ხორვატია, რუმინეთი, უკრაინა, საქართველო…
საქართველოს ხელბურთელ ქალთა ახალგაზრდული ნაკრები ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირს ხორვატიის, რუმინეთისა უკრაინის ნაკრებების წინააღმდეგ ჩაატარებს 2018 წლის 23-25 მარტს. მასპინძლობის უფლება უკრაინას ერგო, ჯგუფიდან 2 გუნდი გადის ფინალურ ტურნირზე, რომელიც 2018 წლის 1-15 ივლისს გაიმართება უნგრეთში.
წილისყრა 21 ნოემბერს გაიმართა ვენაში, ავსტრია, ევროპის ხელბურთის ფედერაციის ოფისში. სრული შედეგები ასეთია.
ხელბურთი. 20წ მსოფლიო ჩემპიონატი 2018. 1-15 ივლისი, უნგრეთი
ევროპის საკვალიფიკაციო ტურნირები, 23-25 მარტი (9 საგზური).
1 ჯგუფი: (ავსტრიაში) პორტუგალია, ესპანეთი, ავსტრია, ბულგარეთი
2 ჯგუფი: (უკრაინაში) ხორვატია, რუმინეთი, უკრაინა, საქართველო
3 ჯგუფი: (პოლონეთში) ჰოლანდია, შვედეთი, პოლონეთი, ჩეხეთი
4 ჯგუფი: (ისლანდიაში) მაკედონია, გერმანია, ისლანდია, ლიტვა
5 ჯგუფი: (სერბეთში) ნორვეგია, სერბეთი, სლოვაკეთი, კოსოვო
6 ჯგუფი: (ფარერის კუნძულებზე) სლოვენია, თურქეთი, ფარერები
7 ჯგუფი: (შვეიცარიაში) მონტენეგრო, შვეიცარია, საბერძნეთი
1-2 ჯგუფებდან ფინალში გადის 2 გუნდი, 3-7 ჯგუფებიდან – თითო
(უკვე კვალიფიცირებულები არიან უნგრეთი, საფრანგეთი, რუსეთი, დანია)
მსოფლიო ჩემპიონატზე პირდაპირ დაუშვეს 4 გუნდი: მასპინძელი უნგრეთი, 19-წლამდელთა 2017 წლის ევროპის ჩემპიონი საფრანგეთი, მეორე პრიზიორი რუსეთი და მესამე პრიზიორი დანია. დანარჩენი 26 ქვეყანა კვალიფიკაციაში ჩაერთვება. ჩვენს ჯგუფში მასპნძლობის პრიორიტეტი უკრაინის ფედერაციას ერგო, მათი უარის შემთხვევაში – რუმინეთს და შემდეგ – საქართველოს.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ამ თაობისთვის ეს ბოლო ასაკობრივი ტურნირია. 1998-99 წლებში დაბადებულმა გოგონებმა ოფიციალურ ასაკობრივ ჩემპიონატებში ასპარეზობა 2015 წელს დაიწყეს და მას შემდეგ ერთი შეჯიბრებაც არ გამოუტოვებიათ. ამ შეჯიბრების შემდეგ, 2018 წლის შემოდგომაზე, ეს გუნდი, უკვე ეროვნული ნაკრების სტატუსით, მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ჩაებმება.
რაც შეეხება მომავალ მეტოქეებს, ამ თაობის ნაკრებს ხორვატ და უკრაინელ თანატოლებთან არ უთამაშია, რუმინეთთან კი 24-32 დამარცხდა თბილისში, 2015 წელს, ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიურ ფესტივალზე.