17წ) 15:26, უკრაინა (16წ) 18:25


Leave a Reply