ჭანტურიას მერვედფინალი და ორჯონიკიძის 32 გოლი
ქართველი ხელბურთელები აგრძელებენ სეზონს ევროპულ კლუბებში. ნახევარი სეზონის დასრულებამდე ორიოდ ტური დარჩა, რის შემდეგაც დაიწყება სანაკრებო მონაკვეთი. საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 4 და 7 იანვარს ორი მატჩი აქვს ლუქსემბურგთან. ამ თამაშებში ნაკრებს უნდა დაუბრუნდეს ვლადიმერ რუსია, რომელიც ტრავმის შემდეგ უკლუბოდაა, მაგრამ ვარჯიში დაიწყო.
ერთადერთი ქართველი ხელბურთელი, რომელიც ამ სეზონში ევროტურნირებს შემორჩა, არის რევაზ ჭანტურია. მისმა მაკედონიურმა კლუბმა, პელისტერ ბიტოლამ ერთ წრე უკვე გაიარა ჩელენჯ კაპზე. ქალაქ ბიტოლას კლუბი შინ დამარცხდა ბოსნიის ვოგოშჩასთან, 21-23, მაგრამ სტუმრად სასურველი სხვაობით მოიიგო, 28-25 და მერვედფინალში ლისაბონის სპორტინგს შეხვდება. ჭანტურიამ ორივე ამ მატჩში 3-3 გოლი გაიტანა.
მაკედონიის ჩემპიონატის რეგულარულ ტურნირში პელისტერი 28 ქულით პირველ ადგილს იყოფს ოჰრიდთან, თუმცა, თამაში მარაგში აქვს. წინა სანაკრებო პაუზს შემდეგ ჭანტურიას კლუბმა ოთხივე თამაში მოიგო, მათ შორის – თეიმურაზ ორჯონიკიძის კლუბ პრილეპთანაც 35-30 (ჭანტურიამ 4 გოლი გაიტანა, ორჯონიკიძემ – 3), ხოლო ქართველი მარჯვენა გარემარბი საუკეთესო იყო რადოვიშთან თამაშში, 11 გოლით (28-22).
პრილეპს 13 მატჩიდან (6 მოგება, 2 ფრე, 5წაგება) 20 ქულა აქვს, მეხუთე ადგილზეა და ფინალურ ეტაპზე გამსვლელი მეოთხე ადგილისთვის იბრძვის, ქართველი უკანახაზელი კი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. ორჯონიკიძეს პირველ 5 თამაშში 35 გოლი ჰქონდა გატანილი, სანაკრებო პაუზის შემდეგ კი 5 მატჩში 32 შეაგდო, მათ შორის 8 მეტალურგთან, 7-7 ვარდართან, რაბოტნიკთან და პროლეტთან, მისმა კლუბმა კი ბოლო 5 თამაშიდან 1 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა.
რუმინეთში, ნოემბერ-დეკემბერში ცუდი სერია აქვთ ირაკლი ჩიქოვანისა და შოთა თევზაძის კლუბებს. დუნარეა კელერაშიმ და რეშიცამ ბოლო 4 ტურში სამ-სამი წააგეს და თითო ითამაშეს ფრედ. შესაბამისად, ეროვნული ნაკრების მეკარის, შოთა თევზაძის რეშიცას 14 მატჩიდან 8 ქულა აქვს და მე-12 ადგილზეა, ირაკლი ჩიქოვანის კელერაში მეცხრეა 13 ქულით და პლეიოფში გამსვლელ მერვე ადგილზე მყოფ ტიმიშოარას 6 ქულით ჩამორჩება. ჩიქოვანი 10 ტურის შემდეგ 60 გოლით რუმინეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი იყო, ბოლო 4 მატჩში კი 15-ჯერ გაიტანა და ათეულში შედის.
თურქეთის სუპერლიგის კლუბ ზაგნოსსფორში გადავიდა ბათუმის შავი ზღვის ბიჭების პივოტი, უჩა მაისურაძე. მისი ახალი კლუბი ჯერჯერობით ბოლოსწინა ადგილზეა.